Posts Tagged ‘ჩემი დღე’

ახალი ჟურნალი უფლის ციხე

კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა საპატრიარქოს ახალი ჟურნალის “უფლის ციხის” პრეზენტაცია.

საპატრიარქოს ქოლგის ქვეშ სულ მცირე 50 ჟურნალ-გაზეთი გამოიცემა, თუმცა უმრავლესობა არ გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას,  საეკლესიო პრესის უდიდესი უმრავლესობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ავრცელებს მწვალებლურ, ანტიქრისტიანულ, ანტიეროვნულ იდეებს, ასევე სამყაროს, ადამიანისა და კულტურისადმი სიძულვილის პათოსით გაჟღენთილ პუბლიკაციებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაზეთ ,,ერი და ბერის“ ფურცლებიდან ანტიქრისტეს ვინაობა შევიტყეთ, აღარაფერს ვამბობ რუსული არმიის მხსნელად და ღვთის საჩუქრად გამომცხადებელ, ყველასთვის კარგად ნაცნობ პუბლიკაციაზე, რომელიც ჟურნალ “ქვაკუთხედში” დაიბეჭდა.

ასეთ ფონზე, ყოველთვის ვგავდი ჯამბაზს, როდესაც ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ჯგუფელებს თუ უბრალოდ ნაცნობებს მოვუწოდებდი სასულიერო ლიტერატურის კითხვისკენ. ვგავდი სიორენ კირკეგორის (დანიელი ფილოსოფოსი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი) ცნობილ არაკში გადმოცემულ ისტორიას ჯამბაზისა და ცეცხლმოკიდებული სოფლის შესახებ, რომელიც ჰარვეი კოქსმა გამოიყენა თავის წიგნში  “უღმრთო ქალაქი.” ისტორია კი ასეთია, მოხეტიალე ცირკში გაჩნდება ხანძარი, დირექტორმა მშველელთა დასაძახებლად მეზობელ სოფელში ჯამბაზი გაგზავნა. ჯამბაზი სოფელში მივიდა და მცხოვრებთ ცეცხლის ჩასაქრობად დახმარება სთხოვა, მაგრამ სოფლელებმა ჯამბაზის ეს მოწოდება მხოლოდ კარგ ოინად ჩათვალეს, რათა მას ცირკის წარმოდგენის სანახავად რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიეზიდა. ისინი ჯამბაზს ტაშს უკრავდნენ და სიცილით ცრემლი სდიოდათ, საწყალი ჯამბაზი კი უშედეგოდ ცდილობდა დაერმწუნებინა ადამიანები რომ ეს არ იყო წარმოდგენა. მის ვედრებაზე კი უფრო გულიანად ხარხარებდნენ. დახმარება დაგვიანდა და სოფელიცა და ცირკიც ერთად დაიწვა.

მეც არავინ მიჯერებდა, როდესაც ვამბობდი რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი არსით იყო შემწყნარებელი და მას შეეძლო ლიბერალური ენით ესაუბრა ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებთან. სტერეოტიპები, რომელსაც ადრე არსებული ჟურნალ-გაზეთები ამყარებდნე ხომ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, თითქოს და ყველა მართლმადიდებელი აგრესორი, პასპორტების  შიშით შეპყრობილი ადამიანი იყო, ისევე როგორც ყველა ჯამბაზი ხუმარა და მატყუარა.

ახალი ჟურალი “უფლის ციხე,” რომელიც, როგორც ხარისხობრივად ისე თვისობრივადაც წარმოადგენს ევოლუციის ახალ საფეხურს მსგავს გამოცემათა შორის, ნამდვილად შესძლებს ამ სტერეოტიპების დამსხვრევას თუ კი ის მკითხველამდე მივა. როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი წერს, ჟურნალი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის და მიზნად აქვს დასახული დახმარება გაუწიოს მკითხველს სულიერ, ეროვნულ, კულტურულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა უკეთ გაცნობიერებაში, რათა ადამიანი შედგეს როგორც პიროვნება და როგორც  მოქალაქე.

ჟურნალში გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიების კონტენტ-ანალიზს თუ მოვახდენთ, ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები იქნება: ლიბერალიზმი, ლიბერალური დემოკრატია და კანონიკური სამართალი. არაფერია ნახსენები ე.წ. 666-ზე, მხეცის ნიშანსა და აპოკალიფსიზე, რომელიც სხვა დანარჩენი ჟურნალების ფოკუსშია მოქცეული.

