Posts Tagged ‘ფიქრები’

ვინ მოგვპარა შობა?

“ბეჭდურ მედიაში” ლექტორმა პოსტის დაწერა გვთხოვა და აი ისიც, თუმცა სანამ ლექტორი წაიკითხვადეს, ჩემივე ბლოგის მეშვეობით ჩემს მკითხველს გავაცნობ

 

7 იანვარს საქართველოს  ქალაქების ცენტრალურ უბნებში ნაკლებად ან სულაც არ იგრძნობა საშობაო განწყობა. თითქოს მთელ ქვეყანას გრინჩების ლაშქარმა გადაუარა და მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობა წაართვა. შობა თანდათან ისე შეერწყა ახალ წელს, რომ ამ უკანასკნელმა ის სულ ბოლომდე შთანთქა. თუ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა საშობაო ფასდაკლებებს, საშობაო არდადეგებს, საშობაოდ ე.წ. მეცამეტე ხელფასს ელოდება, ჩვენთან ეს ყველაფერი ახალ წელს უკავშირდება. ახალ წელთან არის დაკავშირებული საშობაო ნაძვის ხის მორთვაც და ერთმანეთისთვის საშობაო საჩუქრების გაკეთებაც. ქართველი ბავშვიც, დასავლელი თანატოლის მსგავსად 25 დეკემბერს ან თუნდაც 7 იანვარს კი არ ელის სანტა კლაუსს, არამედ ახალი წლის ღამეს.

დასავლეთში საუკუნეზე მეტია შობამ რელიგიური რიდე აიხადა და ევროპული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საკრალური მომენტი აქ ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, კულტურის მკვლევრები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ თვით თოვლის პაპაც კი ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი-ნიკოლოზ საკვირველმოქმედია, ოღონდ ერთგვარი სახეცვლილი და გახალხურებული. სანტა კლაუსი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ აქცია მოდერნისტულმა თეოლოგიამ საკრალური პროფანულად.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე საქართველოში შობის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კალენდარულ საკითხს ასახელებს.

”ადრე შობა ძალიან დიდი დღესასწაული იყო და მისი უკანა პლანზე გადაწევა იულიუსის კალენდარმაც გამოიწვია. მოსახლეობა კი ნაკლებად ინტერესდება აღნიშნული საკითხით, რაც შობის მივიწყებულ მდგომარეობაში ყოფნას კიდევ უფრო ახანგრძლივებს”

იმავე მოსაზრებას იზიარებს კულტუროლოგი ია უძილაურიც, მისი თქმით ახალი წლისთვის უპირატესობის მინიჭება იმან გამოიწვია რომ შობას ძველი სტილით ვზეიმობთ.

ცოტა განსხვავებული აზრი აქვს დეკანოზ ლევან მათეშვილს. მამა ლევანის თქმით შობის გაუფასურება ყოფით დონეზე საბჭოთა მმართველობის შედეგია.

”ნაძალადევი სოციალისტური ზეიმების პარალელურად ახალი წელი იყო ერთადერთი მოვლენა, რომელიც არ იკრძალებოდა, განსხვავებით რელიგიური დღესასწაულებისგან. სწორედ ამან განაპირობა რომ მოსახლეობამ შობასთან დაკავშირებული ტრადიციების ტრანსორმაცია ახალ წლის აღნიშვნაში მოახდინა”

მართლაც, საბჭოთა პერიოდში, აზრისა და წარმოდგენების შეზღუდული თავისუფლების პირობებში აღნიშნული საკითხი პრესაში ვერ პოულბდა ობიექტურ გაშუქებას, რადგან მკვლევარები იძულებულნი იყვნენ შობის აღმნიშვნელებში დაენახათ დასავლეთის სახელმწიფოს აგენტები და თვით შობაში კი ბურჟუების რეაქციული ძალა.

საბჭოთა სივრცეში შობის გაუფასურების პარალელურად სულ უფრო და უფრო მკვიდრდებოდა ის დასავლურ ცივილიზაციაში, ამას მოწმობს უამრავი ჰოლივუდური ფილმი შობაზე თუ მთელ მსოფლიოში ჰიტად გცეული საშობაო სიმღერები.

არადა თუ ისტორია დინამიკურად განვითარდებოდა შობას აღმოსავლეთ კულტურაში უნდა დაეკავებინა ის ადგილი, რაც დღეს მას აქვს დასავლურ ცივილიზაციაში. ბერძენი ღვთისმეტყველებისგან განსხვავებით, დასავლეთის თეოლოგებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი ემოციური დაძაბულობა. ლათინებისათვის ქრისტეს ცხოვრებაში უმთავრესი ეპიზოდი იყო მისი ჯვარცმა. აღმოსავლეთ ქრისტიანები კი პირიქით, წინა პლანზე სწევდნენ ქრისტეს ხორცშესხმას ანუ შობას, ღმერთის მიერ ადამიანური სხეულის მიღებას. სწორედ შობა მიაჩნდა ბიზანტიურ ღვთისმეტყველებას კაცობრიობის ხსნის საწინდრად. თუმცა აღმოსავლეთში წითელმა რევოლუციამ და დასავლეთში პროტესტანტების მიერ სოციალურ მსახურებაზე გადატანილმა აქცენტებმა ყველაფერი შეცვალა.  წითელმა ხელისუფლებამ მოახდინა შობის გამიწიერება აგრესიული და ძალდატანებითი მეთოდით, დასავლეთში კი პროტესტანტული და კათოლიკე ეკლესიის კონკურენციის შედეგად მივიღეთ მხიარული შობა, რომელიც ადვილად იპყრობს პოტენციური მრევლის ყურადღეაბას. სწორედ ამიტომ საშობაო ნაძვის ხეს გერმანიაში მცხოვრები თურქებიც დგამენ. შობას ყველა ზეიმობს, ღრმად მორწმუნე კათოლიკე, პროტესთანტი და ათეისტიც, ადგილობრივი ევროპელი თუ ჩასული აფრიკელი ან აზიელი ემიგრანტი. ის იქცა საყოველთაო დღესასწაულად.

