Posts Tagged ‘საზოგადოების პირისპირ’

ვინ მოგვპარა შობა?

“ბეჭდურ მედიაში” ლექტორმა პოსტის დაწერა გვთხოვა და აი ისიც, თუმცა სანამ ლექტორი წაიკითხვადეს, ჩემივე ბლოგის მეშვეობით ჩემს მკითხველს გავაცნობ

 

7 იანვარს საქართველოს  ქალაქების ცენტრალურ უბნებში ნაკლებად ან სულაც არ იგრძნობა საშობაო განწყობა. თითქოს მთელ ქვეყანას გრინჩების ლაშქარმა გადაუარა და მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობა წაართვა. შობა თანდათან ისე შეერწყა ახალ წელს, რომ ამ უკანასკნელმა ის სულ ბოლომდე შთანთქა. თუ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა საშობაო ფასდაკლებებს, საშობაო არდადეგებს, საშობაოდ ე.წ. მეცამეტე ხელფასს ელოდება, ჩვენთან ეს ყველაფერი ახალ წელს უკავშირდება. ახალ წელთან არის დაკავშირებული საშობაო ნაძვის ხის მორთვაც და ერთმანეთისთვის საშობაო საჩუქრების გაკეთებაც. ქართველი ბავშვიც, დასავლელი თანატოლის მსგავსად 25 დეკემბერს ან თუნდაც 7 იანვარს კი არ ელის სანტა კლაუსს, არამედ ახალი წლის ღამეს.

დასავლეთში საუკუნეზე მეტია შობამ რელიგიური რიდე აიხადა და ევროპული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საკრალური მომენტი აქ ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, კულტურის მკვლევრები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ თვით თოვლის პაპაც კი ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი-ნიკოლოზ საკვირველმოქმედია, ოღონდ ერთგვარი სახეცვლილი და გახალხურებული. სანტა კლაუსი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ აქცია მოდერნისტულმა თეოლოგიამ საკრალური პროფანულად.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე საქართველოში შობის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კალენდარულ საკითხს ასახელებს.

”ადრე შობა ძალიან დიდი დღესასწაული იყო და მისი უკანა პლანზე გადაწევა იულიუსის კალენდარმაც გამოიწვია. მოსახლეობა კი ნაკლებად ინტერესდება აღნიშნული საკითხით, რაც შობის მივიწყებულ მდგომარეობაში ყოფნას კიდევ უფრო ახანგრძლივებს”

იმავე მოსაზრებას იზიარებს კულტუროლოგი ია უძილაურიც, მისი თქმით ახალი წლისთვის უპირატესობის მინიჭება იმან გამოიწვია რომ შობას ძველი სტილით ვზეიმობთ.

ცოტა განსხვავებული აზრი აქვს დეკანოზ ლევან მათეშვილს. მამა ლევანის თქმით შობის გაუფასურება ყოფით დონეზე საბჭოთა მმართველობის შედეგია.

”ნაძალადევი სოციალისტური ზეიმების პარალელურად ახალი წელი იყო ერთადერთი მოვლენა, რომელიც არ იკრძალებოდა, განსხვავებით რელიგიური დღესასწაულებისგან. სწორედ ამან განაპირობა რომ მოსახლეობამ შობასთან დაკავშირებული ტრადიციების ტრანსორმაცია ახალ წლის აღნიშვნაში მოახდინა”

მართლაც, საბჭოთა პერიოდში, აზრისა და წარმოდგენების შეზღუდული თავისუფლების პირობებში აღნიშნული საკითხი პრესაში ვერ პოულბდა ობიექტურ გაშუქებას, რადგან მკვლევარები იძულებულნი იყვნენ შობის აღმნიშვნელებში დაენახათ დასავლეთის სახელმწიფოს აგენტები და თვით შობაში კი ბურჟუების რეაქციული ძალა.

საბჭოთა სივრცეში შობის გაუფასურების პარალელურად სულ უფრო და უფრო მკვიდრდებოდა ის დასავლურ ცივილიზაციაში, ამას მოწმობს უამრავი ჰოლივუდური ფილმი შობაზე თუ მთელ მსოფლიოში ჰიტად გცეული საშობაო სიმღერები.