აქამდე სალანძღავ სიტყვად ქცეული ლიბერალიზმის შესახებ, ზურაბ აბაშიძის სტატიაში წერია, რომ “ის (ლიბერალური დემოკრატია) ქართველი ხალხის არჩევანია!”

ასევე არის საუბარი გარკვეულ კანონიკურ გაუგებრობაზე რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის, მაგალითად ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი. მოსკოვი თვლის, რომ ავტოკეფალიას ანიჭებს დედაეკლესია, კონსტანტინოპოლის აზრით კი ეს მისი პრეროგატივაა. აქამდე ეს საკითხები ქართველი მკითხველისთვის კარგად არ იყო ცნობილი და შეიძლება ამასაც დაბრალდეს მერვე მსოფლიო კრების მიმართ შიში, რადგან რეალურად მრევლმა არ იცის ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემები და ვერ ხედავს კრების აუცილებლობას.

ბოლოს, სარედაქციო საბჭოს ერთ პატარა რჩევას მივცემ, კარგი იქნება თუ იარსებებს ჟურნალის ინტერნეტ ვერსიაც, რათა ის ხელმისაწვდომი იქნეს ინტერნეტის, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის.

ინტერნეტ რესურსებში მისი არ არსებობის გამო "უფლის ციხის" ემბლემას ვერ მივაგენი 🙂

რა ესაქმება ათენს იერუსალიმთან

კატაკომბებიდან ამოსული ქრისტიანებისთვის ერთერთი მთავარი საზრუნავი გახდა, როგორ წარემართათ დისკურსი წარმართულ ფილოსოფიასთან და ამით ქრისტიანობა გაეხადათ კომუნიკაბელური. ეკლესიის მამები ცდილობდნენ ტერმინულად ჩამოაყალიბებინათ და ზედმიწევნით გამოეთქვათ ანუ მოძღვრებითად გადმოეცათ ქრისტიანობის, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფიის, ჭეშმარიტი ”ცოდნის”, ”მცოდნეობის” ანუ ”გნოზისის” არსი და განესაზღვრათ ქრისტიანის, როგორც ჭეშმარიტი ”გნოსტიკოსის” სახე.

ქრისტიანული სიბრძნის გამეცნიერების, ერთერთი  დაუღალავი მოშურნე იყო პანტენოს ფილოსოფოსის მოსწავლე, კლემენტი ალექსანდრიელი.

წმ. კლემენტი ალექსანდრიელი, ღიად აცხადებდა, რომ პლატონი და არისტოტელე უფლის მიერ იყვნენ გამოგზავნილნი, რათა კაცობრიობა შეემზადებინეთ სახარების უკეთ გასაგებად.

ეკლესიაში ანტიკური ფილოსოფიისა და ფილოსოფოსების ”გაქრისტიანების” პარალელურად ძლიერდებოდა ფიდეიზმი, იდეალისტური მოძღვრება, რომელიც რელიგიას, რწმენას ანიჭებს უპირატესობას და იქ ფილოსოფოსთა ადგილს ვერ ხედავს.

”ათენისა” და ”იერუსალიმის” დამცველ მამათა კამათისას, წარმოიშვა არიანელთა ერესი. საჭირო გახდა მსოფლიო კრების მოწვევა. 325 წლის, ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მამებმა დახმარებისთვის მიმართეს ფილოსოფიას,რათა არიოზის მომხრეებისთვის და მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის უკეთ აეხსნათ, რა არის სამება. გამომსვლელები მიეკუთვნებოდნენ ან ალექსანდრიის ან ანტიოქიის სკოლებს (ეს უკანასკნელი არისტოტელეს ფილოსოფიას იზიარებდა, ალექსანდრიაში კი პლატონისას)

325 წლის მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებები სავსე იყო ფილოსოფიური ტერმინებით, ისეთებით, როგორსაც სახარებაში საერთოდ ვერ იპოვიდით. ნიკეის კრებამდე წარმართულ ფილოსოფიასთან არსებობდა სამი მიდგომა 1) არ ვარგა 2) ლამაზია და იკითხეთ,მაგრამ სულის ცხონებაში ვერ დაგვეხმარება 3) ღვთის საჩუქარია,რათა გავიგოთ სახარება, კრების შემდეგ კი ფილოსოფიისადმი პირველ მიდგომას აზრი დაეკარგა. (მილანის ედიქტიდან სულ 17 წელია გასული)