მიუხედავად რადიკალური განსხვავებებისა ევროპულ და ქართულ შობას ერთი მთავარი რამ აერთიანებთ, ორივემ სეკულარული სახე მიიღო, მართალია ეს სახეები ძალიან განსხვავებულია, თუმცა ორივე სცილდება რელიგიურ ჩარჩოებს. თუ ჩვენთან შობა მარხვის დასასრულს, ღორის დაკვლასა და ხინკლაობის დასაწყისს უდრის, დასავლეთში ეს ოჯახის ერთად შეკრების მიზეზია. ქრისტე ორივე შემთხვევაში ნაკლებად ახსოვთ, თუმცა შობის აღნიშვნის დასავლური ტრადიცია ბევრად უფრო ახლოს დგას ქრისტიანობასთან, ვიდრე ქართული, ბოლოს და ბოლოს იესოს  შობაც ხომ მარიამისა და იოსების ოჯახური ბედნიერება იყო, როგორც ჩვენ დროში  25 დეკემბერი იქცა საშუალო სტატისტიკური ევროპული ოჯახის ბედნიერ დღედ.

Advertisements

სქელო, ქალუსია და კიდევ რამდენიმე

მალე ერთი თვე გახდება, რაც ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში დავიწყე მუშაობა, სამუშაოს სპეციპიკიდან გამომდინარე კვირაში მინიმუმ ორჯერ მიწევს ბავშვებს ექსკურსიაზე გავყვე, ბავშვების ასაკი კი 6-დან 11 წლამდე მერყეობს.

მნიშვენელობა არა აქვს 10-ბავშვიანი კერძო, ელიტური სასწავლებელია თუ 30-ბავშვიანი საჯარო სკოლა, კლასელებს შორის დამოკიდებულება და სუბორდინაციაც კი მგავსია.

ყველა კლასში არის სიმპატიური, კოხტად თმებდავარცხნილი ქერათმიანი ბიჭი, რომელსაც მუდმივად კარგად გაუთოებული პიჯაკი აცვია, სწავლითაც სანიმუშოა და ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, ის ერთნაირად არის თანაკლასელების, მასწავლებლისა და თანკლასელების მშობლების ფავორიტიც კი. დედები ცდილობენ მათი შვილი მის გვერდით დაჯდეს.  ის კლასის ნამდვილი ლიდერია, თუმცა თავის სტატუსს ბოროტად არ იყენებს, არც არავის არ ჩაგრავს .

კლასების უმრავლესობაში არის სათვალიანი ბიჭიც, რომელსაც ლიდერის გარდა ყველა დასცინის, მას როგორც წესი სასაცილო მეტსახელით მოიხსენიებენ, სათვალიანს არც სპორტი უყვარს და არც სხვა ჯგუფური თამაშები.

კლასში გვხდება პუტკუნა გოგოც, რომელსაც ბიჭები სქელოს ეძახიან, იმავე კლასში არის პუტკუნა ბიჭიც, თუმცა მას სიმსუქნის გამო არავინ დასცინის. გოგო  სათვალიანისგან განსხვავებით თამაშებში ატიურად ებმება ხოლმე.

შემდეგი ჩვენი გმირია ქალუსია ბიჭი, ყოველშემთხვევაში  მისი კლასელები ასე მოიხსენიებენ. ბავშვი ძალიან აქტიური და ამავე დროს დამჯერია, ცდილობს არც ერთ თამაშს არ გამორჩეს, თუმცა მასთან ერთ ჯგუფში ყოფნა არავის არ სურს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც კლასში შავგვრემანი ბიჭია, მას ყველა ზანგს ეძახის, ბიჭი ამაზე ბრაზდება და ჩხუბობს, ჩხუბები კი მასწავლებელთან საქმის გარჩევით მთავრდება.

ეს პირობითათ 402-ე კლასის ბავშვების სიაა, რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება რამდენიმე კატეგორიის გამოყოფა, თუმცა ვფიქრობ, პრობლემა ისედაც ნათელია, ბევრი ტრენინგია საჭირო, თუმცა ვინ ვის უნდა ჩაუტაროს ჯერ არ ვიცი.

