Posts Tagged ‘სიყვარული’

სიყვარული და რეპროდუქცია

სიყვარულსა და ომში ყველაფერი გამართლებულიაო- ალბათ, უამრავჯერ გვითქვამს ეს ფრაზა საკუთარი თავისთვის, როდესაც რჩეულის გულის მოსაგებად ათასგვარ ტყუილს, ხრიკსა თუ ოინს მივმართავდით.

სიყვარული არის მთავარი თემა უამრავი ფილმისა, სერიალისა, ხელოვნების ნიმუშისა და რომანისა. ამ უკანასკნელთა აურაცხელი რაოდენობა საუკუნიდან საუკუნამდე ყოველწლიურად პურეულივით მოჰყავთ ხოლმე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს ყვალაფერი სხვა არაფერია თუ არა ვნებათა მოკლე ან ვრცელი აღწერა. მათ შორის საუკეთესოებმა, მაგალითად „რომეო და ჯულიეტამ“ „ტრისტანი და იზოლდამ,“ გნებავთ „ვეფხისტყაოსანმა“ საუკუნო დიდება დაიმკვიდრეს.

შეუძლებელია სიყვარულის ჭკუით ახსნა, რადგან ჭკუას იქ არაფერი ესაქმება რაც უჭკუობით აღმოცენდა. სიყვარული ინსტინქტია, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას ადამიანის ცხოვრების სხვა მიზნებზე. ეს მიზანი მომდევნო თაობის შექმნაა. ყოველი წყვილის სასიყვარულო ისტორიები ზრუნვაა მომავალი თაობის შექმნისთვის. თაობისა, რომელიც თავის მხრივ აურაცხელ ახალ თაობათა სათავედ იქცევა.

სასიყვარულო თემატიკა და „თესლის გამრავლება“ უცხო არ არის არც ბიბლიისთვის. ყველაზე ძლიერი ალბათ დავითის ისტორიაა, არადა ეს ეწინააღმდეგება კანონიერ ცოლქმრობას. მეფეს ერთი ნახვით შეუყვარდა ჰურია ქეტელის ლამაზი ცოლი. ბრძენმა და კეთილმა მეფამ სიყვარულისგან ჭკუა დაკარგა და ყველაფერი იღონა, რათა ჰურია ქეტელი ბრძოლის ველზე მომკვდარიყო. ასე ჩაიგდო ხელში მისი დაქვრივებული ცოლი. ამას ერთადერთი, მესიანისტური გამართლება აქვს. მეფეს ინსტინქტმა უკარნახა, რომ სოლომონი, რომელიც იდეათა სამყაროში უკვე არსებობდა, შეუძლებელი იყო დაბადებულიყო სხვა ქალისგან, თუ არა ბერსაბიასაგან.

ინსტინქტი ილუზიით ინიღბება. წყვილს ჰგონია, რომ მხოლოდ მისი რჩეულის ხვევნა-კოცნაში იპოვის მეტ ტკბობას, ამიტომ მას ეჩვენება რომ საკუთარი თავისთვის ირჯება, სინამდვილეშე კი ის გვარეობის დემონს ემორჩილება და ქმნის ინდივიდს, რომელიც მხოლოდ ამ წყვილისგან გაჩნდება. ამის შემდეგ კი ყველაფერი სრულდება, ისევე როგორც ჩიტი წყვეტს ჭიკჭიკს კვერცხების დადების შემდეგ.

ადამიანის ცხოვრება ტანჯვა და წამებაა, ამიტომ მე ვადანაშაულებ ყველა შეყვარებულ წყვილს შეთქმულებაში! თქვენ შეთქმულები ბრძანდებით კაცობრიობის წინაშე! თქვენ წელავთ ქვეყნიერების დღეებს! საკამრიასია, შეწყვიტეთ! მაგრამ ვიცი არ გაჩერდებით, ისევე, როგორც აქამდე არ გაჩერდნენ თქვენი წინაპრები, მსგავსი გრძნობებით შეპყრობილები!

 

როდესაც სცენაზე კვდები

 

 

გაიხსენეთ რამდენჯერ გიტირიათ ფილმების ნახვისას, როდესაც მთავარი გმირი კვდება. ბავშვობაში ყველას გულამოფსკვნილს დაგვიტირია მეფე ლომი და უმწეობისგან მუშტის ოდენა ცრემლები გვიყლაპია, როცა ბემბის დედა მონადირემ მოკლა. აქ კი წარმოგიდგენთ სცენაზე სიკვდილის 5 საუკეთესო მომენტს, მიუხედავად ტრაგედიისა და დამძიმებული გულისა წარმოდგენის ნახვა ისევ და ისევ გინდა. ნუმერაციას მნიშვნელობა არა აქვს.