XII საუკუნის დასასრულს, დაახლოებით 1200 წელს ყალიბდება ”ერთიანობა მოსწავლეთა და მასწავლებელთა”-უნივერსიტეტები, სადაც ქრისტიანებმა ფილოსოფია ჩამოაყალიბეს როგორც ცალკე დისციპლინა

თუმცა ცხადი იყო, რომ ბერძნული ფილოსოფია შეუცვლელი სახით ვერ დარჩებოდა, ის სამ ნაწილად გაიყო, დასავლეთის რომაულ-კათოლიკური, აღმოსავლეთის ბიზანტიური და სამხრეთის არაბული (არაბებს ამ დროისთვის ალექსანდრია დაპყრობილი ჰქონდათ.) ნეოპლატონიზმი დასავლეთს გადაეცა, პლატონი (რომელიც წმ. ავგუსტინემ ”გააქრისტიანა”) აღმოსავლეთს და არისტოტელე ( თომას აკვინელმა ”მონათლა” )არაბებს, თუმცა შუა საუკუნეების მიწურულს, სამივე ნაკადმა ჩრდილოეთ იტალიაში მოიყარა თავი, ამგვარად მივუახლოვდით რენესანს.

არადოგმატური საკითხი

ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას რიგი სასულიერო პირების ქმედების მიმართ, საკითხში ჩაუხედავი ადამიანები სამწუხაროდ პატრიარქზე აიგივებენ რაც პირად (და არა საჯარო!) სივრცეში გაურკვევლობას ქმნის. გადავწყვიტე ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მიმართ.

ბავშვობიდან მისი სიყვარულით ვიზრდებოდი. ჯერ კიდევ ბავშვი, როდესაც მის მღვდელთმთავრულ ღირსებასა და დიდებულებას ვხედავდი, მისი ხილვით ვტკბებოდი. როცა იმ ასაკის გავხდი, რომ განსჯის უნარი მქონდა შევაფასე მისი მაღალი სულიერი ღირსება, მადლიანი უბრალოება, გულღიაობა, სიკეთე, სიმშვიდე, სულიერება. მე დავინახე, ყველაფერი ეს როგორ ჰქონდა შეხამებული მას მამისეულ ლმობიერებასა და თავდაჭერილობასთან. მე ყოველთვის მსიამოვნებს მასთან ყოფნა და მას ყველაზე პატივსაცემ და სათნო ადამიანების რიგში ვაყენებ.

აჩვენე ბიძიებს პასპორტი

როგორც წესი ქართულ ტრადიციებზე საუბრისას,პირველი რაც ახსენდებათ თამადის ინსტიტუტია,გრძელი და დაუსრულებელი სადღგრძელოები, ქელეხებსა თუ ქორწილებში ფულის ჩაწერა,მემთვრალეობა და ე.წ. ქეიფის ბოლოს- ჩხუბი. ზემოთ ჩამოთვლილი ტრადიციები ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია.

დღეს,საბედნიეროდ მასში არ შედის ის კომპონენტი,რაც 30-40 წლის წინ ჩვეული მოვლენა იყო. საბჭოთა კავშირმა,ჩვენს ტრადიციულ ქეიფს თავისი დაღი დაასვა. ჩემს უფროს ძმას,რომელსაც ადრეული ბავშვობის გატარება „პერესტროიკამდელ“ საქართველოშო მოუწია,მონაყოლი აქვს თუ რა გახდა მისი და მშობლების პირველი უთანხმოების მიზეზი. ყოველთვის როდესაც ჩვენს ოჯახში სტუმრები მოდიოდნენ და ქართული ტრადიციული სუფრა იშლებოდა,მეხუთე ან მეექვსე სადღეგრძელოს თქმისას,ჩემს ძმას უძახდნენ და ღიმილით ეუბნებოდნენ,ანახე ბიძიებს „პასპორტიო.“ ჩემი ძმაც მორჩილად ასრულებდა ამ თხოვნას,სანამ შვიდი წლისა არ გახდა და დემონსტრაციულად განაცხადა უარი შარვლის ჩაწევაზე.