სიყვარული და რეპროდუქცია

სიყვარულსა და ომში ყველაფერი გამართლებულიაო- ალბათ, უამრავჯერ გვითქვამს ეს ფრაზა საკუთარი თავისთვის, როდესაც რჩეულის გულის მოსაგებად ათასგვარ ტყუილს, ხრიკსა თუ ოინს მივმართავდით.

სიყვარული არის მთავარი თემა უამრავი ფილმისა, სერიალისა, ხელოვნების ნიმუშისა და რომანისა. ამ უკანასკნელთა აურაცხელი რაოდენობა საუკუნიდან საუკუნამდე ყოველწლიურად პურეულივით მოჰყავთ ხოლმე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს ყვალაფერი სხვა არაფერია თუ არა ვნებათა მოკლე ან ვრცელი აღწერა. მათ შორის საუკეთესოებმა, მაგალითად „რომეო და ჯულიეტამ“ „ტრისტანი და იზოლდამ,“ გნებავთ „ვეფხისტყაოსანმა“ საუკუნო დიდება დაიმკვიდრეს.

შეუძლებელია სიყვარულის ჭკუით ახსნა, რადგან ჭკუას იქ არაფერი ესაქმება რაც უჭკუობით აღმოცენდა. სიყვარული ინსტინქტია, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას ადამიანის ცხოვრების სხვა მიზნებზე. ეს მიზანი მომდევნო თაობის შექმნაა. ყოველი წყვილის სასიყვარულო ისტორიები ზრუნვაა მომავალი თაობის შექმნისთვის. თაობისა, რომელიც თავის მხრივ აურაცხელ ახალ თაობათა სათავედ იქცევა.

სასიყვარულო თემატიკა და „თესლის გამრავლება“ უცხო არ არის არც ბიბლიისთვის. ყველაზე ძლიერი ალბათ დავითის ისტორიაა, არადა ეს ეწინააღმდეგება კანონიერ ცოლქმრობას. მეფეს ერთი ნახვით შეუყვარდა ჰურია ქეტელის ლამაზი ცოლი. ბრძენმა და კეთილმა მეფამ სიყვარულისგან ჭკუა დაკარგა და ყველაფერი იღონა, რათა ჰურია ქეტელი ბრძოლის ველზე მომკვდარიყო. ასე ჩაიგდო ხელში მისი დაქვრივებული ცოლი. ამას ერთადერთი, მესიანისტური გამართლება აქვს. მეფეს ინსტინქტმა უკარნახა, რომ სოლომონი, რომელიც იდეათა სამყაროში უკვე არსებობდა, შეუძლებელი იყო დაბადებულიყო სხვა ქალისგან, თუ არა ბერსაბიასაგან.

ინსტინქტი ილუზიით ინიღბება. წყვილს ჰგონია, რომ მხოლოდ მისი რჩეულის ხვევნა-კოცნაში იპოვის მეტ ტკბობას, ამიტომ მას ეჩვენება რომ საკუთარი თავისთვის ირჯება, სინამდვილეშე კი ის გვარეობის დემონს ემორჩილება და ქმნის ინდივიდს, რომელიც მხოლოდ ამ წყვილისგან გაჩნდება. ამის შემდეგ კი ყველაფერი სრულდება, ისევე როგორც ჩიტი წყვეტს ჭიკჭიკს კვერცხების დადების შემდეგ.

ადამიანის ცხოვრება ტანჯვა და წამებაა, ამიტომ მე ვადანაშაულებ ყველა შეყვარებულ წყვილს შეთქმულებაში! თქვენ შეთქმულები ბრძანდებით კაცობრიობის წინაშე! თქვენ წელავთ ქვეყნიერების დღეებს! საკამრიასია, შეწყვიტეთ! მაგრამ ვიცი არ გაჩერდებით, ისევე, როგორც აქამდე არ გაჩერდნენ თქვენი წინაპრები, მსგავსი გრძნობებით შეპყრობილები!

 

სამართლიანი საზოგადოება

ბუნების ფილოსოფოსები, დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, შუა საუკუნეები, რენესასნი, ბაროკო, დეკარტი, სპინოზა, ლოკი, ჰიუმი, ბერკლი, ბიერკელი, განმანათლებლობა, კანტი, რომანტიზმი, ჰეგელი, კირკეგორი, მარქსი, დარვინი, ფროიდი… ესენი არიან ყველა დროის ყველაზე დიდი მოაზოვნეები  (თუ რა თქმა უნდა ქრისტეს არ ჩავთვლით) და ეპოქები, რომლებიც კაცობრიობამ განვლო, თუმცა სამართლიანი საზოგადოების ზუსტ მოდელს ვერავინ გვთავაზობდა და ვერც ერთი ეპოქა ვერ უზრუნველყოფდა იდეალურ ან თუნდაც სამართლიან საზოგადოებას

მაშ როგორი უნდა იყოს ის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შემდეგი მაგალითით ვცადოთ, წარმოვიდგინოთ, რომ განსაკუთრებული საბჭოს წევრები ვართ, რომელსაც მომავალი საზოგადოების ყველა კანონის შექმნა ევალება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა დეტალი, ვინაიდან როგორც კი შეთანხმებას მივაღწევთ და ხელს მოვაწერთ მაშინვე მოვკვდებით…თუმცა იმ საზოგადოებაში გავცოცხლდებით, რომელშიც ჩვენი შექმნილი კანონები ამოქმედდება. მთავარი კი ისაა, რომ არც ერთს არ გვეცოდინება, რა ადგილს დავიკავებთ ამ ახალ საზოგადოებში ან რა სქესისა ვიქნებით…

დაფიქრდით? ე.ი. უკვე კომუნისტები ხართ? 😀 

ქალები ძველ აღთქმაში Part I

  მას შემდეგ რაც ადამმა ქალი აღიარა მის თანასწორად „ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცია ჩემი ხორცთაგანი“ (დაბ. 2: 23) ადამს გაუჩნდა მისი შემწე და შესაფერი.  პირველად ქალმა დაარღვია უფლის ბრძანება და გასინჯა კეთილისა და ბოროტის შემცნობელი ნაყოფი.

სწორედ ევას საქციელში ბევრი იმ თვისების დანახვა შეიძლება, რომელსაც ქალებს მიაწერედნენ და ახლაც მიაწერენ ხოლმე. კერძოდ გველთან საუბრისას, მან ღმერთის სიტყვები გააბუქა და ზედმეტი აკრძალვა  “არ შეეხოთ”  დაამატა

“გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. ” (დაბ.3:3) თუმცა უფალს ადამისათვის მსგავსი რამ არ უთქვამს:

„გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.

მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.” ( დაბ. 2:16-17)

შემდეგ გამოყოფენ სხვა ხასიათსაც, კერძოდ თვალის მიერ ცდუნებას

“როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა.” (დაბ. 3:6)

სწორედ ქალი აღმოჩნდა ის გზა, რომლითაც გველის შხამი მივიდა კაცამდის „მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.“ (დაბ. 3:6)

დაბადების 3 თავის 13 მუხლში ვკითხულობთ ერთადერთ პასუხს, რაც ევამ უფალს გასცა, როდესაც უფალი ეკითხება რატომ ჩაიდინე ეს საქციელიო, ევა პასუხობს:

“გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე. ”

ეს პასუხიც ქალურია, მოკლე, დარცხვენილი, იგი ადამივით პირდაპირ არ ეუბნება უფალს “შენ რომ დედაკაცი მომიყვანე” , მაგრამ არც სინანულს ამჟღავნებს. მისი სასჯელი მტკივნეული შობაა. მას ეწოდება „დედაკაცის თესლი“ დაცემის შემდეგ შეიძენს სახელს “ევა,” რაც სიცოცხლეც ნიშნავს, სწორედ მისგან უნდა გავრცელებულიყო სიცოცხლე “უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.”(დაბ.3:20)

ევას შემდეგი გამოჩენა არის შვილთა შობა, კაენის, აბელის და შეთის. არაა მოხსნებული ქალთა შობა, თუმცა  როგორც კი ირღვევა უფლის მიერ დაწესებული მონოგამია, ანუ ერთცოლიანობა, მაშინვე მოიხსენება მათი სახელებიც:

“მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს – ცილა.” (დაბ. 4:19

და პირველად ჩნდება დიალოგი ქმარსა და ცოლს შორის:

უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი … ” (დაბ. 4:23)

სამწუხაროდ შემდეგი ხსენება ქალებისა, ისევ ცუდ მოვლენას უკავშირდება, როცა შეთის შთამომავლობა ქალების გარეგნული სილამაზის გამო აერევა კაენის ტომს და საბოლოოდ წარღვანმდე მიდის მსოფლიო

“დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. “(დაბ. 6:2)

შემდეგ ქალების სახელები დიდხანს არ მოიხსენება, მეტიც როდესაც მოსე (ხუთწიგნეულის ავტორი) შთამომავლობას ჩამოთვლის პირდაპირ კაცზე ამბობს “შვაო!”

“ქუშმა შვა ნებროთი…” აქ შეიძლება ვივარაუდოთ თუ რაოდენ დაბალი სოციალური სტატუსი გააჩნდათ იმ დროის ქალებს, რადგან მათ მშობლათაც არ იხსენიებენ და მამაკაცს მიაწერენ იმ თვისებასაც, შობასაც კი, რომელიც ქალის ბუნებას განეკუთნება და მას ღმერთმა უბოძა.

ასე მივდივართ დაბადების მე-11 თავამდე, სადაც მსგავსადაა დაწერილი:

” თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; ჰარანმა შვა ლოტი… “

 

ევას შემდეგ, „დაბადებაში“ მკითხველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს სარა.

სარა, თავისი სილამაზის წყალობით საფარველად გაუხდება ქმარს-აბრამს.  

„როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.

დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.

თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.“ (დაბ. 12: 11-13)

ბიბლიის ამ ნაწილში ზოგი ქალთა უაღრესად უუფლებო მდგომარეობს ხედავს, ქალი იმდენად უსუსური და არასაჭირო არსებაა, რომ მას ქმარი სხვა კაცისთვის იმეტებს, ოღონდ კი თვითონ გადარჩეს, ქალი კი ქმრის ამ გადაწყვეტილებას ვერ ეწინააღმდეგება.