1)ტომარაში გახვეული ჯილდას ცხედარი-„რიგოლეტო“
საშინელების მომასწავლებელი ქარიშხალი ჩადგება, ჯილდას მამა ბედნიერია, რადგან შური იძია ქალიშვილის ნამუსის შეგინებისთვის. თუმცა მოძალადეზე შეყვარებული ჯილდა თავად ხდება ჯალათის მსხვერპლი. ცხედრის მდინარეში გადაგდებამდე რიგოლეტო ტომარას თავს ხსნის და იქ ქალიშვილის უსიცოცხლო სხეულოს ხედავს.

2) შემთხვევით დამწვარი შვილი და მოკლული ძმა-„ტრუბადური“

გრაფზე შურისძიების წყურვილით დაბრმავებული ბოშა ქალი, კოცონზე გრაფის ჩვილის მაგივრად თავისას დაწვავს. დიდგვაროვანის შვილს თავისად გაასაღებს, გრაფის მემკვიდრეობას კი გრაფის სხვა ძე იღებს. წლების შემდეგ ძმა გვევლინება ძმის მკვლელად, რადგან ის უბრალო ბოშა ჰგონია. დედობილმა ბოშა ქალმა შური იძია, დიდგვაროვანის ვაჟი მისივე ძმამ კოცონზა დაწვა, თუმცა ტრაგედიის შემყურეს გული უსკდება. აქაც დაუნდობელია ჯუზეპე ვერდი.

3)სატრფოსთან ერთად სიკვდილი-„აიდა“
სასოწარკვეთილი „დამნაშავე“ ქურუმთა არაჰუმანურობას წყევლის, განაჩენი გადასინჯვას არ ექვემდებარება, ის უნდა მოკლან. სიკვდილის წინ რადამისი სატრფოზე ოცნებობს. რადამისთან მივიდა აიდა, რომელმაც გადაწყვიტა, მიჯნურთან ერთად დაიღუპოს. ქვესკნელის ღმერთებს რადამისი სულიერ სიმშვიდეს შესთხოვს.

4)დარღვეული ცელიბატის აღთქმა-„ნორმა“
ვენჩინო ბელინის ტრაგედიები ვერდისას არაფრით ჩამოუვარდება. ნორმა, რომელმაც აღთქმა დაარღვია მამას ემშვიდობება და სალოცავის შერყვნისთვის მიჯნურ პოლიონესთან ერთად აბრძანდება კოცონზე.

5) ბერძნული ტრაგიზმი-„ფედრას სიყვარული“
მეოცე საუკუნეში მოღვაწე დრამატურგმა სარა კეინმა ბერძნული მითოლოგიის გმირის, ფედრას ისტორიის თავისებური ინტერპრეტაცია მოგვცა. ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე… მთელი ბრძნული მითოლოგია სიკვდილი და ტრაგედიაა. „ფედრას სიყვარულშიც“ ერთ-ერთი საზარელი და ლამაზი სიკვდილია გადმოცემული.

შევჩუკი და ბუღაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიის კურსს, სამხატვრო აკადემიის რექტორი, გია ბუღაძე გვიკითხავს, სწორედ მის ლექციაზე შედგა ჩვენს შორის ეს დიალოგი:

“-ვაღიარებ, მე შევხვედრილვარ  ბენედიქტ XVI-ს და მანამდე ივანე პავლე  II-ს”

“-აღიარებთ? რა დანაშაულია?”

“-დანაშაული არ არის,მაგრამ ბევრს არ სიამოვნებს ეს,ამიტომ არ ვამბობ”

არ ვიცი ახლა რას ასწავლიან,მაგრამ ჩემს დროს პირველი კლასის “დედა ენის” წიგნში ერთი საინტერესო ლექსი ეწერა, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, შემდეგნაირად ჟღერდა:

ონკანიდან წყალი მოდის
ატალახდა ჩვენი ეზო,
სუყველაფერს ხედავს კესო
სუყველაფერს ხედავს რეზო.

ორივენი ღია ონკანს
აუვლიან, ჩაუვლიან,
ხომ არაფერს აშავებენ,
მაინც დანაშაულია.

კარგი იქნებოდა ამ პატარა ლექსის მორალი ქართველ ხელოვანებს კარგად გაეთავისებინათ. ნეტა გამოჩნდება ვინმე, ვინც ღიად იტყვის, ქართველი ერი ცხვრებს დაგვამსგავსეს, იტყვის ვინმე რომ ბელადებს არ უნდა ვაღმერთებდეთ,რა მნიშვნელობა აქვს ის ჩვენი იქნება თუ სხვისი, წვერი ექნება მოშვებული თუ გაპარსული?

თქვენ უნდა თქვათ ის, რასაც არ ამბობენ “კა-გე-ბეს” გამოზრდილი ღიპიანი პოლიტიკოსები თუ ღიპზე ჯვარდასვენებული ყოფილი “კა-გე-ბე-შნიკები.”

როდესაც ქართველ ახალგაზრდებში ყველა პოპულარული ის ჯგუფია,რომელიც პოლიციას უმღერის, თქვენ უნდა გამოხვიდეთ და ჯონ ლენონის მსგავსად სიყვარულით თქვათ:

ჩვენ გვიყვარს !
ჩვენ გვიყვარს კათოლიკეები!
ჩვენ გვიყვარს  ბაფტისტები!
ჩვენ გვიყვარს რუსის ვანიებიც!
ჩვენ არ დავჭრით ბელადის მხილებისთვის!

გააკეთეთ ის,რასაც შევჩუკი აკეთებს რუსეთში.

 

იდეოლოგიზირებული მუსიკა

ყოველი მუსიკალური მიმდინარეობა, რომელსაც ასეთად ყოფნაზე აქვს პრეტენზია, გარკვეულწილად ქადაგებს რაღაც იდეოლოგიას, ამკვიდრებს კონკრეტულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება კონკრეტულ სხვებს.

მუსიკა ყოველთვის იყო მასებზე ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალება,ნაცისტურ გერმანიაში შოუ-ბიზნესი “განათლებისა და პროპაგანდის” სამინისტროს ებარა,მსგავსი უწყება არ არსებობდა საბჭოთა კავშირში თუმცა შეუძლებელი იყო ცენზორის ყოვლისმხედველ თვალს რეჟიმის საწინააღმდეგო გაპარვოდა.

განსხვავებული ვითარებაა ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. ასე მაგალითად: 70-იანი წლების ბრიტანული როკი სიყვარულსა და თავისუფლებას ადიდებდა,ამერიკის აფრიკული ძირების მქონე რეპი, აშშ-ში სოციალურ უთანასწორობას და შავკანიანთა ჩაგვრას უსვამდა ხაზს. ორივე ქვეყნის რეპერტუარში პაციფიზმსა და სიყვარულს განსაკუთრებული ადგილი ეკავა,განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან.

თუ სსრკ-ში “нерушимый союз”-ს უმღეროდენ,დესავლეთში წარმოშობით ინგლისელი პოლ მაკარტნი ბრიტანულ ოკუპაციას აპროტესტებდა ჩრდილოეთ ირლანდიაში,როდესაც საბჭოთა კავშირში ბელადებზე სიმღერებს თხზავდნენ,შეერთებულ შტატებში ამერიკელი მომღერლები ვიეტნამის სამხედრო კამპანიას მუსიკით ებრძოდნენ. რომელმა მიდგომამ გაამართლა დღეს ყველასთვის ნათელია.

სამწუხაროდ საბჭოთა ტრადიციებს ერთგულად აგრძელებენ ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები,უფრო სწორად ვარსკვლავის მოვალეობის შემსრულებელნი. აქ მთავარი თემებია ქალი და სამშობლო(ე.წ. ქურდულებზე, რომლებიც მხოლოდ თბილისურ-ქუთაისური ქუჩური ცხოვრების მორალზეა აგებული და  “კაი ბიჭების” იდეოლოგიას წარმოადგენს აღარაფერს ვამბობ)

ქართულ სიმღერებში ქალი,ლტოლვის ობიექტის განხილვას წარმოადგენს და არა სიყვარულის საგანს,სამშობლო კი მეტაფიზიკურ საგანს,რომლის დასაცავადაც “ხმალი უნდა ავლესოთ” და “მეზობლებს ქართული გაკვეთილი ჩავუტაროთ.”  საბჭოთა კავშირის მსგავსად საქართველოში მილიტარისტული სულისკვეთება უპირისპირდება დასავლეთში არსებულ პაციფისტურს.

ჩემი აზრით,ეს ისაა რასაც მუსიკა არ უნდა ქადაგებდეს,სამხედრო საქმე თავდაცვის სამინისტროს დავავალოთ,მუსიკა კი სიყვარულის სამსახურში ჩავაყენოთ,თუნდაც იმ ჯარისკაცის გამო,რომელიც ბაზიდან დაღლილი ბრუნდება და რამე “სასიყვარულოს” მოსმენას მოინდომებს.

სიკვდილი ვენეციაში

დღეს (და სერთოდაც არასდროს) ეს ასოციაცია არ გამიჩნდებოდა რომ არა ერთი პატარა ინციდენტი.”პატარაო” ვამბობ თუ არა ისე  ქართული, ნაკითხ-განათლებული სტუდენტობა-საზოგადოების დიდი ნაწილის,რეალურ სახეს გვიჩვენებს

ვინც მიცნობს ეცოდინება,წარმოშობით სამტრედიიდან ვარ და თბილისში მყოფ თითქმის ყველა სამტრედიელს ვიცნობ (ფუ რა სოფლელია (c) ვიღაც ვინც ახლა ჩემს ბლოგს კითხულობს) ერთმანეთს იშვიათად,მაგრამ მაინც ვხვდებით,ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი დღესაც მოხდა.

სულ ათნი ვიყავით,სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები,4 ბიჭი და 6 გოგო,პირველ,მეორე და მესამე კურსელები.

ბევრი რომ არ გავაგრძელო,ვიტყვი რომ საუბარი ფილმებზე ჩამოვარდა,ვთქვი რომ არ მომწონდა ვისკონტის ყველაზე გაპიარებული ფილმი “სიკვდილი ვენეციაში,რადგან…ვაპირებდი მეთქვა “ცდუნება” სჯობს,მაგრამ ვინ მაცადა?! ჩემს წინ 3 ბიჭი და 4 გოგო ერთბაშად წამოიშალა (დანარჩენი ორი ვერ მიხვდა რაზე ვსაუბრობდი) ტაში დამიკრეს,აქაოდა პიდარასტებს აგინებსო,იქ რომ დეფი ყოფილიყო ალბათ იტყოდა: “მე მიყვარს პიდარასტები” თუმცა ეს ახლა არაფერ შუაშია.

როდესაც გავარკვიე რომ მათ ჩემი სათქმელი არასწორად გაიგეს ახსნა დავუწყე (ეჭვი მაქვს აწი არასდროს არასად არ დამპატიჟებენ)

ქართულ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნილება ვინმეზე, ვისიც შეგვეშინდება, ვისკენაც აგრესიას მივმართავთ,ასეთები დღეს “პიდარასტები” არიან და რადგანაც ჩვენში აგრესიის დიდი დოზაა, ყველაფერი “პიდარასტულად” უნდა შევრაცხოდ,რათა ჩხუბისა და ლაპარაკის საბაბი მოგვეცეს

მგონი უადგილოა ამ ფილმთან მიმართებაში ჰომოსექსუალობაზე ლაპარაკი. “სიკვდილი ვენეციაში” ამ საკითხს კი არ ეხება, არამედ იმას რაც, როგორც ჩანს, ბევრისთვის ძნელად დასანახი და გაუგებარია,ტაძიო ქიმერაა, სილამაზის სიმბოლოა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს, ისევე როგორც ხელოვნება

ჩემი აზრით მოთხრობაზე (და აქედან გამომდინარე, ფილმზე) დიდი გავლენა აქვს ანტიკურ ფილოსოფიას. მოთხრობაში

ტაძიო

საკმარისად ბევრგან არის ნახსენები ბერძნული მითები ტაძიოს და მისი სილამაზის ხაზგასასმელად. თვითონ სილამაზის და სიყვარულის გაგებაც ახლოსაა პლატონის (და არა მარტო) იდეებთან…

მოკლედ, თუ ანტიკური ფილოსოფია გვესმის, როგორც ჰომოსელქსუალობის  ქება-დიდება, მაშინ ეს მოთხრობაც/ფილმიც შეგვიძლია ესე გავიგოთ. კი ბატონო, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც მეპარება ეჭვი “სიკვდილი ვენეციაში” ესეთი მარტივი იყოს…

ერთადერთი მიზეზი რის გამოც ჩემმა ოპონენტებმა ეს ფილმი დაიწუნეს,მოვიყვან ციტატას: “მისი პიდარასტული ბუნებაა”

ამავე ლოგიკით ჩვენ სოკრატეზე,არისტოტელეზე და კარავაჯოზე უარი უნდა ვთქვათ (დაიწვას!)

მაპატიეთ მეგობრებო,მაგრამ მე ჩემს თავს ამ ფუფუნებას ვერ მოვაკლებ

ქალაქ-სახელმწიფო ალექსანდრია

მიწისძვრებმა ჩაიარა,ამდენი წლის ნაშენები ხუხულასავით დაინგრა, I lose,but I don’t lose the lesson

ცუნამის საფრთხემაც გადაიარა და ეს-ესაა ქალაქ-სახელმწიფოში ЧП (чрезвычайное происшествие) დასრულებულად გამოვაცხადე

ალექსანდრია ძალიან უცნაური წარმონაქმნია,სახელმწიფოც კი არ ერქმის,რადგან სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს,უფრო სწორად ევროკავშირის ტიპის კონფედერაციაში,რომლის შტაბ-ბინაც ქავთარაძეზე,”მაღლივის” მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს არის განთავსებული…”ბენილუქსის”(ბელგია,ჰოლანდია,ლუქსემბურგი) დარად ამ გაერთიანებას “ალგალაქსი” ვუწოდე (ალექსანდრე,ლაშა,გიორგი)*

ალექსანდრია საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკაა,ტერიტორიის ფედერაციული მოწყობით.

ფართობი: 188 სმ.

ნეტო: 78კგ

ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს მინისტრთა საბჭო (ტვინი)

საბჭოს უცვლელი წევრები არიან,საგარეო საქმეთა მინისტრი,რომელიც არეგულირებს ურთიერთობას გარშემომყოფებთან(ლაშა,გიორგი,მეგობრები,სასიყვარულო ინტრიგები,ჯგუფელები) დავდაცვის მინისტრი,რომლის დაქვემდებარებაშიცაა სახელმწიფო არქივი,რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიხსნმება და სხვა “რესპუბლიკებს” ზიანს მიაყენებს 😛

განსხვავავებით გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან,შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსანდრიაში ძალოვან სტრუქტურას არ წარმოადგენს და სახელმწიფოში მხოლოდდამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებით (ტანსაცმელი,ბლა-ბლა-ბლა…) არის დაკავებული,შემოსავლების სამინისტროს ევალება ბიუჯეტის ანუ ჩემი ძმის მიერ გამოგზავნილი ფულის სწორად განკარგვა(ალბათ მინისტრს მალე შევცვლი,რადგან სახელმწიფო ხაზინაში გარღვევაა :S ) ასევე არსებობს განათლებისა და ზესაიდუმლო საგანგებო სიტუაციათა სამინისტო 🙂

სამინისტროების კოორდინირებულ მუშაობაზე პასუხისმგებელია,ავტონომიური სტრუქტურა, დაგეგმარების დეპარტამენტი

პარლამენტარებად იწოდებიან ისინი,ვისთანაც ალექსანდრია ემოციურ კავშირს ამყარებს,სამწუხაროდ,პერიოდულად გადახალისდებიან ხოლმე :user:

ამ ეტაპზე სახელმწიფოს პრიორიტეტებს წარმოადგენს,გულის სეპარატისტული რესპუბლიკის ინტეგრირება და მის ტერიტორიაზე სასაფლაოს მოწყობა,სადაც უსიამოვნო მოგონებებს დამარხავს,თუ არა დავემსგავსე ნაგვით მოფენილ ნეაპოლის ქუჩებს 🙂

კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ახალი სახე(ები),მათ შემოსვლას ჩემს თანამეგობრობაში გარე ძალებიც უშლიან ხელს,აქაოდა საკავშირო კანონები დაირღვევაო :user:

 

 

*-ჩემი roommate-ები 🙂

24 ოქტომბრის მდგომარეობით

1. დაქვეითებული გუნება-განწყობა მთელი დღის განმავლობაში
2. ინტერესების შემცირება და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება ყველაფერში ან თითქმის ყველაფერში.
3. ცვლილებები წონასა და მადაში
4. უძილობა ან ჭარბი ძილიანობა თითქმის ყოველდღე.
5. ფსიქომოტორული (მოძრაობითი) შენელება ან პირიქით აჩქარება/აღგზნება.
6. დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა თითქმის ყოველდღე.
7. თითქმის ყოველდღიური, საკუთარი უვარგისობის, არარაობის და ბრალეულობის გადაჭარბებული შეგრძნება.
8. აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრიტრების გაძნელება.
9. სუიციდალური აზრები, ფიქრები სიკვდილის შესახებ (მაგრამ არა სიკვდილის შიში).