აქამდე წინა თაობის ამ საქციელით არასდროს დავინტერესებულვარ,თუმცა რამდენიმე დღის წინ დათო ტურაშვილმა,მისსავე საღამოზე,როდესაც ის თავის მეგობარ ლაშა ბუღაძეზე საუბრობდა,მსგავსი ისტორია გაიხსენა,თურმე ლაშასაც პირველი კონფლიქტი მამამისთან მაშინ მოსვლია,როდესაც გიამ შარვლის ჩაწევა და სუფრაზე მსხდომი ბიძიებისთვის „პასპორტის“ ჩვენება სთხოვა.

გაირკვა,რომ მხოლოდ ჩემი და ბუღაძის ოჯახი არ ყოფილა გამონაკლისი, „პასპორტის“ ჩვენების ფენომენი საბჭოთა საქართველოში ჩვეული მოვლენა გახლდათ.

მას არაფერი ჰქონდა საერთო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებულ ფალოსის კულტთან (იაპონიაში დღემდე ეთაყვანებიან ფალოსს,მიაჩნიათ რომ იაპონიის კუნძულებს ფალოსის ფორმა აქვს, ამით ხსნიან მოსახლეობის მრავალრიცხოვნებასაც) არც ბადაგონის,ქართველთა ღვინის ღმერთის (რომლის სიმბოლოც ერეგირებული ასოა) სიყვარულით არ ჩადიოდნენ ამ საქციელს,რადგან შეუძლებელია ბადაგონის მიმართ სიყვარულს თავი მხოლოდ საბჭოთა კავშირში ეჩინა და მის დაშლასთან ერთად გამქრალიყო (ფაქტია 90-იანებში დაბადებულთათვის არასდროს მოუთხოვიათ სუფრაზე „პასპორტის“ ჩვენება და არც 21-ე საუკუნის საქართველოში შეიმჩნევა მსგავსი ტენდენცია)

ჩემი აზრით,საქმე სახელმწიფოებრიობის ან უფრო ქართველობის მიმართ ქართველთა ფარულ და ზოგჯერ დამახინჯებულ სიყვარულთან გვაქვს. მაშინ როდესაც არ გაგვაჩნდა საკუთარი დროშა,გერბი,ჰიმნი,ეროვნული პასპორტი, ქართველები ჯგუფთან მიკუთვნებულობას ამ საქციელით გამოხატავდნენ.

ფაშისტურ მისალმებაზე საუბრისას,წარმოშობით ავსტრიელი ფსიქოლოგი,ბრუნო ბეტელჰეიმი წერდა: „ჰიტლერის მრავალრიცხოვანი მომხრეებისათვის ყოველდღიური და მრავალჯერადად განმეორებული ნაცისტური მისალმება წარმოადგენდა საკუთარ თავში დარწმუნებულობის გამოხატულებას და სხვებზე უპირატესობის ნიშანს. ყოველთვის, როდესაც კანონმორჩილი სუბიექტი იმეორებდა მისალმებას, ხდებოდა მისი ეგოს განმტკიცება“

პარალელის გავლება არც თუ ისე რთულია, ნაცისტებისთვის წინ გასროლილი მარჯვენა ხელი და ჩვენთვის პატარა ბავშვის „პასპორტი,“ იმ დროინდელ საქართველოში, წარმოადგენდა სხვა პასპორტს, რომელიც ქართველთა ეგოს კიდევ უფრო ამყარებდა.

 

ფემინისტიც შეიძლება იყოს ქრისტიანი

რამდენიმე დღის წინ, ჩემს ფემინისტ მეგობრებს ვეკამათებოდი, რომლებიც თავგამოდებით მიმტკიცებდნენ,რომ ქრისტიანული სარწმუნოება დისკრიმინაციულია ქალთა მიმართ და მამაკაცს უპირატესობას ანიჭებს. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად მათ პავლე მოციქულის სიტყვები მომიყვანეს, სადაც ის ამბობს: ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის“ (ეფეს. 5,23-25)

ბიბლიაში ყოველ სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და მისი კონტექსტის გარეშე განხილვა დაუშვებელია, თუ წმიდა წერილის სიტყვებს ცალკეულად განვიხილავთ შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე,რომ ადამიანებმა უნდა ისისინონ და თან მტრედებივით კვერცხები დადონ (იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი (მათე 10:16) ) დაახლოებით ბიბლიის მსგავს, აბსურდულ გაგებასთან გვაქვს საქმე,როდესაც პავლე მოციქულის ეპისტოლეს ეფესელთა მიმართ,სადაც ის ქალებზე საუბრობს,პირდაპირ ვგებულობთ.