მე სხვაგვარად ვფიქრობ, ჩემი აზრით აქ საქმე ეხება მესიანისტურ აზროვნებას, რომელიც ძველი აღთქმის ქალებისთვისაც იმდენად იყო მნიშვნელოვანი, რამდენადაც მამაკაცებისთვის. აბრამის გადარჩენა არ ნიშნავს ერთი სიცოცხლის გადარჩენას.

 ყველაფერს სჩადიან დიდი პატრიარქები, ჩვენთვის მიუღებელსაც მიმართავენ, დაწყებული ხარჭებთან დაქორწინებით, რძლებთან დაწოლით, ხოცვით და ჟღლეტით, ცოლის დად გამოცხადებით და ა.შ. ოღონდ მესიანისტური სისხლი უნდა გადარჩეს, აღთქმა უფლისა უნდა შესრულდეს, რაგდან “კურთხეული იქნება … მიწიერთა მთელი მოდგმა. “

სხვანაირად ვერ გავიგებთ ბევრ რამეს, სხვანაირად ვერ გავუგებთ სარას, რომელიც აბრამის უცნაურ წინადადებას უსიტყვოდ დაეთანხმა. არსად არ წერია როგორ იტანჯებოდა სარა ფარაონის ხარჭათა შორის ყოფნით, მაგრამ აშკარაა რომ იგი ისევე ლოცულობდა თავისუფლებისათვის, როგორც მოგვიანებით მისგან წარმოშობილ ერს გამოიყვანს მოსე ისევ ეგვიპტიდან.

ასე ავდივართ მეთექვსმეტე თავამდე, იქ საერთოდ უცნაური ამბავი ხდებე, ცოლს თავად მოყავს ხარჭა ქმრისათვის. შესანიშნავად იცის სარამ შვილი რომ არ ჰყავს, ეს უფლით არის და ისიც იცის რომ აბრამისგან უნდა გამრავლდეს რჩეული ერი, ჰოდა ზრუნავს, “ვინძლო შვილიერი შეიქმნე მისგანო” კი არა ეუბნება “შევიქმნეო” ანუ მე გავხდე დედა მისითო.

აგრესიულ  ფემინისტებს ბიბლიის ეს ნაწილიც დისკრიმინაციული მიაჩნიათ ქალთა მიმართ. მათი აზრით, ირღვევა ხარჭის უფლება ბავშვზე. ამ შემთხვევაში ფემინისტთა ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. მრავალი ათასი წლის წინ არსებული ხარჭის ინსტიტუტი დღევანდელ სუროგატ დედას მოგაგონებთ, მიუხედავად იმისა, რომ ქალი შობს, ბავშვზე ყველა უფლება იმ ცოლ-ქმარს აქვს, რომელთა ნებითაც სუროგატი დედის დაქირავება მოხდა. ფემინისტები კი სუროგატი დედობის დაკანონების მომხრენი არიან, რადგან ეს ქალის უფლებად და პრივილეგიათაც კი მიაჩნიათ.

 სამი წელი გავიდა სარას გარდაცვალებიდან თუმცა მისი ვაჟი კვლავაც დასტიროდა დედას. საჭირო იყო ოჯახში რძლის შემოყვანა და ისააკმაც ცოლი მოიყვანა-რებეკა. სარრა და რებეკა, დედამთილი და რძალი, მათ ერთმანეთი არასოდეს უნახავთ, მაგრამ მათი სიცოცხლე ძალიან გავდა ერთმანეთისას.

 რძალი, როგორც დედამთლი გახდა ღირსი ღმერთთან პირისპირი ლაპარაკისა, სარამ სამი სტუმრის სახით გამოცხადებულ ღმერთს ესაუბრა და მისგან შეიტყო რომ შვილი ეყოლება და შეიტყო მისი შვილის მომავალი (გამრავლება, გაძლიერება), იგივე მოხდა რებეკასთანაც.  ღვთის წყალობით დაორსულებულ რებეკას მუცელში უცნაური რაღაც ხდება, მსგავსს რამეს ბიბლიას არც აქამდის და არც ამის შემდეგ არ ახსენებს, ორი ტყუპი ერთმანეთს “ებრძვის” და ეს არაა ჩვეულებრივი ფეხუკუნების ტყაპუნი მუცელში J  არამედ რაღაც სხვა და უცნაური, ეს არ მოსწონს რებეკას და ბიბლია წერს:

 

„ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად.

უთხრა უფალმა: ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან; ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემორჩილება.

 მოაწია მშობიარობის ჟამმა და, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში“ (დაბ. 25:22-24)

 

ასე დადიოდნენ უფალთან ძველი აღთქმის ქალები შესაკითხად, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. ქალები, რომლებიც ღირსნი ხდებოდნენ უფალს ჰქონოდა მათთან დიალოგური კავშირი, დაფასებულნი უნდა ყოფილიყვნენ ძველი აღთქმის, კერძოდ „დაბადების“ დროინდელ საზოგადოებაში.

 შვა რებეკამ ორი ძე, ჯერ ესავი და შემდგომ იაკობი (დაბ. 25:25-26) ვაჟების აღზრდისას ვლინდება რებეკას მტკიცე ხასიათი. რებეკა ახდენს რევოლუციურ გადატრიალებს საზოგადოების ცნობიერებაში, ის უმცროსს აქეზებს გახდეს უფროსი. 

როგორც კი დაინახა რებეკამ ხასიათის სისუსტე მის პირველ ძე, ესავში, მისი განსაკუთრებული სიყვარული იაკობისადმი გადაიზარდა მტკიცე გადაწყვეტილებაში, რომ იგი უნდა გახდეს პირველი და მიიღოს მთავარი კურთხევა ისააკისაგან, ეს მოხდება “გამოტყუებით”, იმიტომ რომ მართლაც იაკობი იყო რჩეული, ის ბაჯგვლიანი, უხეში, მონადირე და პირმშოების ცერცვზე გამყიდველი ესავი ვერ გახდებოდა უფლის ხალხის შთამომავალი, იგრძნო ეს რებეკამ, საკუთარ ქმარსაც შეეწინააღმდეგა მისი საქციელით ( ეს პირველად ხდება საერთოდ) და დაავალა იაკობს მამის გაცურება, რომელიც გაოცდა კიდეც:

 

„ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის (მამის) თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.

უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე“ (დაბ: 27:12-13)

არანაირი წყევლა რებეკაზე არ მოსულა, რადგან მან აღასრულა ღვთის ნება; გაისმა ხმა კურთხევისა “წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!” ესავის გასაგები გაბრაზების გამო, იაკობს დედა გაქცევას ურჩევს და ისევ შემოდის მტკიცე და დროული გადაწყვეტილებით რებეკა:

 

„ემცნო რებეკას ესავის, თავისი უფროსი შვილის ნათქვამი; მოაყვანინა იაკობი, თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი.

ახლა მომისმინე, შვილო. ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში.

ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი არ გაუვლის შენს ძმას.

სანამ არ გაუვლის შენი მტრობა და დაავიწყდება, რაც უყავი, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან. რატომ დაგკარგოთ ორთავენი ერთ დღეს?“ (დაბ: 27:42-45)

 

და ქმარსაც ითანხმებს რომ გაუშვას იაკობი, აქ ცოტა არ იყოს ეშმაკობითაც, რებეკა ქმარს ატყუებს, კი არ ეტყვის მის ძმას განვარიდოთო, კამათი რომ არ გამოიწვიოს, არამედ ვითომ ცოლის მოყვანის გამო უშვებს:

„უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა; თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი?“ (დაბ: 27-46)

და გააშვებინებს იაკობს, რომ მისი ტომიდან აირჩიოს საცოლე

 

რებეკაში ჩანს რომ მაშინდელი ქალები დამოუკიდებლად მოაზროვნენი იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში ქმრისგან უკითხავად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ვაჟიც დედას უფრო ენდობა ვიდრე მამას, რაც პატრიარქალური საზოგადოებისთვის წარმოუდგენელი და დაუშვებელი რამ არის.

 

ჩვენი შემდეი გმირია რახელი, მან მოახერხა  მძიმე, პატრიარქალურ, მკაცრ ძველ აღთქმაში  პირველად ( და მგონი უკანასკნელიც) სიყვარულის გამო მამაკაცი აეტირებინა. (აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა-დაბ: 29:11) კაცის ტირილი ქალის გამო მიუთითებს, ქალთა დაფასებას მამაკაცის მიერ, უფრო მეტიც, ქალი შეიძლება ყოფილიყო ცხოვრების აზრი. სხვა ახსნა არ მოეძებნება იმას, რომ იაკობი 14 წელს იმუშავებს სიმამართან, რათა რახელი დაიმსახუროს, „შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის“ (დაბ. 29:18)

თხრობაში შემოდის რახელის და ლეა, ირღვევა მონოგამია, იაკობს ცოლად ორივე და მოჰყავს. იაკობი უფრორე მისი პირველი სიყვარულისაკენ გადაიხრება-რაქელისაკენ, ხოლო ლია დაიჩაგრება, უფალი დაჩაგრულს გამოექომაგება (იაკობის საპირისპიროდ) და ლია ზედიზედ 4 ვაჟს უშვებს და რაქელი ბერწი იქნება და მეტიც, სწორედ მეოთხე ვაჟი ლიასი – იუდა არის უფლის ტომის წინაპარი. ამ ეპიზოდიდან ჩანს, რომ ძველი აღთქმის უფლისთვისაც არ არის განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის და დამსახურებულად მიუზღვავს ერთსაც და მეორესაც.

 

ამ რამდენიმე ქალზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიბლიაში თუ ქალი არის ნახსენები აუცილებლად მნიშვნელოვანია და აუცილებლად საინტერესო.

 

 

 

 

სტუდენტები არჩევანის ზღვარზე

რამდენიმე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები პროტესტს უცხადებენ, თავადაც არ იციან რას. ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა, ის რამაც პროტეტესტს დაუდო სათავე აღარავის ახსოვს და მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა.  უნივერსიტეტის II კორპუსის წინ შეკრებილი სტუდენტები მოითხოვდნენ შემწყდარიყო განსხვავებული აზრის გამო თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. მოითხოვდნენ, მაგრამ ვისგან თავადაც არ იცოდნენ ან იცოდნენ და განზრახ ჩადიოდნენ პოპულისტურ ქმედებებს, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და ალბათ არც მოჰყვება.

მოძალადეების დასჯა სამართალდამცავების პრეროგატივაა და ის არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში. თუ გცემეს ან შენს ფიზიკურ არსებობას რაიმე სახის საფრთხე ემუქრება პოლიციაში უნდა დარეკო და მათგან მოითხოვო საჭირო ზომების მიღება, თუ სამართალდამცავები განცხადებას წარმოებაში არ მიიღებენ მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ქუჩაში გამოსვლას აზრი. მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერც ერთმა ნაცემმა სტუდენტმა ვერ ახსნა თუ რატომ არ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, “ფეისბუქზე” მათი პოსტების კითხვისას კი აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი დაზარელებული არ ენდობოდა სამართალდამცველებს, რადგან მათ არ დაიცვეს დევნილები, არ დაიცვეს ვეტერანები და მასაც არავინ დაიცავდა “ნაც-მოძრაობის” ახალგაზრდა   წევრებსგან.

მსგავსი განცხადებები საფრთხეს უქმნის პროტესტანტთა მოძრაობას და თვითმართველობის წისქვილზე ასხამს წყალს. თავიდან, რომ ავიცილო ჩემი მიკუთვნებულობა გამცხადებლთან (და ამის შესაძლებლობა არის, რადგან პირველივე დღიდან ერთ ძალიან დიდ და ძალიან ჭრელ ბანაკში ვართ) ვახდენ ჩემი ხედვის დეკლარირებას.

1) თუ თვითმმართველობის წევრები ახდენენ სტუდენტებზე ანგარიშსწორებას მათ წინააღმდეგ სარჩელი უნდა შეიტანო, თვითმართველობა არ არის ვალდებული დასაჯოს კრიმინალები. თუ “რესპუბლიკური” საავადმყოფოს ექიმი ქუჩაში გამვლელს სცემს, გამვლელმა აქციები “რესპუბლიკური” საავადმყოფოს წინ, ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით არ უნდა ჩაატაროს.

2) უნდა მოხდეს სტუდენტთა მოთხოვნებისა და მიზნების დეკლარირება, რათა თავიდან იქმნას აცილებული გარკვეული ჯგუფების მიერ სტუდენტებით მანიპულირების მცდელობა. ჩემთვისაც კი, რომელიც ამ მოვლენების დაწყების დღიდან ყველა გადაწყვეტილების საქმის კურსში ვარ, უცნობი რჩება მოძრაობის მიზნებიც და საშუალებებიც. ადვილი წარმოსადგენია თუ რაოდენ ძნელი მისატანია ჩვენი სათქმელი საზოგადოების ყურამდე.

3) სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს კარგად ორგანიზებულ სტრუქტურას, განსხვავებით იმათგან ვინც მათ ვუპირიპირდებით. საჭიროდ მიმაჩნია, შეიქმნას სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო ან ალტერნატიული თვითმართველობა, რომელსაც ეყოლება არჩეული ლიდერი. ამით ნეიტრალურ სტუდენტს მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება და დასრულდება თვითმართველობის მონოპოლისტობის ეპოქა.

4) დაპირისპირების დაწყების პირველივე დღეს სტუდენტებს ვთხოვე შეგვესწავლა “კმარას” გამოცდილება, სამწუხაროდ სტუდენტთა რაღაც ნაწილს თეა თუთბერიძე კვლავ ბუად წარმოუდგენია და ჩემი ეს შეთავაზება მაშინვე იქნა უარყოფილი, ამავე დროს, მათ ნაწილს წარმოუდგენლად ეჩვენება კონკურენცია გაუწიოს თვითმართველობას, რომლის ბიუჯეტიც 550 000 ლარს შეადგენს. სწორედ ასეთი შიშების თავიდან აცილებისთვის ვთხოვე მათ გადაეხედათ “კმარას” გამოცდილებისთვის. თუ მოძრაობა “კმარა” ქვეყნის პოლიტიკაზე ახდენდა გავლენას, ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, რატომ არის შეუძლებელი სტუდენტთა მოძრაობამ უნივერსიტეტის პოლიტიკაზე მოახდინოს გავლენა? 

ალტერნატიული მმართველობის ჩამოყალიბების შემთხვევაში ის ღია უნდა იყოს ყველა სხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც დააკმაყოფილებს მის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს.

დევნილიდან მდევნელამდე

სოციოლოგიაში არსებობს ტერმინი აგრესორთან იდენტიფიკაცია. მოცემული მოვლენა, რომელსაც სტოკჰოლმის სინდრომსაც უწოდებენ, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. ამ დროს ყოფილი მსხვერპლი ხდება ჯალათი. აგრესორის ქმედებებთან გაუცნობიერებული სოლიდარობით, ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს იმედი აქვს, რომ აგრესორი ადრინდელ ზიანს ვერასდროს მიაყენებს.

