Posts Tagged ‘მერკელი’

რამ შეცვალა მერკელი

“მე არ მაქვს თავგადასავლების ფუფუნება, ამას ჩემი თანამდებობა მიკრძალავს”– ასე ახასიათებდა მერკელი მის მოღვაწეობას, ასე იცნობდა მას დანარჩენი მსოფლიოც. რისკის მოძულე მერკელი საბერძნეთის კრიზისის დროს აუღელვებლად საუბრობდა რომ ის ექსპერიმენტს არ დაუშვებდა და მრავალჯერ გატკეპნილ გზას გაყვებოდა. მაშინ, საზღვარგარეთ, მერკელის პლაკატებს ჰიტლერის ულვაშებს ახატავდნენ.

დღეს კი შესაძლებელია ეს ულვაში ანგელოზის გვირგვინმა შეცვალოს. მსოფლიოს წინაშე ახალი მერკელია. ქალი, რომელსაც ყოველი ნაბიჯი გათვლილი ჰქონდა, დღეს ევროპას ყველაზე დიდ თავგადასავალს ჰპირდება, თავგადასავალს რომლის შედეგები მისთვისაც უცნობია. მისი გადაწყვეტილება ევროპის კარი გაუღოს ასიათასობით ლტოლვილს არის სწორი. მერე რა რომ მერკელს ამ მამაც ნაბიჯამდე დიდი დრო დასჭირდა, მერე რა რომ მერკელამდე ლტოლვილებს სხვა გერმანელები გულითადად ესალმებოდნენ, მერე რა რომ მერკელმა რამდენჯერმე მდარე გამოცემების გული მოიგო.

მერკელის გადაწყვეტილება სარისკოა. მერკელმა ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს რათა ევროპის ერთიანობა, ათეულობით წლის წინ შეპირებული სამოთხე სახელად “ევროპა საზღვრების გარეშე” კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და ამავე დროს მემარჯვენე ექსტრემისტები კიდევ უფრო არ გაძლიერდნენ.

merkel

Foto: AFP

გერმანიის მთავრობისგან ხშირად გვესმის რომ ლტოლვილების მიღება მორალური საქციელია, უფრო მეტიც, ლტოლვილები გერმანიის სამუშაო ბაზარს სჭირდება. ეს სწორია, მაგრამ მხოლოდ ნაწილია სიმართლისა. არავინ საუბრობს თუ რა ძალისხმევა სჭირდება ასიათასობით ლტოლვილის ინტეგრაციას, თუ ვინმემ ამაზე საუბარი გაბედა, მაშინვე ქსენოფობად ინათლება. ხომ არ იქცევა ახალი მერკელი ცისფერთვალება ჰურა–ალტრუისტად?

მსოფლიო გაუცებული შეჰყურებს გერმანიას. გერმანია უკვე აღარ არის მხოლოდ ევროპის ძრავა და მუდმივად მზარდი ეკონომიკა, დისციპლინირებული მოსახლეობით. გერმანია მსოფლიოში მორალის ექსპორტს იწყებს!  გერმანიის გაწვდილმა ხელმა, ბევრი მისი პარტნიორი შეარცხვინა. ცივი ქვეყანა, რომელიც მხოლოდ რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებდა, მოულოდნელად გულის ხმას აყვა. შეიძლება ჩაითვალოს რომ გერმანიამ გონება დაკარგა.

აქამდე მეერკელის გადაწყვეტილებებში გულისა და გრძნობების გავლენა ნაკლებად იგრძნობოდა. კარგი იქნება თუ ის არამხოლოდ გულს, არამედ გონებასაც მოუსმენს. ამ შემთხვევაში მერკელის პირველი თავგადასავალი წარმატებით დასრულდება.

Advertisements