Posts Tagged ‘მღვდელი’

ახალი ჟურნალი უფლის ციხე

კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა საპატრიარქოს ახალი ჟურნალის “უფლის ციხის” პრეზენტაცია.

საპატრიარქოს ქოლგის ქვეშ სულ მცირე 50 ჟურნალ-გაზეთი გამოიცემა, თუმცა უმრავლესობა არ გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას,  საეკლესიო პრესის უდიდესი უმრავლესობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ავრცელებს მწვალებლურ, ანტიქრისტიანულ, ანტიეროვნულ იდეებს, ასევე სამყაროს, ადამიანისა და კულტურისადმი სიძულვილის პათოსით გაჟღენთილ პუბლიკაციებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაზეთ ,,ერი და ბერის“ ფურცლებიდან ანტიქრისტეს ვინაობა შევიტყეთ, აღარაფერს ვამბობ რუსული არმიის მხსნელად და ღვთის საჩუქრად გამომცხადებელ, ყველასთვის კარგად ნაცნობ პუბლიკაციაზე, რომელიც ჟურნალ “ქვაკუთხედში” დაიბეჭდა.

ასეთ ფონზე, ყოველთვის ვგავდი ჯამბაზს, როდესაც ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ჯგუფელებს თუ უბრალოდ ნაცნობებს მოვუწოდებდი სასულიერო ლიტერატურის კითხვისკენ. ვგავდი სიორენ კირკეგორის (დანიელი ფილოსოფოსი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი) ცნობილ არაკში გადმოცემულ ისტორიას ჯამბაზისა და ცეცხლმოკიდებული სოფლის შესახებ, რომელიც ჰარვეი კოქსმა გამოიყენა თავის წიგნში  “უღმრთო ქალაქი.” ისტორია კი ასეთია, მოხეტიალე ცირკში გაჩნდება ხანძარი, დირექტორმა მშველელთა დასაძახებლად მეზობელ სოფელში ჯამბაზი გაგზავნა. ჯამბაზი სოფელში მივიდა და მცხოვრებთ ცეცხლის ჩასაქრობად დახმარება სთხოვა, მაგრამ სოფლელებმა ჯამბაზის ეს მოწოდება მხოლოდ კარგ ოინად ჩათვალეს, რათა მას ცირკის წარმოდგენის სანახავად რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიეზიდა. ისინი ჯამბაზს ტაშს უკრავდნენ და სიცილით ცრემლი სდიოდათ, საწყალი ჯამბაზი კი უშედეგოდ ცდილობდა დაერმწუნებინა ადამიანები რომ ეს არ იყო წარმოდგენა. მის ვედრებაზე კი უფრო გულიანად ხარხარებდნენ. დახმარება დაგვიანდა და სოფელიცა და ცირკიც ერთად დაიწვა.

მეც არავინ მიჯერებდა, როდესაც ვამბობდი რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი არსით იყო შემწყნარებელი და მას შეეძლო ლიბერალური ენით ესაუბრა ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებთან. სტერეოტიპები, რომელსაც ადრე არსებული ჟურნალ-გაზეთები ამყარებდნე ხომ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, თითქოს და ყველა მართლმადიდებელი აგრესორი, პასპორტების  შიშით შეპყრობილი ადამიანი იყო, ისევე როგორც ყველა ჯამბაზი ხუმარა და მატყუარა.

ახალი ჟურალი “უფლის ციხე,” რომელიც, როგორც ხარისხობრივად ისე თვისობრივადაც წარმოადგენს ევოლუციის ახალ საფეხურს მსგავს გამოცემათა შორის, ნამდვილად შესძლებს ამ სტერეოტიპების დამსხვრევას თუ კი ის მკითხველამდე მივა. როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი წერს, ჟურნალი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის და მიზნად აქვს დასახული დახმარება გაუწიოს მკითხველს სულიერ, ეროვნულ, კულტურულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა უკეთ გაცნობიერებაში, რათა ადამიანი შედგეს როგორც პიროვნება და როგორც  მოქალაქე.

ჟურნალში გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიების კონტენტ-ანალიზს თუ მოვახდენთ, ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები იქნება: ლიბერალიზმი, ლიბერალური დემოკრატია და კანონიკური სამართალი. არაფერია ნახსენები ე.წ. 666-ზე, მხეცის ნიშანსა და აპოკალიფსიზე, რომელიც სხვა დანარჩენი ჟურნალების ფოკუსშია მოქცეული.