არადა თუ ისტორია დინამიკურად განვითარდებოდა შობას აღმოსავლეთ კულტურაში უნდა დაეკავებინა ის ადგილი, რაც დღეს მას აქვს დასავლურ ცივილიზაციაში. ბერძენი ღვთისმეტყველებისგან განსხვავებით, დასავლეთის თეოლოგებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი ემოციური დაძაბულობა. ლათინებისათვის ქრისტეს ცხოვრებაში უმთავრესი ეპიზოდი იყო მისი ჯვარცმა. აღმოსავლეთ ქრისტიანები კი პირიქით, წინა პლანზე სწევდნენ ქრისტეს ხორცშესხმას ანუ შობას, ღმერთის მიერ ადამიანური სხეულის მიღებას. სწორედ შობა მიაჩნდა ბიზანტიურ ღვთისმეტყველებას კაცობრიობის ხსნის საწინდრად. თუმცა აღმოსავლეთში წითელმა რევოლუციამ და დასავლეთში პროტესტანტების მიერ სოციალურ მსახურებაზე გადატანილმა აქცენტებმა ყველაფერი შეცვალა.  წითელმა ხელისუფლებამ მოახდინა შობის გამიწიერება აგრესიული და ძალდატანებითი მეთოდით, დასავლეთში კი პროტესტანტული და კათოლიკე ეკლესიის კონკურენციის შედეგად მივიღეთ მხიარული შობა, რომელიც ადვილად იპყრობს პოტენციური მრევლის ყურადღეაბას. სწორედ ამიტომ საშობაო ნაძვის ხეს გერმანიაში მცხოვრები თურქებიც დგამენ. შობას ყველა ზეიმობს, ღრმად მორწმუნე კათოლიკე, პროტესთანტი და ათეისტიც, ადგილობრივი ევროპელი თუ ჩასული აფრიკელი ან აზიელი ემიგრანტი. ის იქცა საყოველთაო დღესასწაულად.

მიუხედავად რადიკალური განსხვავებებისა ევროპულ და ქართულ შობას ერთი მთავარი რამ აერთიანებთ, ორივემ სეკულარული სახე მიიღო, მართალია ეს სახეები ძალიან განსხვავებულია, თუმცა ორივე სცილდება რელიგიურ ჩარჩოებს. თუ ჩვენთან შობა მარხვის დასასრულს, ღორის დაკვლასა და ხინკლაობის დასაწყისს უდრის, დასავლეთში ეს ოჯახის ერთად შეკრების მიზეზია. ქრისტე ორივე შემთხვევაში ნაკლებად ახსოვთ, თუმცა შობის აღნიშვნის დასავლური ტრადიცია ბევრად უფრო ახლოს დგას ქრისტიანობასთან, ვიდრე ქართული, ბოლოს და ბოლოს იესოს  შობაც ხომ მარიამისა და იოსების ოჯახური ბედნიერება იყო, როგორც ჩვენ დროში  25 დეკემბერი იქცა საშუალო სტატისტიკური ევროპული ოჯახის ბედნიერ დღედ.

სიყვარული და რეპროდუქცია

სიყვარულსა და ომში ყველაფერი გამართლებულიაო- ალბათ, უამრავჯერ გვითქვამს ეს ფრაზა საკუთარი თავისთვის, როდესაც რჩეულის გულის მოსაგებად ათასგვარ ტყუილს, ხრიკსა თუ ოინს მივმართავდით.

სიყვარული არის მთავარი თემა უამრავი ფილმისა, სერიალისა, ხელოვნების ნიმუშისა და რომანისა. ამ უკანასკნელთა აურაცხელი რაოდენობა საუკუნიდან საუკუნამდე ყოველწლიურად პურეულივით მოჰყავთ ხოლმე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს ყვალაფერი სხვა არაფერია თუ არა ვნებათა მოკლე ან ვრცელი აღწერა. მათ შორის საუკეთესოებმა, მაგალითად „რომეო და ჯულიეტამ“ „ტრისტანი და იზოლდამ,“ გნებავთ „ვეფხისტყაოსანმა“ საუკუნო დიდება დაიმკვიდრეს.

შეუძლებელია სიყვარულის ჭკუით ახსნა, რადგან ჭკუას იქ არაფერი ესაქმება რაც უჭკუობით აღმოცენდა. სიყვარული ინსტინქტია, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას ადამიანის ცხოვრების სხვა მიზნებზე. ეს მიზანი მომდევნო თაობის შექმნაა. ყოველი წყვილის სასიყვარულო ისტორიები ზრუნვაა მომავალი თაობის შექმნისთვის. თაობისა, რომელიც თავის მხრივ აურაცხელ ახალ თაობათა სათავედ იქცევა.

სასიყვარულო თემატიკა და „თესლის გამრავლება“ უცხო არ არის არც ბიბლიისთვის. ყველაზე ძლიერი ალბათ დავითის ისტორიაა, არადა ეს ეწინააღმდეგება კანონიერ ცოლქმრობას. მეფეს ერთი ნახვით შეუყვარდა ჰურია ქეტელის ლამაზი ცოლი. ბრძენმა და კეთილმა მეფამ სიყვარულისგან ჭკუა დაკარგა და ყველაფერი იღონა, რათა ჰურია ქეტელი ბრძოლის ველზე მომკვდარიყო. ასე ჩაიგდო ხელში მისი დაქვრივებული ცოლი. ამას ერთადერთი, მესიანისტური გამართლება აქვს. მეფეს ინსტინქტმა უკარნახა, რომ სოლომონი, რომელიც იდეათა სამყაროში უკვე არსებობდა, შეუძლებელი იყო დაბადებულიყო სხვა ქალისგან, თუ არა ბერსაბიასაგან.

ინსტინქტი ილუზიით ინიღბება. წყვილს ჰგონია, რომ მხოლოდ მისი რჩეულის ხვევნა-კოცნაში იპოვის მეტ ტკბობას, ამიტომ მას ეჩვენება რომ საკუთარი თავისთვის ირჯება, სინამდვილეშე კი ის გვარეობის დემონს ემორჩილება და ქმნის ინდივიდს, რომელიც მხოლოდ ამ წყვილისგან გაჩნდება. ამის შემდეგ კი ყველაფერი სრულდება, ისევე როგორც ჩიტი წყვეტს ჭიკჭიკს კვერცხების დადების შემდეგ.

ადამიანის ცხოვრება ტანჯვა და წამებაა, ამიტომ მე ვადანაშაულებ ყველა შეყვარებულ წყვილს შეთქმულებაში! თქვენ შეთქმულები ბრძანდებით კაცობრიობის წინაშე! თქვენ წელავთ ქვეყნიერების დღეებს! საკამრიასია, შეწყვიტეთ! მაგრამ ვიცი არ გაჩერდებით, ისევე, როგორც აქამდე არ გაჩერდნენ თქვენი წინაპრები, მსგავსი გრძნობებით შეპყრობილები!

 

რა ესაქმება ათენს იერუსალიმთან

კატაკომბებიდან ამოსული ქრისტიანებისთვის ერთერთი მთავარი საზრუნავი გახდა, როგორ წარემართათ დისკურსი წარმართულ ფილოსოფიასთან და ამით ქრისტიანობა გაეხადათ კომუნიკაბელური. ეკლესიის მამები ცდილობდნენ ტერმინულად ჩამოაყალიბებინათ და ზედმიწევნით გამოეთქვათ ანუ მოძღვრებითად გადმოეცათ ქრისტიანობის, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფიის, ჭეშმარიტი ”ცოდნის”, ”მცოდნეობის” ანუ ”გნოზისის” არსი და განესაზღვრათ ქრისტიანის, როგორც ჭეშმარიტი ”გნოსტიკოსის” სახე.

ქრისტიანული სიბრძნის გამეცნიერების, ერთერთი  დაუღალავი მოშურნე იყო პანტენოს ფილოსოფოსის მოსწავლე, კლემენტი ალექსანდრიელი.

წმ. კლემენტი ალექსანდრიელი, ღიად აცხადებდა, რომ პლატონი და არისტოტელე უფლის მიერ იყვნენ გამოგზავნილნი, რათა კაცობრიობა შეემზადებინეთ სახარების უკეთ გასაგებად.

ეკლესიაში ანტიკური ფილოსოფიისა და ფილოსოფოსების ”გაქრისტიანების” პარალელურად ძლიერდებოდა ფიდეიზმი, იდეალისტური მოძღვრება, რომელიც რელიგიას, რწმენას ანიჭებს უპირატესობას და იქ ფილოსოფოსთა ადგილს ვერ ხედავს.