პავლე მოციქულის სიტყვების ჭეშმარიტ არსს (სადაც ის ქალებს მორჩილებისკენ მოუწოდებს) მხოლოდ მაშინ ჩავწვდებით თუ მას, პავლეს სხვა ეპისტოლეებთან ერთად განვიხილავთ.

რა თქმა უნდა, მოციქულის მთავარი ამოცანა იესოს თქმული დავალებების შესრულება იყო, ერთერთი ასეთი უპირველესი დავალება კი გახლდათ ფართო მისიონერული საქმიანობის გაჩაღება (მე გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს-იოვანე 14:12-იმედია ამ სიტყვებსაც პირდაპირ არ გაიგებთ და სახლში წყლის ღვინოდ გადაქცევას არ შეეცდებით 🙂 აქ იესო სარწმუნოების ქადაგებისკენ მოუწოდებს მიმდევრებს)

პავლე მოციქულიც ასრულებდა ამ დავალებას და მის ექსკლუზიურ თუ ნაკლებად ექსკლუზიურ მიდგომებზე თვითონვე საუბრობს: “იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; ურჯულოთათვის – ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.(კორინთელთა პირველი მიმართვა 9:20-23)

როგორც ხედავთ პავლე მოციქული, ძალიან რელევანტური იყო, რათა იესო ეღიარებინა ყველას,ქრისტიანობის ძირითადი პრინციპები ყველასთვის მისაღები ყოფილიყო და მხოლოდ მონათვლის შემდეგ  ჩაწვდომოდნენ მის ფილოსოფიასა და ჭეშმარიტ იდეოლოგიას (ძნელი წარმოსადგენია თუ პირველ საუკუნეში გენდერულ თანასწორობას იქადაგებდი ეფესელებს ქრისტიანობა მიეღოთ და თუ პავლე იუდაველებთან იუდაველი იყო, უნდა ვიფიქროთ რომ პატრიარქალური შეხედულების ეფესელებთან, პირველივე შეხვედრისას, გენდერულ თანასწორობაზე ვერ ისაუბრებდა.)

შემდგომმა პრაქტიკამ და რწმენის გააზრებამ გვასწავლა,რომ ქრისტიანობა უარყოფს ყოველგვარ სუბორდინაციას და უფლისთვის მართველი და მართული თანასწორია, პავლე მოციქულის სიტყვები კი ეფესელთა მიმართ არის მათთვის თვალებში ნაცრის შეყრა.


პასუხის პასუხი “ლიბერალის” ჟურნალისტის ცილისწამებაზე

სიმართლე გითხრათ ძალიან მიჭირდა ამ თემაზე სერიოზულად საუბარი, რადგან საკითხი იმდენად ნათელი და ყველასთვის გასაგებია არ მეგონა თუ დამატებითი განმარტებების გაკეთება მომიწევდა, თუმცა დღეს დილით  “ლიბერალის” საიტზე, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებზე, გამოქვეყნდა გიორგი კიკონიშვილის პოსტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ჟურნალისტური ცილისწამებისა და სიცრუის ეტალონად.

პოსტის დასაწყისშივე მოყვანილია ციტატა,რომლის ინტელექტუალურ საკუთრებასაც ავტორი მე მაბრალებს. უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი რამ მართლაც დავწერე, Facebook-ზე, გიორგი კიკონიშვილის კედელზე, თუმცა იქვე მეწერა რომ ეს ფრაზა ეკუთვნოდა ცხონებულ ბაბუაჩემს. კარგი კაცი იყო ბაბუაჩემი თუმცა კომუნისტური იდეოლოგიით აღზრდილი და მასების ნება უზენაესად მიაჩნდა, მე კი არსად მითქვამს რომ კარლ მარქსის შეხედულებებს ვიზიარებ და კიკონიშვილმაც მშვენივრად იცოდა რომ მე და ბაბუაჩემი ერთი და იგივე პიროვნება არ ვართ, თუმცა ალბათ ჩათვალა, რომ ჩვენს ოჯახში სუბორდინაცია მკაცრად არის დაცული და მე უფროსების აზრებს უაპელაციოდ ვიღებ. “ლიბერალის” ჟურნალისტის საქციელი შეიძლება შევადაროთ იმ ადამიანების ქმედებას, რომლებმაც გიგა ზედანიას მარქსისტობა დასწამეს, დავით პაიჭაძის გადაცემაში გამოთქმული აზრის გამო (რაღა დროს მარქსია (c) ილია II) თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო მძიმეა, რადგან სტატიის ავტორი, სრულიად შეგნებულად, სხვის სიტყვებს მე მაბრალებს (ის სხვა თუნდაც ბაბუაჩემი იყოს).