აქამდე სალანძღავ სიტყვად ქცეული ლიბერალიზმის შესახებ, ზურაბ აბაშიძის სტატიაში წერია, რომ “ის (ლიბერალური დემოკრატია) ქართველი ხალხის არჩევანია!”

ასევე არის საუბარი გარკვეულ კანონიკურ გაუგებრობაზე რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის, მაგალითად ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი. მოსკოვი თვლის, რომ ავტოკეფალიას ანიჭებს დედაეკლესია, კონსტანტინოპოლის აზრით კი ეს მისი პრეროგატივაა. აქამდე ეს საკითხები ქართველი მკითხველისთვის კარგად არ იყო ცნობილი და შეიძლება ამასაც დაბრალდეს მერვე მსოფლიო კრების მიმართ შიში, რადგან რეალურად მრევლმა არ იცის ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემები და ვერ ხედავს კრების აუცილებლობას.

ბოლოს, სარედაქციო საბჭოს ერთ პატარა რჩევას მივცემ, კარგი იქნება თუ იარსებებს ჟურნალის ინტერნეტ ვერსიაც, რათა ის ხელმისაწვდომი იქნეს ინტერნეტის, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის.

ინტერნეტ რესურსებში მისი არ არსებობის გამო "უფლის ციხის" ემბლემას ვერ მივაგენი 🙂

რელიგიური საკითხების გაშუქება თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ისწავლება საგანთა მთელი წყება, რომელიც პრაქტიკაში იშვიათად ან სულაც არასდროს არ გამოგადგება. ასეთ საგნებს მიეკუთვნება “ბავშვთა საკითხების გაშუქებაც,” პარალელურად იმავე ფაკულტეტზე ისწავლება “განვითარების ფსიქოლოგიაც,” სადაც ბავშვებთან მიდგომის სპეციფიკა დეტალურად არის განხილული.

იშვიათად თუ მოიძებნება ჟურნალისტის პრაქტიკაში რეპორტაჟი, რომელიც მან ბავშვთა პრობლემებს მიუძღვნა, დიდი-დიდი საბავშვო ბაღის გარემონტებაზე და ახალი სასწავლო წლის დაწყებაზე მოამზადოს მასალა.

კონკრეტული საკითხის გაშუქება უცხო არ არის თსუ-ში, ბავშვთა საკითხების პარალელურად გვხვდება კულტურის და ხელოვნების და სოციალური საკითხების გაშუქებაც. ამ საგნების მსგავსად უნდა ისწავლებოდეს რელიგიურ საკითხთა გაშუქებაც.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საზოგადოებაში ერთერთ ყველაზე ცხოველ ინტერესს რელიგიური მოვლენები იწვევს: ახალი კანონი რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით, პატრიარქის ვიზიტი სხვა ქვეყანაში, საკვირაო ქადაგება, რელიგიური დღესასწაულები და ა.შ. უამრავჯერ მინახვას ეკლესიაში დაბნეული სახით მოსიარულე ჟურნალისტი, რომელმაც არ იცის რომ ამბიონზე ასვლა არ შეიძლება, კვერექსის სათქმელად გამოსულ დიაკონს უკან არ უნდა გაეკიდოს ინტერვიუს ჩამოსართმევად, ყველა სასულიერო პირი მხოლოდ მამაოთი არ უნდა მოიხსენიოს, გვარი როდის უნდა ჩაწეროს ფრჩხილებში და როდის არა…

საქმე მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებს არ შეეხება, მესაზე მისულმა ჟურნალისტებმა არ იციან კათოლიკე მოძღვარს როგორ მიმართონ, რა სტატუსით მოიხსენიონ და ა.შ. რაც საბოლოოდ მათვე უქმნის უხერხულობასა და ბადებს არასასურველ დაძაბულობას.

უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება, როდესაც “რუსთავი2”-ის ჟურნალისტმა დიაკონი არქიმანდრირტად მოიხსენია, არადა ინტერვიუს მიცემისას მას გინგილა ეკეთა (დიაკვნის შესამოსელი) ეს იგივეა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში,შეერთებული შტატების საგარეო უწყების მეთაური უწოდო და სინდისმაც არ შეგაწუხოს.  7 იანვარს კი “ქრონიკამ” გვახარა რომ მთელი მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშავდა, არადა 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან შობას მხოლოდ 4 აღნიშნავს 7 იანვარს. ამას მარტივად მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ქვია, მერე რა რომ გაუაზრებლად.

საქართველოში არ არსებობს არც ერთი კომერციული, რელიგიური პორტალი, მაშინ როდესაც ჩვენს მეზობელ რუსეთს ამის დიდი გამოცდილება აქვს. სურვილი არის, თუმცა არ არის კადრები. კადრებზე და ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე კი უნივერსიტეტმაც უნდა იზრუნოს.

P.S. თუ იდეა მოგეწონათ იცოდეთ სასემინარო საათებს მე მაძლევთ! 😀

მცველის “დაცვა” ანუ რატომ ატყდა ისტერიკა?

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიტიკოსები თუ მათთან გათანაბრებული პირები ეროვნულ-სარწმუნოებრივმა ისტერიკამ მოიცვა. ვიღაც ქუდზე კაცის გამოძახებას ითხოვდა,მავანი შურისძიებით იმუქრებოდა, ზოგი უკვე შეკრების ადგილს არჩევდა, ნაწილმა კი პარლამენტის წინ აქციის გამართვაც მოასწრო. ყველა გამომსვლელი ეკლესიის დაცვისა და სარწმუნოების ზრუნვისკენ მოუწოდებდა ხალხს.

მართლმადიდებლობაზე ზრუნვისათვის რაიმე აქციისა თუ ღონისძიების გამართვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც ეკლესია თავად არის უფალ იესოს მიერ დაარსებული კრებული, რომელიც აქეთ გვიცავს და მას სასუნთქ აპარატზე შეერთებული პოლიტიკოსების დაცვა არ ჭირდება. პოლიტიკოსებისა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ კამერების თანხლებით დადიან ეკლესიაში.

ეკლესიას დაცვა არ უნდა, ეკლესია უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მასში ყოფნით, საიდუმლოებებში მონაწილეობითა და ეკლესიის არაწევრი ადამიანებისთვის იმის ჩვენებით, რომ ეკლესიური ადამიანი არის, ან ცდილობს იყოს სიყვარულით და სიკეთით აღსავსე პიროვნება.

გარდა ამისა წმიდა მოციქულთა 39-ე კანონი – „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე“ ლაოდიკიის კრების 57-ე კანონი – „ასევე მღვდელმა არაფერი გააკეთოს თუ ეპისკოპოსს არ აცნობებს“ გვასწავლის, რომ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არავითარი მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმართვა არ შეიძლება. ნეტა იმ მომიტინგეებს, რომლებიც აქციებითა და ჯვაროსნული ომებით იმუქრებიან რომელი მეუფისგან აქვთ კურთხევა? და რადგან ჩვენ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში ვიმყოფებით ასეთი კურთხევის გაცემა მხოლოდ პატრირქს შეუძლია, მის უწმიდესობას კი მსგავსი არაფერი უთქვამს. პირიქით, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ „ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას.“

არადოგმატური საკითხი

ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას რიგი სასულიერო პირების ქმედების მიმართ, საკითხში ჩაუხედავი ადამიანები სამწუხაროდ პატრიარქზე აიგივებენ რაც პირად (და არა საჯარო!) სივრცეში გაურკვევლობას ქმნის. გადავწყვიტე ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მიმართ.

ბავშვობიდან მისი სიყვარულით ვიზრდებოდი. ჯერ კიდევ ბავშვი, როდესაც მის მღვდელთმთავრულ ღირსებასა და დიდებულებას ვხედავდი, მისი ხილვით ვტკბებოდი. როცა იმ ასაკის გავხდი, რომ განსჯის უნარი მქონდა შევაფასე მისი მაღალი სულიერი ღირსება, მადლიანი უბრალოება, გულღიაობა, სიკეთე, სიმშვიდე, სულიერება. მე დავინახე, ყველაფერი ეს როგორ ჰქონდა შეხამებული მას მამისეულ ლმობიერებასა და თავდაჭერილობასთან. მე ყოველთვის მსიამოვნებს მასთან ყოფნა და მას ყველაზე პატივსაცემ და სათნო ადამიანების რიგში ვაყენებ.

უფალი არ კლავს

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო იაპონიაში ცუნამის შედეგად დაღუპულ ადამიანებს გლოვობდა, საქართველოში დეკანოზმა დავით ქვლივიძემ მომხდარი ტრაგედია ღვთის სასჯელად და უფლის სამართლიან გადაწყვეტილებად მონათლა.
მართლმადიდებლური ეკლესიების მაღალ იერარქთათვის ახალი არ არის ბუნებრივ კატაკლიზმებში უფლის დადანაშაულება. დაახლოებით, ერთი წლის წინ ჰაიტიში მომხდარ მიწისძვრაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილემ ღმერთს დასდო ბრალი. ქართველი დეკანოზის გუშინდელი განცხადებაც ზუსტად იმეორებდა რუსი იერარქის პათოსს, რაც მორწმუნეთთათვის თუნდაც იმიტომ უნდა იყოს მიუღებელი, რომ ეწინააღმდეგება ქრისტიანობის ძირეულ პრინციპებს.

დეკანოზი ქვლივიძის ქადაგების მოსმენის შემდეგ შეიძლება დავასკვნათ, რომ ღმერთს ორმაგი ბუნება აქვს, კეთილი და ბოროტი. უფლის კეთილი ნაწილი ჩვენზე ზრუნავს, ბოროტი კი დრო და დრო ბუნებრივი კატაკლიზმებით გვასაჩუქრებს, უფლის მსგავსი სახით წარმოდგენას დუალიზმი ეწოდება, რაც ქრისტიანობისთვის მიუღებელია.

დუალისტური ხედვა დამახასიათებელი იყო ანტიკური ეპოქოსთვის, დღეს კი მას, პირობითად, შეიძლება ვუწოდოთ „პლატონისეული ქრისტიანობა.“ ალბათ, ისევე როგორც პლატონის ეპოქაში XXI საუკუნის საქართველოშიც, ადამიანთა და მღვდელმსახურთა გარკვეულ ნაწილს უფალი სასწორით ხელში მდგომი წარმოუდგენია. სასწორის მარცხენა მხარეს ერის ცოდვები იდება, მარჯვენაზე კი კეთილი საქმეები. ამ ხალხის მტკიცებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იაპონელების სასწორმა მარცხნივ გადაიწია და ღვთის „სამართლიანმა“ სასჯელმაც არ დააყოვნა.

უფლის მსგავსი სახით წარმოდგენას აკრიტიკებს კანადის მართლმადიდებლური ეკლესიის გადამდგარი არქიეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო. თავის ერთ-ერთ თეოლოგიურ ნაშრმში ის ამბობს: „ბოროტი და კეთილი საქმეების აწონვისა და ერთის მეორით გამოსყიდვის ეს პროცედურა ძალიან უცნაურია და ქრისტიანულ ზნეობრიობაში უცხო ელემენტი შემოაქვს. კეთილი საქმეები არ არის ფული, რითაც შეგვიძლია ზეციურ სასუფეველში შესვლის ნებართვა ვიყიდოთ, ან ის, რაც შეიძლება ღმერთს წარვუდგინოთ და უფალი კი, როგორც კრედიტორი, ვალდებული იქნება გამოხსნა მოგვცეს“

საღვთო გადმოცემაზა დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფალი არ არის ისეთი მსაჯული, როგორც მას დღეს მრავალი უწოდებს, იესო ქრისტე ასევე არ არის საქმის მომრიგებელი, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებს, არამედ ჩვენი შემოქმედი და გამომხსნელი ღმერთია.

მიუხედავად დეკანოზი დავით ქვლივიძის მტკიცებისა ძნელი წარმოსადგენია მხსნელად მოვლენილმა ღმერთმა დაგსაჯოს. ეს ეწინააღმდეგება სახარებისეულ პრინციპებსაც, „იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე წუთისოფლად, რომ განეკითხა წუთისოფელი, არამედ გადარჩენილიყო წუთისოფელი მის მიერ“ (იოანე 3:17)

თუმცა დეკანოზი დავით ქვლივიძე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ უფალი უშვებს ადამიანთა წამებასა და მათ საზარელ სიკვდილს, სახარება საწინააღმდეგოს ამტკიცებს.