Archive for the ‘გერმანია’ Category

რამ შეცვალა მერკელი

“მე არ მაქვს თავგადასავლების ფუფუნება, ამას ჩემი თანამდებობა მიკრძალავს”– ასე ახასიათებდა მერკელი მის მოღვაწეობას, ასე იცნობდა მას დანარჩენი მსოფლიოც. რისკის მოძულე მერკელი საბერძნეთის კრიზისის დროს აუღელვებლად საუბრობდა რომ ის ექსპერიმენტს არ დაუშვებდა და მრავალჯერ გატკეპნილ გზას გაყვებოდა. მაშინ, საზღვარგარეთ, მერკელის პლაკატებს ჰიტლერის ულვაშებს ახატავდნენ.

დღეს კი შესაძლებელია ეს ულვაში ანგელოზის გვირგვინმა შეცვალოს. მსოფლიოს წინაშე ახალი მერკელია. ქალი, რომელსაც ყოველი ნაბიჯი გათვლილი ჰქონდა, დღეს ევროპას ყველაზე დიდ თავგადასავალს ჰპირდება, თავგადასავალს რომლის შედეგები მისთვისაც უცნობია. მისი გადაწყვეტილება ევროპის კარი გაუღოს ასიათასობით ლტოლვილს არის სწორი. მერე რა რომ მერკელს ამ მამაც ნაბიჯამდე დიდი დრო დასჭირდა, მერე რა რომ მერკელამდე ლტოლვილებს სხვა გერმანელები გულითადად ესალმებოდნენ, მერე რა რომ მერკელმა რამდენჯერმე მდარე გამოცემების გული მოიგო.

მერკელის გადაწყვეტილება სარისკოა. მერკელმა ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს რათა ევროპის ერთიანობა, ათეულობით წლის წინ შეპირებული სამოთხე სახელად “ევროპა საზღვრების გარეშე” კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და ამავე დროს მემარჯვენე ექსტრემისტები კიდევ უფრო არ გაძლიერდნენ.

merkel

Foto: AFP

გერმანიის მთავრობისგან ხშირად გვესმის რომ ლტოლვილების მიღება მორალური საქციელია, უფრო მეტიც, ლტოლვილები გერმანიის სამუშაო ბაზარს სჭირდება. ეს სწორია, მაგრამ მხოლოდ ნაწილია სიმართლისა. არავინ საუბრობს თუ რა ძალისხმევა სჭირდება ასიათასობით ლტოლვილის ინტეგრაციას, თუ ვინმემ ამაზე საუბარი გაბედა, მაშინვე ქსენოფობად ინათლება. ხომ არ იქცევა ახალი მერკელი ცისფერთვალება ჰურა–ალტრუისტად?

მსოფლიო გაუცებული შეჰყურებს გერმანიას. გერმანია უკვე აღარ არის მხოლოდ ევროპის ძრავა და მუდმივად მზარდი ეკონომიკა, დისციპლინირებული მოსახლეობით. გერმანია მსოფლიოში მორალის ექსპორტს იწყებს!  გერმანიის გაწვდილმა ხელმა, ბევრი მისი პარტნიორი შეარცხვინა. ცივი ქვეყანა, რომელიც მხოლოდ რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებდა, მოულოდნელად გულის ხმას აყვა. შეიძლება ჩაითვალოს რომ გერმანიამ გონება დაკარგა.

აქამდე მეერკელის გადაწყვეტილებებში გულისა და გრძნობების გავლენა ნაკლებად იგრძნობოდა. კარგი იქნება თუ ის არამხოლოდ გულს, არამედ გონებასაც მოუსმენს. ამ შემთხვევაში მერკელის პირველი თავგადასავალი წარმატებით დასრულდება.

Advertisements

გერმანელი მწვანეები –მე სხვანაირად ვხედავთ, შენ?

შუა დღით, იმ დროს როდესაც გერმანელი მოსწავლეები უკვე სახლში არიან და მშობლები სამსახურში, ტელევიზორი ჩავრთე. ორი მომხიბვლელი ქალბატონი ერთმანეთს ნაზად ეხუტებოდა და ამბობდა, “ჩვენ თანასწორი ოჯახების მომხრენი ვართ, შენ? ხმა მიეცი მწვანეებს!” გერმანიაში 22 სექტემბერს დანიშნული ბუნდესტაგის არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში შედის.

მე სხვაგვარად ვხედავ, შენ?

მე სხვაგვარად ვხედავ, შენ?

გერმანელი მწვანეები საარჩევნო კამპანიაში მემარჯვენე ექსტრემიზმთან ბრძოლის სახელით ჩაერთნენ. მათ საარჩევნო პროგრამაში ყველაზე ხშირად სიტყვა “თანასწორობას” ამოიკითხავთ:. “თანასწორუფლებიანი ოჯახები,” “თანასწორუფლებიანი სამუშაო პირობები, როგორც გერმანელს ასევე ემიგრანტს,” (აქვე მოტანილია მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ თურქული წარმოშობის ადამიანთა დევნის ფაქტები) “თანასწორობა ევროპის შიგნით.”

თუ მისი კონკურენტი პარტიები არსებულის შენარჩუნებაზე ამახვილებენ ყურადღებას (მაგალითად, თავისუფალი დემოკრატების ლოზუნგია:”–გერმანია არის და დარჩება ძლიერი”) მწვანეები ამომრჩეველს არსებულის შეცვლას სთავაზობენ. მათი საარჩევნო ლოზუნგები მებრძოლი ხასიათისაა და ყველა მათგანი იმპერატიული ტონით იწყება: მე მსურს…, მე მინდა…, მე მოვითხოვ…მე ვხედავ… მე უარს ვამბობ და ა.შ.

მე ვამბობ, გამარჯობა ბაგა–ბაღს, შენ?

მე ვამბობ, გამარჯობა ბაგა–ბაღს, შენ?

მე–17 მოწვევის ბუნდესტაგი 620 დეპუტატისგან შედგება და ამჟამად მწვანეთა პარტიიდან 68 დეპუტატი არის წარმოდგენილი. მწვანეთა პარტიისა და ბადენ–ვიურტენბერგის ისტორიაში პირველად, მიწას მწვანე მინისტრ–პრეზიდენტი ჰყავს. 22 სექტემბრის არჩევნებში მწვანეებს, რომელთა სათავეში კემ ოიზდემირი და კლაუდია როტი დგანან, ბერლინის აღმოსავლეთ რაიონისა და შტუტგარდის მოგებას უწინასწარმეტყველებენ. ბოლო გამოკითხვით პარტიის რეიტინგი 14% არის და მესამე ადგილს იკავებს. მას რეიტინგებით თითქმის ორჯერ ჩამორჩება კიდევ ერთი მემარცხენე პარტია “die linke,” პირველ ადგილზე “Union” არის 39%–ით, მეორეზე კი სოციალ–დემოკრატები 26%–ით.

მონაკვეთი საარჩევნო პროგრამიდან: დავეხმარებით ოჯახს, მიუხედავად იმისა ჰეტერო წყვილია, ჰომო თუ მარტოხელა

მონაკვეთი საარჩევნო პროგრამიდან: დავეხმარებით ოჯახს, მიუხედავად იმისა ჰეტერო წყვილია, ჰომო თუ მარტოხელა

მწვანეები ეწინააღმდეგებიან ატომური ენერგიის გამოყენებასა და ქვეყნის 100%-ით ქარის, ზღვისა და მზის ენერგიაზე (არაამოწურვად რესურსებზე) გადაყვანას გეგმავენ.

მათი აზრით, ევროკავშირმა უკეთ უნდა იმუშავოს, საჭიროა მეტი კოორდინაცია, ერთი ქვეყნის პრობლემა, დანარჩენი 27 სახელმწიფოს პრობლემაც უნდა იყოს. რაც კარგია ლიტვისტის, საბერძნეთისთვის, ესპანეთსთვის, საფრანგეთისთვის, ის კარგია გერმანიისთვისაც და პირიქით.

პარტია თავის საარჩევნო პროგრამას შემდეგი სიტყვებით ამთავრებს:.”მწვანე ტრანსფორმაციის დროა, ახლავე შემოგვიერთდი თუ თვლი რომ ჩვენი საზოგადოება უნდა შეიცვალოს”