დაახლოებით მსგავსი ვითარება იყო 2010 წლის გაზაფხულზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, როდასაც რელიგიური ფუნდამენტალისტები დაუპირისპირდნენ განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადობის რაღაც ნაწილს. ქართველები ხშირად ვამბობთ ხოლმე „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო,“ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მოცემული ანდაზით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ ნათელი ხდება თუ რა მძიმე დარტყმა მიაყენა ექსტრემისტულმა რელიგიურმა დაჯგუფებებმა საქართველოს სასულიერო ცხოვრებას. მას შემდეგ, რაც ჩემს სანაცნობო წრეს განვუცხადე, რომ სასულიერო პირი მინდა გავხდე, მათი დამოკიდებულება ჩემდამი სანგრძნობლად შეიცვალე, მათვის ჩემთან ურთიერთობა უხერხულობას წარმოადგენდა. საზოგადოებაში შეინიშნება ქრისტიანოფობიის პირველადი ნიშნები. ამის ნათელი მაგალითი ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩენილი გვერდებიცაა, სადაც შეურაცხყოფას აყენებენ ქრისტიანების საკრალურ მცნებებს.

ქრისტიანების კრიტიკოსებისათვის ყველაზე ძლიერი არგუმენტი, ხშირ შემთხვევაში, თავად მართლმადიდებლები არიან.

ქრისტიანობის შესახებ ჩვენი აპოსტასიური დროის მართლმადიდებლების მიხედვით მსჯელობენ.

ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, მაგრამ მასზე, სამწუხაროდ ქრისტიანთა ბოროტებისა და სიძულვილის მიხედვით საუბრობენ.

ქრისტიანობის კომპრომეტაციას არა მარტო ქრისტიანები, არამედ ქრისტიანობისა და ეკლესიის ისტორიაც ახდენს.

მას შემდეგ რაც ქრისტიანები გამოქვაბულებიდან გამოვიდნენ და დევნილის სტატუსი მოიშორეს, თვითონ იქცნენ მდევნელებათ.როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩემს მშობლებს ხშირად მოუყოლიათ, რომ აღდგომის შემდეგ, დიდ ორშაბათს, თუ მასწავლებელი მათ ხელებზე წითელ საღებავს აღმოაჩენდა ან ჩანთებში შეღებილ კვერცხებს უპოვნიდა, აუცილებლად დასჯიდა.დღეს სიტუაცია პირიქით არის, აგრესორი მასწავლებელი აგრესორმა მმკ-მ ჩანაცვლა, რომელიც ცდილობს თავს მოგვახვიოს მისი იდეოლოგია დაუნდობელი და მრისხანე ღმერთის შესახებ.

მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეთაც და მის დამცველებსაც ხშირ შემთხვევაში ერთი რამ აერთიანებთ, ეს თეოლოგიური სიბნელეა. მეამბოხე ახალგაზრდების რაღაც ნაწილს, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში ქმნიან გვერდებს „მე აღმაგზნებს ჩემი პატრიარქი“ და ამ გზით ცდილობენ მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტებს სამაგიერო გადაუხადონ ჩადენილი დანაშაულებებისათვის, არ ესმით, ქრისტეს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ მის მცნებებს არ ასრულებენ.

„წმიდა ინკვიზატორებს,“ მმკ-ს სახით კი ავიწყდებათ პარადოქსალური სახარებისეული არითმეტიკა, რომლის მიხედვითაც ერთი ადამიანი ყოველთვის ფასეული და მნიშვნელოვანია ოთხმოცდაცხრამეტზე. ორი განსხვავებული საზოგადოება ერთმანეთს აკრიტიკებს ისე, რომ არ იცნობენ ერთმანეთის იდეოლოგიას. რელიგიური ფანატიკოსები კი თავიანთთანაც, ყოველშემთხვევაში იმასთან რაც დეკლარირებული აქვთ, მწყრალად არიან.

არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ქრისტიანობამ დაგმო მოწამეთა ეკლესიის, იგივე ადრეული ეკლესიის მონტინისტური სწავლება. მონტინისტი აპოლოგეტების წარმოდგენით, ეკლესია სულიწმინდის განსაკუთრებული ნიჭების მიმღებ ადამიანთა კრებული იყო. როგორც აღვნიშნე, ქრისტიანობამ მონტინიზმი მალევე უარყო, ასე რომ, საეკლესიო იერარქთა ცოდვები ეკლესიის ღვთიური არსიდან არ გამომდინარეობს და მის სიწმინდეს ოდნავადაც ვერ აკნინებს.

ქრისტიანოფობია შეიძლება გადაიქცეს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ სენად, როგორიცაა ჰომოფობია. ამის ნიშნები შეინიშნება თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაშიც. ფრანგი მწერლის, მარტენ პაჟის წიგნები, რომელიც საქართველოში ლამის ბესტ-სელერად იქცეს, შეიძლება თამამად ჩაითვალოს ქრისტიანოფობიის საშიში ტალღის დასაწყისად. ამასვე ემატება ის აქტივობები რაც ქართულ ინტერნეტ სივრცეშია, ამ ყველაფერს კი ნოყიერ ნიადაგს უქმნის, ყოველ კვირას „youtube.com”-ზე და “myvideo.ge”-ზე გამოქვეყნებული, ფუნდამენტალისტების სულიერი მოძღვრების ქადაგებანი.