Posts Tagged ‘ტრადიცია’

ვინ მოგვპარა შობა?

“ბეჭდურ მედიაში” ლექტორმა პოსტის დაწერა გვთხოვა და აი ისიც, თუმცა სანამ ლექტორი წაიკითხვადეს, ჩემივე ბლოგის მეშვეობით ჩემს მკითხველს გავაცნობ

 

7 იანვარს საქართველოს  ქალაქების ცენტრალურ უბნებში ნაკლებად ან სულაც არ იგრძნობა საშობაო განწყობა. თითქოს მთელ ქვეყანას გრინჩების ლაშქარმა გადაუარა და მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობა წაართვა. შობა თანდათან ისე შეერწყა ახალ წელს, რომ ამ უკანასკნელმა ის სულ ბოლომდე შთანთქა. თუ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა საშობაო ფასდაკლებებს, საშობაო არდადეგებს, საშობაოდ ე.წ. მეცამეტე ხელფასს ელოდება, ჩვენთან ეს ყველაფერი ახალ წელს უკავშირდება. ახალ წელთან არის დაკავშირებული საშობაო ნაძვის ხის მორთვაც და ერთმანეთისთვის საშობაო საჩუქრების გაკეთებაც. ქართველი ბავშვიც, დასავლელი თანატოლის მსგავსად 25 დეკემბერს ან თუნდაც 7 იანვარს კი არ ელის სანტა კლაუსს, არამედ ახალი წლის ღამეს.

დასავლეთში საუკუნეზე მეტია შობამ რელიგიური რიდე აიხადა და ევროპული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საკრალური მომენტი აქ ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, კულტურის მკვლევრები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ თვით თოვლის პაპაც კი ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი-ნიკოლოზ საკვირველმოქმედია, ოღონდ ერთგვარი სახეცვლილი და გახალხურებული. სანტა კლაუსი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ აქცია მოდერნისტულმა თეოლოგიამ საკრალური პროფანულად.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე საქართველოში შობის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კალენდარულ საკითხს ასახელებს.

”ადრე შობა ძალიან დიდი დღესასწაული იყო და მისი უკანა პლანზე გადაწევა იულიუსის კალენდარმაც გამოიწვია. მოსახლეობა კი ნაკლებად ინტერესდება აღნიშნული საკითხით, რაც შობის მივიწყებულ მდგომარეობაში ყოფნას კიდევ უფრო ახანგრძლივებს”

იმავე მოსაზრებას იზიარებს კულტუროლოგი ია უძილაურიც, მისი თქმით ახალი წლისთვის უპირატესობის მინიჭება იმან გამოიწვია რომ შობას ძველი სტილით ვზეიმობთ.

ცოტა განსხვავებული აზრი აქვს დეკანოზ ლევან მათეშვილს. მამა ლევანის თქმით შობის გაუფასურება ყოფით დონეზე საბჭოთა მმართველობის შედეგია.

”ნაძალადევი სოციალისტური ზეიმების პარალელურად ახალი წელი იყო ერთადერთი მოვლენა, რომელიც არ იკრძალებოდა, განსხვავებით რელიგიური დღესასწაულებისგან. სწორედ ამან განაპირობა რომ მოსახლეობამ შობასთან დაკავშირებული ტრადიციების ტრანსორმაცია ახალ წლის აღნიშვნაში მოახდინა”

მართლაც, საბჭოთა პერიოდში, აზრისა და წარმოდგენების შეზღუდული თავისუფლების პირობებში აღნიშნული საკითხი პრესაში ვერ პოულბდა ობიექტურ გაშუქებას, რადგან მკვლევარები იძულებულნი იყვნენ შობის აღმნიშვნელებში დაენახათ დასავლეთის სახელმწიფოს აგენტები და თვით შობაში კი ბურჟუების რეაქციული ძალა.

საბჭოთა სივრცეში შობის გაუფასურების პარალელურად სულ უფრო და უფრო მკვიდრდებოდა ის დასავლურ ცივილიზაციაში, ამას მოწმობს უამრავი ჰოლივუდური ფილმი შობაზე თუ მთელ მსოფლიოში ჰიტად გცეული საშობაო სიმღერები.

არადა თუ ისტორია დინამიკურად განვითარდებოდა შობას აღმოსავლეთ კულტურაში უნდა დაეკავებინა ის ადგილი, რაც დღეს მას აქვს დასავლურ ცივილიზაციაში. ბერძენი ღვთისმეტყველებისგან განსხვავებით, დასავლეთის თეოლოგებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი ემოციური დაძაბულობა. ლათინებისათვის ქრისტეს ცხოვრებაში უმთავრესი ეპიზოდი იყო მისი ჯვარცმა. აღმოსავლეთ ქრისტიანები კი პირიქით, წინა პლანზე სწევდნენ ქრისტეს ხორცშესხმას ანუ შობას, ღმერთის მიერ ადამიანური სხეულის მიღებას. სწორედ შობა მიაჩნდა ბიზანტიურ ღვთისმეტყველებას კაცობრიობის ხსნის საწინდრად. თუმცა აღმოსავლეთში წითელმა რევოლუციამ და დასავლეთში პროტესტანტების მიერ სოციალურ მსახურებაზე გადატანილმა აქცენტებმა ყველაფერი შეცვალა.  წითელმა ხელისუფლებამ მოახდინა შობის გამიწიერება აგრესიული და ძალდატანებითი მეთოდით, დასავლეთში კი პროტესტანტული და კათოლიკე ეკლესიის კონკურენციის შედეგად მივიღეთ მხიარული შობა, რომელიც ადვილად იპყრობს პოტენციური მრევლის ყურადღეაბას. სწორედ ამიტომ საშობაო ნაძვის ხეს გერმანიაში მცხოვრები თურქებიც დგამენ. შობას ყველა ზეიმობს, ღრმად მორწმუნე კათოლიკე, პროტესთანტი და ათეისტიც, ადგილობრივი ევროპელი თუ ჩასული აფრიკელი ან აზიელი ემიგრანტი. ის იქცა საყოველთაო დღესასწაულად.

მიუხედავად რადიკალური განსხვავებებისა ევროპულ და ქართულ შობას ერთი მთავარი რამ აერთიანებთ, ორივემ სეკულარული სახე მიიღო, მართალია ეს სახეები ძალიან განსხვავებულია, თუმცა ორივე სცილდება რელიგიურ ჩარჩოებს. თუ ჩვენთან შობა მარხვის დასასრულს, ღორის დაკვლასა და ხინკლაობის დასაწყისს უდრის, დასავლეთში ეს ოჯახის ერთად შეკრების მიზეზია. ქრისტე ორივე შემთხვევაში ნაკლებად ახსოვთ, თუმცა შობის აღნიშვნის დასავლური ტრადიცია ბევრად უფრო ახლოს დგას ქრისტიანობასთან, ვიდრე ქართული, ბოლოს და ბოლოს იესოს  შობაც ხომ მარიამისა და იოსების ოჯახური ბედნიერება იყო, როგორც ჩვენ დროში  25 დეკემბერი იქცა საშუალო სტატისტიკური ევროპული ოჯახის ბედნიერ დღედ.

Advertisements

აჩვენე ბიძიებს პასპორტი

როგორც წესი ქართულ ტრადიციებზე საუბრისას,პირველი რაც ახსენდებათ თამადის ინსტიტუტია,გრძელი და დაუსრულებელი სადღგრძელოები, ქელეხებსა თუ ქორწილებში ფულის ჩაწერა,მემთვრალეობა და ე.წ. ქეიფის ბოლოს- ჩხუბი. ზემოთ ჩამოთვლილი ტრადიციები ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია.

დღეს,საბედნიეროდ მასში არ შედის ის კომპონენტი,რაც 30-40 წლის წინ ჩვეული მოვლენა იყო. საბჭოთა კავშირმა,ჩვენს ტრადიციულ ქეიფს თავისი დაღი დაასვა. ჩემს უფროს ძმას,რომელსაც ადრეული ბავშვობის გატარება „პერესტროიკამდელ“ საქართველოშო მოუწია,მონაყოლი აქვს თუ რა გახდა მისი და მშობლების პირველი უთანხმოების მიზეზი. ყოველთვის როდესაც ჩვენს ოჯახში სტუმრები მოდიოდნენ და ქართული ტრადიციული სუფრა იშლებოდა,მეხუთე ან მეექვსე სადღეგრძელოს თქმისას,ჩემს ძმას უძახდნენ და ღიმილით ეუბნებოდნენ,ანახე ბიძიებს „პასპორტიო.“ ჩემი ძმაც მორჩილად ასრულებდა ამ თხოვნას,სანამ შვიდი წლისა არ გახდა და დემონსტრაციულად განაცხადა უარი შარვლის ჩაწევაზე.

აქამდე წინა თაობის ამ საქციელით არასდროს დავინტერესებულვარ,თუმცა რამდენიმე დღის წინ დათო ტურაშვილმა,მისსავე საღამოზე,როდესაც ის თავის მეგობარ ლაშა ბუღაძეზე საუბრობდა,მსგავსი ისტორია გაიხსენა,თურმე ლაშასაც პირველი კონფლიქტი მამამისთან მაშინ მოსვლია,როდესაც გიამ შარვლის ჩაწევა და სუფრაზე მსხდომი ბიძიებისთვის „პასპორტის“ ჩვენება სთხოვა.

გაირკვა,რომ მხოლოდ ჩემი და ბუღაძის ოჯახი არ ყოფილა გამონაკლისი, „პასპორტის“ ჩვენების ფენომენი საბჭოთა საქართველოში ჩვეული მოვლენა გახლდათ.

მას არაფერი ჰქონდა საერთო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებულ ფალოსის კულტთან (იაპონიაში დღემდე ეთაყვანებიან ფალოსს,მიაჩნიათ რომ იაპონიის კუნძულებს ფალოსის ფორმა აქვს, ამით ხსნიან მოსახლეობის მრავალრიცხოვნებასაც) არც ბადაგონის,ქართველთა ღვინის ღმერთის (რომლის სიმბოლოც ერეგირებული ასოა) სიყვარულით არ ჩადიოდნენ ამ საქციელს,რადგან შეუძლებელია ბადაგონის მიმართ სიყვარულს თავი მხოლოდ საბჭოთა კავშირში ეჩინა და მის დაშლასთან ერთად გამქრალიყო (ფაქტია 90-იანებში დაბადებულთათვის არასდროს მოუთხოვიათ სუფრაზე „პასპორტის“ ჩვენება და არც 21-ე საუკუნის საქართველოში შეიმჩნევა მსგავსი ტენდენცია)

ჩემი აზრით,საქმე სახელმწიფოებრიობის ან უფრო ქართველობის მიმართ ქართველთა ფარულ და ზოგჯერ დამახინჯებულ სიყვარულთან გვაქვს. მაშინ როდესაც არ გაგვაჩნდა საკუთარი დროშა,გერბი,ჰიმნი,ეროვნული პასპორტი, ქართველები ჯგუფთან მიკუთვნებულობას ამ საქციელით გამოხატავდნენ.

ფაშისტურ მისალმებაზე საუბრისას,წარმოშობით ავსტრიელი ფსიქოლოგი,ბრუნო ბეტელჰეიმი წერდა: „ჰიტლერის მრავალრიცხოვანი მომხრეებისათვის ყოველდღიური და მრავალჯერადად განმეორებული ნაცისტური მისალმება წარმოადგენდა საკუთარ თავში დარწმუნებულობის გამოხატულებას და სხვებზე უპირატესობის ნიშანს. ყოველთვის, როდესაც კანონმორჩილი სუბიექტი იმეორებდა მისალმებას, ხდებოდა მისი ეგოს განმტკიცება“

პარალელის გავლება არც თუ ისე რთულია, ნაცისტებისთვის წინ გასროლილი მარჯვენა ხელი და ჩვენთვის პატარა ბავშვის „პასპორტი,“ იმ დროინდელ საქართველოში, წარმოადგენდა სხვა პასპორტს, რომელიც ქართველთა ეგოს კიდევ უფრო ამყარებდა.