”ათენისა” და ”იერუსალიმის” დამცველ მამათა კამათისას, წარმოიშვა არიანელთა ერესი. საჭირო გახდა მსოფლიო კრების მოწვევა. 325 წლის, ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მამებმა დახმარებისთვის მიმართეს ფილოსოფიას,რათა არიოზის მომხრეებისთვის და მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის უკეთ აეხსნათ, რა არის სამება. გამომსვლელები მიეკუთვნებოდნენ ან ალექსანდრიის ან ანტიოქიის სკოლებს (ეს უკანასკნელი არისტოტელეს ფილოსოფიას იზიარებდა, ალექსანდრიაში კი პლატონისას)

325 წლის მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებები სავსე იყო ფილოსოფიური ტერმინებით, ისეთებით, როგორსაც სახარებაში საერთოდ ვერ იპოვიდით. ნიკეის კრებამდე წარმართულ ფილოსოფიასთან არსებობდა სამი მიდგომა 1) არ ვარგა 2) ლამაზია და იკითხეთ,მაგრამ სულის ცხონებაში ვერ დაგვეხმარება 3) ღვთის საჩუქარია,რათა გავიგოთ სახარება, კრების შემდეგ კი ფილოსოფიისადმი პირველ მიდგომას აზრი დაეკარგა. (მილანის ედიქტიდან სულ 17 წელია გასული)

XII საუკუნის დასასრულს, დაახლოებით 1200 წელს ყალიბდება ”ერთიანობა მოსწავლეთა და მასწავლებელთა”-უნივერსიტეტები, სადაც ქრისტიანებმა ფილოსოფია ჩამოაყალიბეს როგორც ცალკე დისციპლინა

თუმცა ცხადი იყო, რომ ბერძნული ფილოსოფია შეუცვლელი სახით ვერ დარჩებოდა, ის სამ ნაწილად გაიყო, დასავლეთის რომაულ-კათოლიკური, აღმოსავლეთის ბიზანტიური და სამხრეთის არაბული (არაბებს ამ დროისთვის ალექსანდრია დაპყრობილი ჰქონდათ.) ნეოპლატონიზმი დასავლეთს გადაეცა, პლატონი (რომელიც წმ. ავგუსტინემ ”გააქრისტიანა”) აღმოსავლეთს და არისტოტელე ( თომას აკვინელმა ”მონათლა” )არაბებს, თუმცა შუა საუკუნეების მიწურულს, სამივე ნაკადმა ჩრდილოეთ იტალიაში მოიყარა თავი, ამგვარად მივუახლოვდით რენესანს.

სამართლიანი საზოგადოება

ბუნების ფილოსოფოსები, დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, შუა საუკუნეები, რენესასნი, ბაროკო, დეკარტი, სპინოზა, ლოკი, ჰიუმი, ბერკლი, ბიერკელი, განმანათლებლობა, კანტი, რომანტიზმი, ჰეგელი, კირკეგორი, მარქსი, დარვინი, ფროიდი… ესენი არიან ყველა დროის ყველაზე დიდი მოაზოვნეები  (თუ რა თქმა უნდა ქრისტეს არ ჩავთვლით) და ეპოქები, რომლებიც კაცობრიობამ განვლო, თუმცა სამართლიანი საზოგადოების ზუსტ მოდელს ვერავინ გვთავაზობდა და ვერც ერთი ეპოქა ვერ უზრუნველყოფდა იდეალურ ან თუნდაც სამართლიან საზოგადოებას

მაშ როგორი უნდა იყოს ის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შემდეგი მაგალითით ვცადოთ, წარმოვიდგინოთ, რომ განსაკუთრებული საბჭოს წევრები ვართ, რომელსაც მომავალი საზოგადოების ყველა კანონის შექმნა ევალება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა დეტალი, ვინაიდან როგორც კი შეთანხმებას მივაღწევთ და ხელს მოვაწერთ მაშინვე მოვკვდებით…თუმცა იმ საზოგადოებაში გავცოცხლდებით, რომელშიც ჩვენი შექმნილი კანონები ამოქმედდება. მთავარი კი ისაა, რომ არც ერთს არ გვეცოდინება, რა ადგილს დავიკავებთ ამ ახალ საზოგადოებში ან რა სქესისა ვიქნებით…

დაფიქრდით? ე.ი. უკვე კომუნისტები ხართ? 😀 

მცველის “დაცვა” ანუ რატომ ატყდა ისტერიკა?

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიტიკოსები თუ მათთან გათანაბრებული პირები ეროვნულ-სარწმუნოებრივმა ისტერიკამ მოიცვა. ვიღაც ქუდზე კაცის გამოძახებას ითხოვდა,მავანი შურისძიებით იმუქრებოდა, ზოგი უკვე შეკრების ადგილს არჩევდა, ნაწილმა კი პარლამენტის წინ აქციის გამართვაც მოასწრო. ყველა გამომსვლელი ეკლესიის დაცვისა და სარწმუნოების ზრუნვისკენ მოუწოდებდა ხალხს.

მართლმადიდებლობაზე ზრუნვისათვის რაიმე აქციისა თუ ღონისძიების გამართვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც ეკლესია თავად არის უფალ იესოს მიერ დაარსებული კრებული, რომელიც აქეთ გვიცავს და მას სასუნთქ აპარატზე შეერთებული პოლიტიკოსების დაცვა არ ჭირდება. პოლიტიკოსებისა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ კამერების თანხლებით დადიან ეკლესიაში.

ეკლესიას დაცვა არ უნდა, ეკლესია უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მასში ყოფნით, საიდუმლოებებში მონაწილეობითა და ეკლესიის არაწევრი ადამიანებისთვის იმის ჩვენებით, რომ ეკლესიური ადამიანი არის, ან ცდილობს იყოს სიყვარულით და სიკეთით აღსავსე პიროვნება.

გარდა ამისა წმიდა მოციქულთა 39-ე კანონი – „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე“ ლაოდიკიის კრების 57-ე კანონი – „ასევე მღვდელმა არაფერი გააკეთოს თუ ეპისკოპოსს არ აცნობებს“ გვასწავლის, რომ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არავითარი მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმართვა არ შეიძლება. ნეტა იმ მომიტინგეებს, რომლებიც აქციებითა და ჯვაროსნული ომებით იმუქრებიან რომელი მეუფისგან აქვთ კურთხევა? და რადგან ჩვენ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში ვიმყოფებით ასეთი კურთხევის გაცემა მხოლოდ პატრირქს შეუძლია, მის უწმიდესობას კი მსგავსი არაფერი უთქვამს. პირიქით, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ „ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას.“

არადოგმატური საკითხი

ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას რიგი სასულიერო პირების ქმედების მიმართ, საკითხში ჩაუხედავი ადამიანები სამწუხაროდ პატრიარქზე აიგივებენ რაც პირად (და არა საჯარო!) სივრცეში გაურკვევლობას ქმნის. გადავწყვიტე ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მიმართ.

ბავშვობიდან მისი სიყვარულით ვიზრდებოდი. ჯერ კიდევ ბავშვი, როდესაც მის მღვდელთმთავრულ ღირსებასა და დიდებულებას ვხედავდი, მისი ხილვით ვტკბებოდი. როცა იმ ასაკის გავხდი, რომ განსჯის უნარი მქონდა შევაფასე მისი მაღალი სულიერი ღირსება, მადლიანი უბრალოება, გულღიაობა, სიკეთე, სიმშვიდე, სულიერება. მე დავინახე, ყველაფერი ეს როგორ ჰქონდა შეხამებული მას მამისეულ ლმობიერებასა და თავდაჭერილობასთან. მე ყოველთვის მსიამოვნებს მასთან ყოფნა და მას ყველაზე პატივსაცემ და სათნო ადამიანების რიგში ვაყენებ.

სტუდენტები არჩევანის ზღვარზე

რამდენიმე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები პროტესტს უცხადებენ, თავადაც არ იციან რას. ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა, ის რამაც პროტეტესტს დაუდო სათავე აღარავის ახსოვს და მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა.  უნივერსიტეტის II კორპუსის წინ შეკრებილი სტუდენტები მოითხოვდნენ შემწყდარიყო განსხვავებული აზრის გამო თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. მოითხოვდნენ, მაგრამ ვისგან თავადაც არ იცოდნენ ან იცოდნენ და განზრახ ჩადიოდნენ პოპულისტურ ქმედებებს, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და ალბათ არც მოჰყვება.

მოძალადეების დასჯა სამართალდამცავების პრეროგატივაა და ის არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში. თუ გცემეს ან შენს ფიზიკურ არსებობას რაიმე სახის საფრთხე ემუქრება პოლიციაში უნდა დარეკო და მათგან მოითხოვო საჭირო ზომების მიღება, თუ სამართალდამცავები განცხადებას წარმოებაში არ მიიღებენ მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ქუჩაში გამოსვლას აზრი. მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერც ერთმა ნაცემმა სტუდენტმა ვერ ახსნა თუ რატომ არ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, “ფეისბუქზე” მათი პოსტების კითხვისას კი აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი დაზარელებული არ ენდობოდა სამართალდამცველებს, რადგან მათ არ დაიცვეს დევნილები, არ დაიცვეს ვეტერანები და მასაც არავინ დაიცავდა “ნაც-მოძრაობის” ახალგაზრდა   წევრებსგან.

მსგავსი განცხადებები საფრთხეს უქმნის პროტესტანტთა მოძრაობას და თვითმართველობის წისქვილზე ასხამს წყალს. თავიდან, რომ ავიცილო ჩემი მიკუთვნებულობა გამცხადებლთან (და ამის შესაძლებლობა არის, რადგან პირველივე დღიდან ერთ ძალიან დიდ და ძალიან ჭრელ ბანაკში ვართ) ვახდენ ჩემი ხედვის დეკლარირებას.

1) თუ თვითმმართველობის წევრები ახდენენ სტუდენტებზე ანგარიშსწორებას მათ წინააღმდეგ სარჩელი უნდა შეიტანო, თვითმართველობა არ არის ვალდებული დასაჯოს კრიმინალები. თუ “რესპუბლიკური” საავადმყოფოს ექიმი ქუჩაში გამვლელს სცემს, გამვლელმა აქციები “რესპუბლიკური” საავადმყოფოს წინ, ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით არ უნდა ჩაატაროს.

2) უნდა მოხდეს სტუდენტთა მოთხოვნებისა და მიზნების დეკლარირება, რათა თავიდან იქმნას აცილებული გარკვეული ჯგუფების მიერ სტუდენტებით მანიპულირების მცდელობა. ჩემთვისაც კი, რომელიც ამ მოვლენების დაწყების დღიდან ყველა გადაწყვეტილების საქმის კურსში ვარ, უცნობი რჩება მოძრაობის მიზნებიც და საშუალებებიც. ადვილი წარმოსადგენია თუ რაოდენ ძნელი მისატანია ჩვენი სათქმელი საზოგადოების ყურამდე.

3) სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს კარგად ორგანიზებულ სტრუქტურას, განსხვავებით იმათგან ვინც მათ ვუპირიპირდებით. საჭიროდ მიმაჩნია, შეიქმნას სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო ან ალტერნატიული თვითმართველობა, რომელსაც ეყოლება არჩეული ლიდერი. ამით ნეიტრალურ სტუდენტს მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება და დასრულდება თვითმართველობის მონოპოლისტობის ეპოქა.

4) დაპირისპირების დაწყების პირველივე დღეს სტუდენტებს ვთხოვე შეგვესწავლა “კმარას” გამოცდილება, სამწუხაროდ სტუდენტთა რაღაც ნაწილს თეა თუთბერიძე კვლავ ბუად წარმოუდგენია და ჩემი ეს შეთავაზება მაშინვე იქნა უარყოფილი, ამავე დროს, მათ ნაწილს წარმოუდგენლად ეჩვენება კონკურენცია გაუწიოს თვითმართველობას, რომლის ბიუჯეტიც 550 000 ლარს შეადგენს. სწორედ ასეთი შიშების თავიდან აცილებისთვის ვთხოვე მათ გადაეხედათ “კმარას” გამოცდილებისთვის. თუ მოძრაობა “კმარა” ქვეყნის პოლიტიკაზე ახდენდა გავლენას, ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, რატომ არის შეუძლებელი სტუდენტთა მოძრაობამ უნივერსიტეტის პოლიტიკაზე მოახდინოს გავლენა? 

ალტერნატიული მმართველობის ჩამოყალიბების შემთხვევაში ის ღია უნდა იყოს ყველა სხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც დააკმაყოფილებს მის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს.