ქალები ძველ აღთქმაში Part I

  მას შემდეგ რაც ადამმა ქალი აღიარა მის თანასწორად „ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცია ჩემი ხორცთაგანი“ (დაბ. 2: 23) ადამს გაუჩნდა მისი შემწე და შესაფერი.  პირველად ქალმა დაარღვია უფლის ბრძანება და გასინჯა კეთილისა და ბოროტის შემცნობელი ნაყოფი.

სწორედ ევას საქციელში ბევრი იმ თვისების დანახვა შეიძლება, რომელსაც ქალებს მიაწერედნენ და ახლაც მიაწერენ ხოლმე. კერძოდ გველთან საუბრისას, მან ღმერთის სიტყვები გააბუქა და ზედმეტი აკრძალვა  “არ შეეხოთ”  დაამატა

“გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. ” (დაბ.3:3) თუმცა უფალს ადამისათვის მსგავსი რამ არ უთქვამს:

„გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.

მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.” ( დაბ. 2:16-17)

შემდეგ გამოყოფენ სხვა ხასიათსაც, კერძოდ თვალის მიერ ცდუნებას

“როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა.” (დაბ. 3:6)

სწორედ ქალი აღმოჩნდა ის გზა, რომლითაც გველის შხამი მივიდა კაცამდის „მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.“ (დაბ. 3:6)

დაბადების 3 თავის 13 მუხლში ვკითხულობთ ერთადერთ პასუხს, რაც ევამ უფალს გასცა, როდესაც უფალი ეკითხება რატომ ჩაიდინე ეს საქციელიო, ევა პასუხობს:

“გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე. ”

ეს პასუხიც ქალურია, მოკლე, დარცხვენილი, იგი ადამივით პირდაპირ არ ეუბნება უფალს “შენ რომ დედაკაცი მომიყვანე” , მაგრამ არც სინანულს ამჟღავნებს. მისი სასჯელი მტკივნეული შობაა. მას ეწოდება „დედაკაცის თესლი“ დაცემის შემდეგ შეიძენს სახელს “ევა,” რაც სიცოცხლეც ნიშნავს, სწორედ მისგან უნდა გავრცელებულიყო სიცოცხლე “უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.”(დაბ.3:20)

ევას შემდეგი გამოჩენა არის შვილთა შობა, კაენის, აბელის და შეთის. არაა მოხსნებული ქალთა შობა, თუმცა  როგორც კი ირღვევა უფლის მიერ დაწესებული მონოგამია, ანუ ერთცოლიანობა, მაშინვე მოიხსენება მათი სახელებიც:

“მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს – ცილა.” (დაბ. 4:19

და პირველად ჩნდება დიალოგი ქმარსა და ცოლს შორის:

უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი … ” (დაბ. 4:23)

სამწუხაროდ შემდეგი ხსენება ქალებისა, ისევ ცუდ მოვლენას უკავშირდება, როცა შეთის შთამომავლობა ქალების გარეგნული სილამაზის გამო აერევა კაენის ტომს და საბოლოოდ წარღვანმდე მიდის მსოფლიო

“დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. “(დაბ. 6:2)

შემდეგ ქალების სახელები დიდხანს არ მოიხსენება, მეტიც როდესაც მოსე (ხუთწიგნეულის ავტორი) შთამომავლობას ჩამოთვლის პირდაპირ კაცზე ამბობს “შვაო!”

“ქუშმა შვა ნებროთი…” აქ შეიძლება ვივარაუდოთ თუ რაოდენ დაბალი სოციალური სტატუსი გააჩნდათ იმ დროის ქალებს, რადგან მათ მშობლათაც არ იხსენიებენ და მამაკაცს მიაწერენ იმ თვისებასაც, შობასაც კი, რომელიც ქალის ბუნებას განეკუთნება და მას ღმერთმა უბოძა.

ასე მივდივართ დაბადების მე-11 თავამდე, სადაც მსგავსადაა დაწერილი:

” თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; ჰარანმა შვა ლოტი… “

 

ევას შემდეგ, „დაბადებაში“ მკითხველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს სარა.

სარა, თავისი სილამაზის წყალობით საფარველად გაუხდება ქმარს-აბრამს.  

„როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.

დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.

თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.“ (დაბ. 12: 11-13)

ბიბლიის ამ ნაწილში ზოგი ქალთა უაღრესად უუფლებო მდგომარეობს ხედავს, ქალი იმდენად უსუსური და არასაჭირო არსებაა, რომ მას ქმარი სხვა კაცისთვის იმეტებს, ოღონდ კი თვითონ გადარჩეს, ქალი კი ქმრის ამ გადაწყვეტილებას ვერ ეწინააღმდეგება.

მე სხვაგვარად ვფიქრობ, ჩემი აზრით აქ საქმე ეხება მესიანისტურ აზროვნებას, რომელიც ძველი აღთქმის ქალებისთვისაც იმდენად იყო მნიშვნელოვანი, რამდენადაც მამაკაცებისთვის. აბრამის გადარჩენა არ ნიშნავს ერთი სიცოცხლის გადარჩენას.

 ყველაფერს სჩადიან დიდი პატრიარქები, ჩვენთვის მიუღებელსაც მიმართავენ, დაწყებული ხარჭებთან დაქორწინებით, რძლებთან დაწოლით, ხოცვით და ჟღლეტით, ცოლის დად გამოცხადებით და ა.შ. ოღონდ მესიანისტური სისხლი უნდა გადარჩეს, აღთქმა უფლისა უნდა შესრულდეს, რაგდან “კურთხეული იქნება … მიწიერთა მთელი მოდგმა. “

სხვანაირად ვერ გავიგებთ ბევრ რამეს, სხვანაირად ვერ გავუგებთ სარას, რომელიც აბრამის უცნაურ წინადადებას უსიტყვოდ დაეთანხმა. არსად არ წერია როგორ იტანჯებოდა სარა ფარაონის ხარჭათა შორის ყოფნით, მაგრამ აშკარაა რომ იგი ისევე ლოცულობდა თავისუფლებისათვის, როგორც მოგვიანებით მისგან წარმოშობილ ერს გამოიყვანს მოსე ისევ ეგვიპტიდან.

ასე ავდივართ მეთექვსმეტე თავამდე, იქ საერთოდ უცნაური ამბავი ხდებე, ცოლს თავად მოყავს ხარჭა ქმრისათვის. შესანიშნავად იცის სარამ შვილი რომ არ ჰყავს, ეს უფლით არის და ისიც იცის რომ აბრამისგან უნდა გამრავლდეს რჩეული ერი, ჰოდა ზრუნავს, “ვინძლო შვილიერი შეიქმნე მისგანო” კი არა ეუბნება “შევიქმნეო” ანუ მე გავხდე დედა მისითო.

აგრესიულ  ფემინისტებს ბიბლიის ეს ნაწილიც დისკრიმინაციული მიაჩნიათ ქალთა მიმართ. მათი აზრით, ირღვევა ხარჭის უფლება ბავშვზე. ამ შემთხვევაში ფემინისტთა ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. მრავალი ათასი წლის წინ არსებული ხარჭის ინსტიტუტი დღევანდელ სუროგატ დედას მოგაგონებთ, მიუხედავად იმისა, რომ ქალი შობს, ბავშვზე ყველა უფლება იმ ცოლ-ქმარს აქვს, რომელთა ნებითაც სუროგატი დედის დაქირავება მოხდა. ფემინისტები კი სუროგატი დედობის დაკანონების მომხრენი არიან, რადგან ეს ქალის უფლებად და პრივილეგიათაც კი მიაჩნიათ.

 სამი წელი გავიდა სარას გარდაცვალებიდან თუმცა მისი ვაჟი კვლავაც დასტიროდა დედას. საჭირო იყო ოჯახში რძლის შემოყვანა და ისააკმაც ცოლი მოიყვანა-რებეკა. სარრა და რებეკა, დედამთილი და რძალი, მათ ერთმანეთი არასოდეს უნახავთ, მაგრამ მათი სიცოცხლე ძალიან გავდა ერთმანეთისას.

 რძალი, როგორც დედამთლი გახდა ღირსი ღმერთთან პირისპირი ლაპარაკისა, სარამ სამი სტუმრის სახით გამოცხადებულ ღმერთს ესაუბრა და მისგან შეიტყო რომ შვილი ეყოლება და შეიტყო მისი შვილის მომავალი (გამრავლება, გაძლიერება), იგივე მოხდა რებეკასთანაც.  ღვთის წყალობით დაორსულებულ რებეკას მუცელში უცნაური რაღაც ხდება, მსგავსს რამეს ბიბლიას არც აქამდის და არც ამის შემდეგ არ ახსენებს, ორი ტყუპი ერთმანეთს “ებრძვის” და ეს არაა ჩვეულებრივი ფეხუკუნების ტყაპუნი მუცელში J  არამედ რაღაც სხვა და უცნაური, ეს არ მოსწონს რებეკას და ბიბლია წერს:

 

„ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად.

უთხრა უფალმა: ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან; ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემორჩილება.

 მოაწია მშობიარობის ჟამმა და, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში“ (დაბ. 25:22-24)

 

ასე დადიოდნენ უფალთან ძველი აღთქმის ქალები შესაკითხად, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. ქალები, რომლებიც ღირსნი ხდებოდნენ უფალს ჰქონოდა მათთან დიალოგური კავშირი, დაფასებულნი უნდა ყოფილიყვნენ ძველი აღთქმის, კერძოდ „დაბადების“ დროინდელ საზოგადოებაში.

 შვა რებეკამ ორი ძე, ჯერ ესავი და შემდგომ იაკობი (დაბ. 25:25-26) ვაჟების აღზრდისას ვლინდება რებეკას მტკიცე ხასიათი. რებეკა ახდენს რევოლუციურ გადატრიალებს საზოგადოების ცნობიერებაში, ის უმცროსს აქეზებს გახდეს უფროსი. 

როგორც კი დაინახა რებეკამ ხასიათის სისუსტე მის პირველ ძე, ესავში, მისი განსაკუთრებული სიყვარული იაკობისადმი გადაიზარდა მტკიცე გადაწყვეტილებაში, რომ იგი უნდა გახდეს პირველი და მიიღოს მთავარი კურთხევა ისააკისაგან, ეს მოხდება “გამოტყუებით”, იმიტომ რომ მართლაც იაკობი იყო რჩეული, ის ბაჯგვლიანი, უხეში, მონადირე და პირმშოების ცერცვზე გამყიდველი ესავი ვერ გახდებოდა უფლის ხალხის შთამომავალი, იგრძნო ეს რებეკამ, საკუთარ ქმარსაც შეეწინააღმდეგა მისი საქციელით ( ეს პირველად ხდება საერთოდ) და დაავალა იაკობს მამის გაცურება, რომელიც გაოცდა კიდეც:

 

„ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის (მამის) თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.

უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე“ (დაბ: 27:12-13)

არანაირი წყევლა რებეკაზე არ მოსულა, რადგან მან აღასრულა ღვთის ნება; გაისმა ხმა კურთხევისა “წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!” ესავის გასაგები გაბრაზების გამო, იაკობს დედა გაქცევას ურჩევს და ისევ შემოდის მტკიცე და დროული გადაწყვეტილებით რებეკა:

 

„ემცნო რებეკას ესავის, თავისი უფროსი შვილის ნათქვამი; მოაყვანინა იაკობი, თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი.

ახლა მომისმინე, შვილო. ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში.

ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი არ გაუვლის შენს ძმას.

სანამ არ გაუვლის შენი მტრობა და დაავიწყდება, რაც უყავი, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან. რატომ დაგკარგოთ ორთავენი ერთ დღეს?“ (დაბ: 27:42-45)

 

და ქმარსაც ითანხმებს რომ გაუშვას იაკობი, აქ ცოტა არ იყოს ეშმაკობითაც, რებეკა ქმარს ატყუებს, კი არ ეტყვის მის ძმას განვარიდოთო, კამათი რომ არ გამოიწვიოს, არამედ ვითომ ცოლის მოყვანის გამო უშვებს:

„უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა; თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი?“ (დაბ: 27-46)

და გააშვებინებს იაკობს, რომ მისი ტომიდან აირჩიოს საცოლე

 

რებეკაში ჩანს რომ მაშინდელი ქალები დამოუკიდებლად მოაზროვნენი იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში ქმრისგან უკითხავად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ვაჟიც დედას უფრო ენდობა ვიდრე მამას, რაც პატრიარქალური საზოგადოებისთვის წარმოუდგენელი და დაუშვებელი რამ არის.

 

ჩვენი შემდეი გმირია რახელი, მან მოახერხა  მძიმე, პატრიარქალურ, მკაცრ ძველ აღთქმაში  პირველად ( და მგონი უკანასკნელიც) სიყვარულის გამო მამაკაცი აეტირებინა. (აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა-დაბ: 29:11) კაცის ტირილი ქალის გამო მიუთითებს, ქალთა დაფასებას მამაკაცის მიერ, უფრო მეტიც, ქალი შეიძლება ყოფილიყო ცხოვრების აზრი. სხვა ახსნა არ მოეძებნება იმას, რომ იაკობი 14 წელს იმუშავებს სიმამართან, რათა რახელი დაიმსახუროს, „შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის“ (დაბ. 29:18)

თხრობაში შემოდის რახელის და ლეა, ირღვევა მონოგამია, იაკობს ცოლად ორივე და მოჰყავს. იაკობი უფრორე მისი პირველი სიყვარულისაკენ გადაიხრება-რაქელისაკენ, ხოლო ლია დაიჩაგრება, უფალი დაჩაგრულს გამოექომაგება (იაკობის საპირისპიროდ) და ლია ზედიზედ 4 ვაჟს უშვებს და რაქელი ბერწი იქნება და მეტიც, სწორედ მეოთხე ვაჟი ლიასი – იუდა არის უფლის ტომის წინაპარი. ამ ეპიზოდიდან ჩანს, რომ ძველი აღთქმის უფლისთვისაც არ არის განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის და დამსახურებულად მიუზღვავს ერთსაც და მეორესაც.

 

ამ რამდენიმე ქალზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიბლიაში თუ ქალი არის ნახსენები აუცილებლად მნიშვნელოვანია და აუცილებლად საინტერესო.

 

 

 

 

Advertisements

4 responses to this post.

  1. მართლაც საინტერესო და ინფორმაციული პოსტი იყო..ბევრ რამეს სხვა თვალიტ შევხედე..მადლობა ამისთვის 🙂

    პასუხი

  2. ნამდვილად საინტერესო იყო: )

    პასუხი

  3. erti ram shemidzlia vtqva,samotxeshi adami roca xels awmindavs evas man machama! es ukve gansazgvruli iyo da asec unda yopiliyo radgan ufalma isini ki ar gayara samotxidan aramed ga n a dze va rac etimologiurad ga n savrcobad gashvebas nishnavs)))
    adam da evas modgma mokdavobit daisaja da dgemde cdilobs kvlav mopipovos ukvdaveba.
    p.s saintereso postia.

    პასუხი

  4. ქალები ძველ აღთქმაში ნამდვილად საინტერესო თემაა…

    მე ლეა უფრო მომწონს რატომღაც, ვიდრე რაქელი… ჰმ, რაქელს.. არ მომწონს რა.. რაღაც ფუქსავატი ქალის შთაბეჭდილებას მიტოვებს.
    ისე, ბედი გინდა ადამიანს, არ ეღირსათ იაკობს და რაქელს ერთმანეთის გვერდიგვერდ დაკრძალვა 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: