ახალი ჟურნალი უფლის ციხე

კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა საპატრიარქოს ახალი ჟურნალის “უფლის ციხის” პრეზენტაცია.

საპატრიარქოს ქოლგის ქვეშ სულ მცირე 50 ჟურნალ-გაზეთი გამოიცემა, თუმცა უმრავლესობა არ გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას,  საეკლესიო პრესის უდიდესი უმრავლესობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ავრცელებს მწვალებლურ, ანტიქრისტიანულ, ანტიეროვნულ იდეებს, ასევე სამყაროს, ადამიანისა და კულტურისადმი სიძულვილის პათოსით გაჟღენთილ პუბლიკაციებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაზეთ ,,ერი და ბერის“ ფურცლებიდან ანტიქრისტეს ვინაობა შევიტყეთ, აღარაფერს ვამბობ რუსული არმიის მხსნელად და ღვთის საჩუქრად გამომცხადებელ, ყველასთვის კარგად ნაცნობ პუბლიკაციაზე, რომელიც ჟურნალ “ქვაკუთხედში” დაიბეჭდა.

ასეთ ფონზე, ყოველთვის ვგავდი ჯამბაზს, როდესაც ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ჯგუფელებს თუ უბრალოდ ნაცნობებს მოვუწოდებდი სასულიერო ლიტერატურის კითხვისკენ. ვგავდი სიორენ კირკეგორის (დანიელი ფილოსოფოსი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი) ცნობილ არაკში გადმოცემულ ისტორიას ჯამბაზისა და ცეცხლმოკიდებული სოფლის შესახებ, რომელიც ჰარვეი კოქსმა გამოიყენა თავის წიგნში  “უღმრთო ქალაქი.” ისტორია კი ასეთია, მოხეტიალე ცირკში გაჩნდება ხანძარი, დირექტორმა მშველელთა დასაძახებლად მეზობელ სოფელში ჯამბაზი გაგზავნა. ჯამბაზი სოფელში მივიდა და მცხოვრებთ ცეცხლის ჩასაქრობად დახმარება სთხოვა, მაგრამ სოფლელებმა ჯამბაზის ეს მოწოდება მხოლოდ კარგ ოინად ჩათვალეს, რათა მას ცირკის წარმოდგენის სანახავად რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიეზიდა. ისინი ჯამბაზს ტაშს უკრავდნენ და სიცილით ცრემლი სდიოდათ, საწყალი ჯამბაზი კი უშედეგოდ ცდილობდა დაერმწუნებინა ადამიანები რომ ეს არ იყო წარმოდგენა. მის ვედრებაზე კი უფრო გულიანად ხარხარებდნენ. დახმარება დაგვიანდა და სოფელიცა და ცირკიც ერთად დაიწვა.

მეც არავინ მიჯერებდა, როდესაც ვამბობდი რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი არსით იყო შემწყნარებელი და მას შეეძლო ლიბერალური ენით ესაუბრა ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებთან. სტერეოტიპები, რომელსაც ადრე არსებული ჟურნალ-გაზეთები ამყარებდნე ხომ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, თითქოს და ყველა მართლმადიდებელი აგრესორი, პასპორტების  შიშით შეპყრობილი ადამიანი იყო, ისევე როგორც ყველა ჯამბაზი ხუმარა და მატყუარა.

ახალი ჟურალი “უფლის ციხე,” რომელიც, როგორც ხარისხობრივად ისე თვისობრივადაც წარმოადგენს ევოლუციის ახალ საფეხურს მსგავს გამოცემათა შორის, ნამდვილად შესძლებს ამ სტერეოტიპების დამსხვრევას თუ კი ის მკითხველამდე მივა. როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი წერს, ჟურნალი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის და მიზნად აქვს დასახული დახმარება გაუწიოს მკითხველს სულიერ, ეროვნულ, კულტურულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა უკეთ გაცნობიერებაში, რათა ადამიანი შედგეს როგორც პიროვნება და როგორც  მოქალაქე.

ჟურნალში გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიების კონტენტ-ანალიზს თუ მოვახდენთ, ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები იქნება: ლიბერალიზმი, ლიბერალური დემოკრატია და კანონიკური სამართალი. არაფერია ნახსენები ე.წ. 666-ზე, მხეცის ნიშანსა და აპოკალიფსიზე, რომელიც სხვა დანარჩენი ჟურნალების ფოკუსშია მოქცეული.

აქამდე სალანძღავ სიტყვად ქცეული ლიბერალიზმის შესახებ, ზურაბ აბაშიძის სტატიაში წერია, რომ “ის (ლიბერალური დემოკრატია) ქართველი ხალხის არჩევანია!”

ასევე არის საუბარი გარკვეულ კანონიკურ გაუგებრობაზე რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის, მაგალითად ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი. მოსკოვი თვლის, რომ ავტოკეფალიას ანიჭებს დედაეკლესია, კონსტანტინოპოლის აზრით კი ეს მისი პრეროგატივაა. აქამდე ეს საკითხები ქართველი მკითხველისთვის კარგად არ იყო ცნობილი და შეიძლება ამასაც დაბრალდეს მერვე მსოფლიო კრების მიმართ შიში, რადგან რეალურად მრევლმა არ იცის ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემები და ვერ ხედავს კრების აუცილებლობას.

ბოლოს, სარედაქციო საბჭოს ერთ პატარა რჩევას მივცემ, კარგი იქნება თუ იარსებებს ჟურნალის ინტერნეტ ვერსიაც, რათა ის ხელმისაწვდომი იქნეს ინტერნეტის, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის.

ინტერნეტ რესურსებში მისი არ არსებობის გამო "უფლის ციხის" ემბლემას ვერ მივაგენი 🙂

რელიგიური საკითხების გაშუქება თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ისწავლება საგანთა მთელი წყება, რომელიც პრაქტიკაში იშვიათად ან სულაც არასდროს არ გამოგადგება. ასეთ საგნებს მიეკუთვნება “ბავშვთა საკითხების გაშუქებაც,” პარალელურად იმავე ფაკულტეტზე ისწავლება “განვითარების ფსიქოლოგიაც,” სადაც ბავშვებთან მიდგომის სპეციფიკა დეტალურად არის განხილული.

იშვიათად თუ მოიძებნება ჟურნალისტის პრაქტიკაში რეპორტაჟი, რომელიც მან ბავშვთა პრობლემებს მიუძღვნა, დიდი-დიდი საბავშვო ბაღის გარემონტებაზე და ახალი სასწავლო წლის დაწყებაზე მოამზადოს მასალა.

კონკრეტული საკითხის გაშუქება უცხო არ არის თსუ-ში, ბავშვთა საკითხების პარალელურად გვხვდება კულტურის და ხელოვნების და სოციალური საკითხების გაშუქებაც. ამ საგნების მსგავსად უნდა ისწავლებოდეს რელიგიურ საკითხთა გაშუქებაც.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საზოგადოებაში ერთერთ ყველაზე ცხოველ ინტერესს რელიგიური მოვლენები იწვევს: ახალი კანონი რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით, პატრიარქის ვიზიტი სხვა ქვეყანაში, საკვირაო ქადაგება, რელიგიური დღესასწაულები და ა.შ. უამრავჯერ მინახვას ეკლესიაში დაბნეული სახით მოსიარულე ჟურნალისტი, რომელმაც არ იცის რომ ამბიონზე ასვლა არ შეიძლება, კვერექსის სათქმელად გამოსულ დიაკონს უკან არ უნდა გაეკიდოს ინტერვიუს ჩამოსართმევად, ყველა სასულიერო პირი მხოლოდ მამაოთი არ უნდა მოიხსენიოს, გვარი როდის უნდა ჩაწეროს ფრჩხილებში და როდის არა…

საქმე მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებს არ შეეხება, მესაზე მისულმა ჟურნალისტებმა არ იციან კათოლიკე მოძღვარს როგორ მიმართონ, რა სტატუსით მოიხსენიონ და ა.შ. რაც საბოლოოდ მათვე უქმნის უხერხულობასა და ბადებს არასასურველ დაძაბულობას.

უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება, როდესაც “რუსთავი2”-ის ჟურნალისტმა დიაკონი არქიმანდრირტად მოიხსენია, არადა ინტერვიუს მიცემისას მას გინგილა ეკეთა (დიაკვნის შესამოსელი) ეს იგივეა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში,შეერთებული შტატების საგარეო უწყების მეთაური უწოდო და სინდისმაც არ შეგაწუხოს.  7 იანვარს კი “ქრონიკამ” გვახარა რომ მთელი მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშავდა, არადა 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან შობას მხოლოდ 4 აღნიშნავს 7 იანვარს. ამას მარტივად მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ქვია, მერე რა რომ გაუაზრებლად.

საქართველოში არ არსებობს არც ერთი კომერციული, რელიგიური პორტალი, მაშინ როდესაც ჩვენს მეზობელ რუსეთს ამის დიდი გამოცდილება აქვს. სურვილი არის, თუმცა არ არის კადრები. კადრებზე და ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე კი უნივერსიტეტმაც უნდა იზრუნოს.

P.S. თუ იდეა მოგეწონათ იცოდეთ სასემინარო საათებს მე მაძლევთ! 😀

სიყვარული და რეპროდუქცია

სიყვარულსა და ომში ყველაფერი გამართლებულიაო- ალბათ, უამრავჯერ გვითქვამს ეს ფრაზა საკუთარი თავისთვის, როდესაც რჩეულის გულის მოსაგებად ათასგვარ ტყუილს, ხრიკსა თუ ოინს მივმართავდით.

სიყვარული არის მთავარი თემა უამრავი ფილმისა, სერიალისა, ხელოვნების ნიმუშისა და რომანისა. ამ უკანასკნელთა აურაცხელი რაოდენობა საუკუნიდან საუკუნამდე ყოველწლიურად პურეულივით მოჰყავთ ხოლმე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს ყვალაფერი სხვა არაფერია თუ არა ვნებათა მოკლე ან ვრცელი აღწერა. მათ შორის საუკეთესოებმა, მაგალითად „რომეო და ჯულიეტამ“ „ტრისტანი და იზოლდამ,“ გნებავთ „ვეფხისტყაოსანმა“ საუკუნო დიდება დაიმკვიდრეს.

შეუძლებელია სიყვარულის ჭკუით ახსნა, რადგან ჭკუას იქ არაფერი ესაქმება რაც უჭკუობით აღმოცენდა. სიყვარული ინსტინქტია, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას ადამიანის ცხოვრების სხვა მიზნებზე. ეს მიზანი მომდევნო თაობის შექმნაა. ყოველი წყვილის სასიყვარულო ისტორიები ზრუნვაა მომავალი თაობის შექმნისთვის. თაობისა, რომელიც თავის მხრივ აურაცხელ ახალ თაობათა სათავედ იქცევა.

სასიყვარულო თემატიკა და „თესლის გამრავლება“ უცხო არ არის არც ბიბლიისთვის. ყველაზე ძლიერი ალბათ დავითის ისტორიაა, არადა ეს ეწინააღმდეგება კანონიერ ცოლქმრობას. მეფეს ერთი ნახვით შეუყვარდა ჰურია ქეტელის ლამაზი ცოლი. ბრძენმა და კეთილმა მეფამ სიყვარულისგან ჭკუა დაკარგა და ყველაფერი იღონა, რათა ჰურია ქეტელი ბრძოლის ველზე მომკვდარიყო. ასე ჩაიგდო ხელში მისი დაქვრივებული ცოლი. ამას ერთადერთი, მესიანისტური გამართლება აქვს. მეფეს ინსტინქტმა უკარნახა, რომ სოლომონი, რომელიც იდეათა სამყაროში უკვე არსებობდა, შეუძლებელი იყო დაბადებულიყო სხვა ქალისგან, თუ არა ბერსაბიასაგან.

ინსტინქტი ილუზიით ინიღბება. წყვილს ჰგონია, რომ მხოლოდ მისი რჩეულის ხვევნა-კოცნაში იპოვის მეტ ტკბობას, ამიტომ მას ეჩვენება რომ საკუთარი თავისთვის ირჯება, სინამდვილეშე კი ის გვარეობის დემონს ემორჩილება და ქმნის ინდივიდს, რომელიც მხოლოდ ამ წყვილისგან გაჩნდება. ამის შემდეგ კი ყველაფერი სრულდება, ისევე როგორც ჩიტი წყვეტს ჭიკჭიკს კვერცხების დადების შემდეგ.

ადამიანის ცხოვრება ტანჯვა და წამებაა, ამიტომ მე ვადანაშაულებ ყველა შეყვარებულ წყვილს შეთქმულებაში! თქვენ შეთქმულები ბრძანდებით კაცობრიობის წინაშე! თქვენ წელავთ ქვეყნიერების დღეებს! საკამრიასია, შეწყვიტეთ! მაგრამ ვიცი არ გაჩერდებით, ისევე, როგორც აქამდე არ გაჩერდნენ თქვენი წინაპრები, მსგავსი გრძნობებით შეპყრობილები!

 

რა ესაქმება ათენს იერუსალიმთან

კატაკომბებიდან ამოსული ქრისტიანებისთვის ერთერთი მთავარი საზრუნავი გახდა, როგორ წარემართათ დისკურსი წარმართულ ფილოსოფიასთან და ამით ქრისტიანობა გაეხადათ კომუნიკაბელური. ეკლესიის მამები ცდილობდნენ ტერმინულად ჩამოაყალიბებინათ და ზედმიწევნით გამოეთქვათ ანუ მოძღვრებითად გადმოეცათ ქრისტიანობის, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფიის, ჭეშმარიტი ”ცოდნის”, ”მცოდნეობის” ანუ ”გნოზისის” არსი და განესაზღვრათ ქრისტიანის, როგორც ჭეშმარიტი ”გნოსტიკოსის” სახე.

ქრისტიანული სიბრძნის გამეცნიერების, ერთერთი  დაუღალავი მოშურნე იყო პანტენოს ფილოსოფოსის მოსწავლე, კლემენტი ალექსანდრიელი.

წმ. კლემენტი ალექსანდრიელი, ღიად აცხადებდა, რომ პლატონი და არისტოტელე უფლის მიერ იყვნენ გამოგზავნილნი, რათა კაცობრიობა შეემზადებინეთ სახარების უკეთ გასაგებად.

ეკლესიაში ანტიკური ფილოსოფიისა და ფილოსოფოსების ”გაქრისტიანების” პარალელურად ძლიერდებოდა ფიდეიზმი, იდეალისტური მოძღვრება, რომელიც რელიგიას, რწმენას ანიჭებს უპირატესობას და იქ ფილოსოფოსთა ადგილს ვერ ხედავს.

”ათენისა” და ”იერუსალიმის” დამცველ მამათა კამათისას, წარმოიშვა არიანელთა ერესი. საჭირო გახდა მსოფლიო კრების მოწვევა. 325 წლის, ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მამებმა დახმარებისთვის მიმართეს ფილოსოფიას,რათა არიოზის მომხრეებისთვის და მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის უკეთ აეხსნათ, რა არის სამება. გამომსვლელები მიეკუთვნებოდნენ ან ალექსანდრიის ან ანტიოქიის სკოლებს (ეს უკანასკნელი არისტოტელეს ფილოსოფიას იზიარებდა, ალექსანდრიაში კი პლატონისას)

325 წლის მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებები სავსე იყო ფილოსოფიური ტერმინებით, ისეთებით, როგორსაც სახარებაში საერთოდ ვერ იპოვიდით. ნიკეის კრებამდე წარმართულ ფილოსოფიასთან არსებობდა სამი მიდგომა 1) არ ვარგა 2) ლამაზია და იკითხეთ,მაგრამ სულის ცხონებაში ვერ დაგვეხმარება 3) ღვთის საჩუქარია,რათა გავიგოთ სახარება, კრების შემდეგ კი ფილოსოფიისადმი პირველ მიდგომას აზრი დაეკარგა. (მილანის ედიქტიდან სულ 17 წელია გასული)

XII საუკუნის დასასრულს, დაახლოებით 1200 წელს ყალიბდება ”ერთიანობა მოსწავლეთა და მასწავლებელთა”-უნივერსიტეტები, სადაც ქრისტიანებმა ფილოსოფია ჩამოაყალიბეს როგორც ცალკე დისციპლინა

თუმცა ცხადი იყო, რომ ბერძნული ფილოსოფია შეუცვლელი სახით ვერ დარჩებოდა, ის სამ ნაწილად გაიყო, დასავლეთის რომაულ-კათოლიკური, აღმოსავლეთის ბიზანტიური და სამხრეთის არაბული (არაბებს ამ დროისთვის ალექსანდრია დაპყრობილი ჰქონდათ.) ნეოპლატონიზმი დასავლეთს გადაეცა, პლატონი (რომელიც წმ. ავგუსტინემ ”გააქრისტიანა”) აღმოსავლეთს და არისტოტელე ( თომას აკვინელმა ”მონათლა” )არაბებს, თუმცა შუა საუკუნეების მიწურულს, სამივე ნაკადმა ჩრდილოეთ იტალიაში მოიყარა თავი, ამგვარად მივუახლოვდით რენესანს.

უშედეგო შედეგი

25–31 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს მიწვევით შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირველი ოფიცილური ვიზიტი უკრაინაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია ორი ეკლესიის მეთაურის პირისპირ შეხვედრა და რა დადებით თუ უარყოფით შედეგებს უნდა ველოდოთ ამ ვიზიტისაგან. აღნიშნული ვიზიტის შეფასებისას მნიშვნელოვანია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ დელეგაციაში ბიზნესმენ ლევან ვასაძის გამოჩენა. რა პრინციპით იქნა შერჩეული ზემოაღნიშნული პიროვნება რთული მისახვედრი არაა. როგორც ცნობილია, თავისი ქონება ლევან ვასაძემ დააგროვა რუსეთში „წარმატებული“ საქმიანობით და დღესაც სარგებლობს კავშირებით რუსეთის ბიზნეს თუ პოლიტიკურ ელიტაში. არც მისი პოლიტიკური ორიენტაცია და გეგმებია დამალული საქართველოში. აქაც შემოვიფარგლოთ ადამიანური გულუბრყვილობით და განვაცხადოთ, რომ მისი ოფიციალურ დელეგაციაში მოხვედრა განპირობებულია მხოლოდ მადლიერების ნიშნად, აღნიშნული ვიზიტის ფინანსური უზრუნველყოფისათვის (სპონსორობისათვის).

25 ივლისს კიევში ჩაფრენილ საქარველოს ეკლეისიის დელეგაციას დახვდა არა რუსეთის პატრიარქი კირილე, არამედ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ვლადიმერი, თავად კირილე კი კიევში მეორე დღეს ჩაფრინდა. ერთი შეხედვით თავად ეს ფაქტი არაფრის მთქმელია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. როგორც ცნობილია, ორი პატირარქის შეხვედრა დიდი ხნის მანძილზე იგეგმებოდა და საეკელსიო წრეებშიც დიდი მოლოდინიც იყო (ზოგი აფხაზეთში პატრიარქის ჩასვლის ნებართვას ელოდა, ზოგიც პატრიარქის სრული ტიტულის აღიარებას რუსეთის ეკლესიის მხრივ). თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. აღმოჩნდა რომ, რუსეთის პატრიარქს სხვა გეგემბი ჰქონდა და საქართველოს კათოლოკოს- პატრიარქის დახვედრაც მხოლოდ მიტროპოლიტ ვლადიმერს ანდო, ხოლო რუსეთის ეკლესიის საგარეა საქმეთა განყოფილებას კი წარმოადგენდა დეკანოზი იგორი (იაკიმჩუკი), სამწუხაროდ არც რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსს ვოლოკოლომის მიტროპოლიტ ილარიონს (ალფეევი) ეცალა; ეს ის ილარიონ ალფეევია, რომელმაც 2010 წელს საქართველოს ეკლესიის 1500 წლისთავისადმი მიძღვნილ ბანკეტზე ქართულად წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა და იქ მყოფი საზოგადოების ოვაცია (რაც ამ საზოგადოების სულისკვეთებაზე მიუთითებს) და მხურვალე ტაში დაიმსახურა. მართლაც საოცარი ფაქტია, დამპყრობელი სახელმწიფოს წარმომამდგენელი ქართულად გვესაუბრება და ჩვენ უზომოდ გვიხარია. თავად რუსეთის პატრიარქი კირილე კი, როგორც ავღნიშნეთ მეორე დღეს ჩაფრინდა კიევში, დახვედრაც შესაბამისი მოუწყვეს, უკან გამგზავრებითაც ჩვენ დელეგაციაზე 2 დღით ადრე გაფრინდა.

26 ივლის შედგა ორი პატრიარქის შეხვედრა; როგორც საუბრისას პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, ისეთი ღრმა ურთიერთობა, როგორიც აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მას არც ერთ სხვა ეკლესიასთან არა აქვს. ის ფაქტი, რომ რუსეთის ეკლესია ემსახურება რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს და რუსეთის პოლიტიკის პირდაპირი გამტარებელია ამაზე დღეს არავინ კამათობს, არც ისაა დასამალი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაკარგა საქართველოზე ზემოქმედების პირდაპირი ბერკეტი, იგი მხოლოდ ანექსირებული ტერიტორიებით ახერხებს შანტაჟს, ამის ფონზე აქტიურდება რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი რუსეთის ეკლესია და „ღრმა ურთიერთობებით“ თავის გავლენის ქვეშ აქცევს (ან ცდილობს მოაქციოს) საქართველოს ეკლესიას. ამ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღიარებისათვის ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში. აქაც თავის მოტყუებას აქვს ადგილი; ის რომ რუსეთის პატრიარქი კულუალურ საუბრებში „აღიარებს“ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ამ ტერიტორიებზე, არაფრის მომცემია. რეალობა კი სულ სხვაა, რეალურად რუსეთის საპატრიარქო მთლიანად აკონტროლებს სიტუაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. რუსეთის ეკლესია ამ ანექსირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს სასულიერო პირების ხელდასხმას, მათ დანიშვნას და სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებზე საპატიო სტუმრის რანგში იწვევს აფხაზ სასულიერო პირებს პატრიარქ კირილეს მსახურებებზეც. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოწადინებულია ჩავიდეს აფხაზეთში და ამის გამო ცდილობს მოიპოვოს რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერა, პირდაპირ თუ ირიბად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ეკლესიაც აღიარებს და ეგუება ამ რეალობას. საქართველოში ბევრს ეშინია, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ავტოკეფალიას სცნობს და ილია მეორის ვიზიტს აფხაზეთის არ აღიარების საკითში წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. რუსეთის ეკლესია ემზადება ამ აღიარებისათვის, სანდო წყაროები ამის დროსაც მიუთითებენ, და ეს დრო არ არის შორეული პერსპექტივა. აზრი იმის შესახებ, რომ აღიარება არ მოხდება იმის გამო, რომ თავად მას შეექმნება პრობლემები იგივე უკრაინაში (თუმცა ერთი კონტექსტით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკლესიების სტატუსის მოხსენიება გაუმართლებელია), არ უნდა იყოს სწორი, ვინაიდან რუსეთის ეკლესია აქტიურად მუშაობს ამ თემაზე სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან. ამ დროს ჩვენი ეკლესია დუმს. როგორც სანდო წყაროებიდან ირკვევა, რუსეთის ეკლესია აპირებს აფხაზეთში მყოფ რუს სამხედრო მოსამსახურეებს დაუნიშნოს ეპისკოპოსი, რომელიც რეალურად გააკონტროლებს აფხაზეთის ეკლესიას. აქვე დავსძენთ, რომ რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.patriarchia.ru) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული ესე არის მოხსენიებული : „Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский.“ (http://www..ru/db/text/73195.html) .

როგორც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი (www.patriarchate.ge) იუწყება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამ შეხვედრისას განაცხადა : „პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ჩვენი ერები და ეკლესია კი რჩება“ , ალბათ მისი უწმიდესობის აღნიშნული სიტყვები ცოტა დამაფიქრებელია და პოლიტიკურ ელფერს იძენს, იმედს ვიქონიებთ, რომ აღნიშნული სიტყვები მიმართული იყო რუსეთის ხელისუფლების მისამართით და არა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისადმი. მით უმეტეს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწეები, არამედ საერო და საეკლესიო მოღვაწეებიც მიდიან და მოდიან.

პირისპირ შეხვედრაზე ორი ეკლესიის მეთაური შეთანხმდა იმაზე, რომ მოლაპარაკებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „გარკვეული კანონიკური უწესრუგობის~ აღმოსაფხვრელად გაგრძელდება. რუსეთის ეკლეისიის მიერ 18 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ტერიტორიების ეტაბობრივი ანექსია და ეხლა 18 წლის შემდეგ მოლაპარაკებების დაწყება დაგვიანებულად შეიძლება ჩაითვალოს.

28 ივლისს ორმა პატრიარქმა წირვა აღავლინეს კიევო–პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე, აქაც არსად არ იქნა მოხსენიებული საქართველოს კათოლოკის- პატრიარქის ტიტული სრულად, მთელი წირვის განმავლობაში ყველა ქმედება რუსეთის ეკლესიის წარმოამდგენლების მხრივ იყო მიმართული იმისკენ, რომ დაფიქსირებულიყო რუსეთის ეკლესიისა და მისი პატრიარქის უპირატესობა „მოძმე“ და „ერთმორწმუნე“ საქართველოს ეკლესიასა და მის კათოლიკოს-პატრიარქთან მიმართებაში.

ვიზიტი დასრულდა უშედეგოდ. საქართველოს პატრიარქი, როგორც ჩანს ამ ეტაპზე. ვერ ჩაბრძანდება აფხაზეთში, ხოლო მისი ტიტული და საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ანექსირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ ფორმალურად აღიარა რუსეთის პატრიარქმა; ანუ, სცენარი ზუსტად ისე ვითარდება, როგორც ეს ხდებოდა პოლიტიკურ სიბრტყეში და შესაბამისად რთული არ არის იმის გამოცნობა თუ რა განვითარება მოჰყვება იმ ე.წ. „კანონიკურ უწესრიგობას“, რომლის შესახებაც ასე მოურიდებლად და საუბრობს რუსეთის ეკლესიის მეთაური.

იმ ფონზე, როცა საქართველოს ეკლესიის დელეგაციები გასაოცარი სიხშირით სტუმრობენ მოსკოვს, აბსოლუტურად გაუგებარია რატომ არ იყო ჩატარებული სათანადო მოსამზადებელი სამუშაო ეკლესიის მეთაურთა ამ შეხვედრის წინ?, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ლიტურგიულ შეუსაბამობაზე, რაც ახლდა ერთობლივ წირვას, სადაც თვალნათლივ წარმოჩინდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი უკიდურესად შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება? …და საერთოდ ვის ინტერესებს ემსახურებოდა ეს ვიზიტი(ისევე როგორც სხვა ვიზიტები)?

ყოველი ზემოთქმულის შემდეგ ბუნებრივად იბადება კითხვა:

– 18 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური ქმედებების სათანადო შეფასება?

– დღემდე რატომ არ დასმულა ეს საკითხი საერთო მართლმადიდელურ შეხვედრაზე?

– რატომ ვერ მოხაერხდა ამ საკითხების მოგვარებაში მსოფლიო საპატრიარქოს ჩართვა?

– რატომ არ ცდილობს საქართველოს საპატრიარქო დაიწყოს დიალოგი თავად აფხაზებთან და ოსებთან?

– 2008 წლის ომის დროს რატომ მოითხოვა ეკლესიამ დერეფანი პატრიარქისთვის, ნაცვლად იმისა რომ მოეთხოვა საოკუპაციო ჯარების გაყვანა საქართველოდან?

ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია.

(c) Levan Chelidze

თავდასხმა საკათედრო ტაძარზე

1950 წლის 9 აპრილს, 11 საათისთვის, დომენიკელი ბერივით გამოწყობილი ოთხი ახალგაზრდა პარიზის ღვთისმშობლის
ტაძარში შევიდა. მიდიოდა სააღდგომო მესა. ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათიათასამდე ადამიანს მოეყარა თავი. მესის ტრანსრილებას ნაციონალური ტელევიზია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენდა. ოცდაორი წლის პოეტი, მიშელ მური შესაფერის მომენტს დაელოდა, ამბიონზე ავიდა და ქადაგება დაიწყო, რომელიც მისი ერთერთი თანამზრახველის, სერჟ ბერნის მიერ იყო დაწერილი:

  • Aujourd’hui, jour de Pâques en l’Année sainte,
    Ici, dans l’insigne Basilique de Notre-Dame de Paris,
    J’accuse
    l’Église Catholique Universelle du détournement mortel de nos forces vives en faveur d’un ciel vide ;
    J’accuse
    l’Église Catholique d’escroquerie ;
    J’accuse
    l’Église Catholique d’infecter le monde de sa morale mortuaire,
    d’être le chancre de l’Occident décomposé.
    En vérité je vous le dis : Dieu est mort.
    Nous vomissons la fadeur agonisante de vos prières,
    car vos prières ont grassement fumé les champs de bataille de notre Europe.
    Allez dans le désert tragique et exaltant d’une terre où Dieu est mort
    et brassez à nouveau cette terre de vos mains nues,
    de vos mains d’orgueil,
    de vos mains sans prière.
    Aujourd’hui, jour de Pâques en l’Année sainte,
    Ici, dans l’insigne Basilique de Notre-Dame de France,
    nous clamons la mort du Christ-Dieu pour qu’enfin vive l’Homme.

სამართლიანი საზოგადოება

ბუნების ფილოსოფოსები, დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, შუა საუკუნეები, რენესასნი, ბაროკო, დეკარტი, სპინოზა, ლოკი, ჰიუმი, ბერკლი, ბიერკელი, განმანათლებლობა, კანტი, რომანტიზმი, ჰეგელი, კირკეგორი, მარქსი, დარვინი, ფროიდი… ესენი არიან ყველა დროის ყველაზე დიდი მოაზოვნეები  (თუ რა თქმა უნდა ქრისტეს არ ჩავთვლით) და ეპოქები, რომლებიც კაცობრიობამ განვლო, თუმცა სამართლიანი საზოგადოების ზუსტ მოდელს ვერავინ გვთავაზობდა და ვერც ერთი ეპოქა ვერ უზრუნველყოფდა იდეალურ ან თუნდაც სამართლიან საზოგადოებას

მაშ როგორი უნდა იყოს ის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შემდეგი მაგალითით ვცადოთ, წარმოვიდგინოთ, რომ განსაკუთრებული საბჭოს წევრები ვართ, რომელსაც მომავალი საზოგადოების ყველა კანონის შექმნა ევალება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა დეტალი, ვინაიდან როგორც კი შეთანხმებას მივაღწევთ და ხელს მოვაწერთ მაშინვე მოვკვდებით…თუმცა იმ საზოგადოებაში გავცოცხლდებით, რომელშიც ჩვენი შექმნილი კანონები ამოქმედდება. მთავარი კი ისაა, რომ არც ერთს არ გვეცოდინება, რა ადგილს დავიკავებთ ამ ახალ საზოგადოებში ან რა სქესისა ვიქნებით…

დაფიქრდით? ე.ი. უკვე კომუნისტები ხართ? 😀