სწორედ ამ ფაქტს მოყვა ჩემი კომენტარი, რომ ქართული ჟურნალისტიკა ტრაკშია, აქამდე არც “რუსთავი2” და არც “იმედი” არ ცვლიდნენ ფაქტებს, მხოლოდ  მათ ინტერპრეტაციას ახდენდნენ მათვის სასურველ კონტექსტში, ჟურნალმა “ლიბერალმა” კი ფაქტის დამახინჯება მოახდინა, რაც პირდაპირი დარღვევაა ჟურნალისტიკის პრინციპებისა და წარმოადგენს ცილისწამებლურ ქმედებას.

გავყვეტ სტატიის ტექსტს.

მეორე ხაზზე მოყვანილი აქვს ჩემი მეგობრის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ გიორგი კიკონიშვილის განმარტება სიტყვა “ქსენოფობიაზე” არ არის ადექვატური მასაში მის აღქმასთან.  ამის გამო სტატიის ავტორს გაკრიტიკებული ჰყავს ამ სიტყვების მთქმელი, რადგან საზოგადოება ასე არ აღიქვამს სიტყვა “ქსენოფობიას” ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც ასე უნდა გავიგოო.

ამას ყურადღებას არ მივაქცევდი რომ არა, ღრმადპატივცემული კიკონიშვილის, ტოტენჰოტური ლოგიკა. (ტოტენჰოტი არის აფრიკის ტომის სახელწოდება, რომელთა კრედოსაც წარმოადგენს “თუ მე წავართვი სხვას ცოლი კარგია,თუ მე წამართვეს-ცუდი”) სტატიის დასაწყისში ავტორი გამოდის მასობრივი აღქმის წინააღმდეგ, ბოლოს კი საზოგადოებაში არსებული სტეორეოტიპისა და ამავე მასობრივი აღქმის გამო აკრიტიკებს კონფორმისტებს. საქმე ან შინაგან წინააღმდეგობასთან ან უცოდინრობასთან ან კიდევ გააზრებულ დემაგოგიასთან გვაქ, ალბათ დამეთანხმებით,რომ პირველიც, მეორე და მესამეც დასაგმობია.

რადგან გიორგი კიკონიშვილი არ იზიარებს და არ ეთანხმება ხალხში მიღებულ დეფინიციას და მოითხოვს მის უფრო ღრმა ანალიზს,  ვთხოვ ნუ გამოიჩენს ორმაგ სტანდარტებს და სიტყვა “კონფრომისტიც” გამოიყენოს დადებით კონტექსტში (მის სტატიასა და კომენტარებში კი ამ სიტყვას უარყოფითი დატვირთვა აქვს). მხოლოდ ხალხში მიღებული შეხედულებით არის “კონფორმისტი” უარყოფითი შინაარსის მატარებელი, მისი ზუსტი, სოციალოგიური დეფინიცია კი,რომელიც მელტონმა მოგვცა,გულისხმობს ჯანსაღ საზოგადოებას,რომელიც ვერ იარსებებს კონფორმიზმის გარეშე, რადგან კონფორმიზმი მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს  კანონებისა და კონსტიტუციის ერთგულებას (თუმცა გიორგი კიკონიშვილმა თავადვე თქვა რომ არ უყვარდა სოციოლოგიის ლექციები,სადაც მსგავსი რამ უნდა ესწავლა, არ იყო საჭირო რომ ეს აღენიშნა, ისედაც ეტყობა)

შემდეგი ბრალდება იყო, თითქოს მე ავარიდე თავი დებატებს-ეს არის ტყუილი, რადგან თითქმის მთელი დღის კამათის შემდეგ მე ვერ მივიღე პასუხი ელემენტარულ კითხვაზე, არის თუ არა თბილისის “დინამოს” დონეზე ითამაშა ფეხბურთი, ქსენოფობიური სამტრედიის “ლოკომოტივის” მიმართ? არის თუ არა გამოთქმა ევროსტანდარტებს გაუთანაბრდა ქსენოფობიური არაევროპული სახელმწიფოების მიმართ? ცოტა ხანში კი Facebook-ზე დამბლოკა, საზოგადოებამ გადაწვიტოს ვინ გაურბის დებატებს ის, ვისაც ბლოკავენ თუ ის, ვინც დაბლოკეს?

ადამიანი,რომელიც მე მაკრიტიკებდა “ბირჟის” ინსტიტუტის დისკრედიტაციაში (თუნდაც დაბა ჩხოროწყუს ბირჟის ან ელიავას, რა მნივნელობა აქვს) თვითონ უწევს დისკრედიტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ამის ერთადერთი გასასამართლებელი არგუმენტი მისი პირადი დაკვირვებაა.

ბოლოს რაც გიორგი კიკონიშვილმა დამაბრალა ის იყო,რომ მე მიხაროდა ჩემს ბლოგზე ვიზიტორთა დიდი რაოდენობა,რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღინიშნება. მაპატიე ბატონო გიორგი რომ ვიჩენ ადამიანურ სისუსტეს და მიხარია 🙂

პოსტის ბოლოს კვლავ ვიმეორებ, ერთადერთი რის გამოც კიკონიშვილის სტატიას ყურადღება მივაქცია, იყო ის რომ გამოქვეყნდა ჟურნალ “ლიბერალის” საიტზე. “ლიბერალს” ვურჩევ გადაამოწმოს მასალები მანამ სანამ გამოაქვეყნებდეს.

სოციალური საწარმო და ჟურნალისტთა ყოველწლიური დაჯილდოება

სოციალური მეწარმეობა,ეს არის თემა,რომლის ირგვლივაც გაერთიანდა საქართველოში მომუშავე ოთხი ორგანიზაცია,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი,ბრიტანეთის საბჭო,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

სოციალური საწარმოს ზუსტი განმარტება არ არსებობს,თუმცა ყველაზე ხშირად დიდი ბრიტანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტის მიერ შემოღებულ დეფინიციას ხმარობენ:

სოციალური საწარმო არის ბიზნესი,რომლის უპირველესი მიზანიც სოციალური ხასიათისაა და რომელიც ახდენს მოგების რეინვესტირებას თემში ან ბიზნესში სოციალური მიზნების მისაღწევად. ბიზნესისგან განსხვავებით,მისი მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისა და მფლობელებისთვის.

სოციალური საწარმოების საქმიანობის წახალისებას ემსახურებოდა, 15 დეკემბერს თბილისის ივენთჰოლში,ოთხი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება “ერთად ვიზრუნოთ მომავალზე”

უკვე მეოთხე წელია,ღონისძიების ფარგლებში ტარდება იმ ჟურნალისტთა დაჯილდოვება,რომლებიც სოციალურ საკითხებს აშუქებენ. წელს გამოკვეთილი ლიდერი ჟურნალი “ლიბერალი” იყო,მისმა რამდენიმე თანამშრომელმე პირველი რანგის პრიზი,ათასი ლარი დაიმსახურა. მეორე ადგილი ერგო “ლიბერალის” კონკურენტ “ტაბულას” ჟურნალისტს. ამ ორი ჟურნალის დომინირება აშკარა იყო,თუმცა ჯილდოს გარეშე არც “ნეტგაზეთი” დარჩენილა.

გამოვლინდა საუკეთესო რადიო სიუჟეტიც. გამარჯვებულის დასახელებისას წამყვანმა დავით პაიჭაძემ აღნიშნა:”საქართველოში ორი რადიო სადგურია,”თავისუფლება” და დანარჩენები” ამ სიტყვების შემდეგ არავის გაკვირვებია რომ გამარჯვებულად რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი დაასახელეს.

საუკეთესო ტელე-რეპორტაჟის სტატუსი კი აჭარის რეგიონალურ სამაუწყებლოს “25 არხს”  ხვდა წილად.

სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი საუკეთესო ფილმისთვის დაიმსახურა “ჯიპას” კურსდამთავრებულმა ცირა გვასალიამ ნაშრომისთვის “რომ მოვკვდები მერე ვიტყვი.” როგორც მან განაცხადა,  აღნიშნული ფილმი მის სადიპლომო ნაშრომს წარმოადგენდა.

ღონისძიებიებამ სულ რამდენიმე საათი გასტანა და ჯაზ კონცერტით დასრულდა.