Posts Tagged ‘ხელოვნება’

თავდასხმა საკათედრო ტაძარზე

1950 წლის 9 აპრილს, 11 საათისთვის, დომენიკელი ბერივით გამოწყობილი ოთხი ახალგაზრდა პარიზის ღვთისმშობლის
ტაძარში შევიდა. მიდიოდა სააღდგომო მესა. ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათიათასამდე ადამიანს მოეყარა თავი. მესის ტრანსრილებას ნაციონალური ტელევიზია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენდა. ოცდაორი წლის პოეტი, მიშელ მური შესაფერის მომენტს დაელოდა, ამბიონზე ავიდა და ქადაგება დაიწყო, რომელიც მისი ერთერთი თანამზრახველის, სერჟ ბერნის მიერ იყო დაწერილი:

  • Aujourd’hui, jour de Pâques en l’Année sainte,
    Ici, dans l’insigne Basilique de Notre-Dame de Paris,
    J’accuse
    l’Église Catholique Universelle du détournement mortel de nos forces vives en faveur d’un ciel vide ;
    J’accuse
    l’Église Catholique d’escroquerie ;
    J’accuse
    l’Église Catholique d’infecter le monde de sa morale mortuaire,
    d’être le chancre de l’Occident décomposé.
    En vérité je vous le dis : Dieu est mort.
    Nous vomissons la fadeur agonisante de vos prières,
    car vos prières ont grassement fumé les champs de bataille de notre Europe.
    Allez dans le désert tragique et exaltant d’une terre où Dieu est mort
    et brassez à nouveau cette terre de vos mains nues,
    de vos mains d’orgueil,
    de vos mains sans prière.
    Aujourd’hui, jour de Pâques en l’Année sainte,
    Ici, dans l’insigne Basilique de Notre-Dame de France,
    nous clamons la mort du Christ-Dieu pour qu’enfin vive l’Homme.

როდესაც სცენაზე კვდები

 

 

გაიხსენეთ რამდენჯერ გიტირიათ ფილმების ნახვისას, როდესაც მთავარი გმირი კვდება. ბავშვობაში ყველას გულამოფსკვნილს დაგვიტირია მეფე ლომი და უმწეობისგან მუშტის ოდენა ცრემლები გვიყლაპია, როცა ბემბის დედა მონადირემ მოკლა. აქ კი წარმოგიდგენთ სცენაზე სიკვდილის 5 საუკეთესო მომენტს, მიუხედავად ტრაგედიისა და დამძიმებული გულისა წარმოდგენის ნახვა ისევ და ისევ გინდა. ნუმერაციას მნიშვნელობა არა აქვს.

1)ტომარაში გახვეული ჯილდას ცხედარი-„რიგოლეტო“
საშინელების მომასწავლებელი ქარიშხალი ჩადგება, ჯილდას მამა ბედნიერია, რადგან შური იძია ქალიშვილის ნამუსის შეგინებისთვის. თუმცა მოძალადეზე შეყვარებული ჯილდა თავად ხდება ჯალათის მსხვერპლი. ცხედრის მდინარეში გადაგდებამდე რიგოლეტო ტომარას თავს ხსნის და იქ ქალიშვილის უსიცოცხლო სხეულოს ხედავს.

2) შემთხვევით დამწვარი შვილი და მოკლული ძმა-„ტრუბადური“

გრაფზე შურისძიების წყურვილით დაბრმავებული ბოშა ქალი, კოცონზე გრაფის ჩვილის მაგივრად თავისას დაწვავს. დიდგვაროვანის შვილს თავისად გაასაღებს, გრაფის მემკვიდრეობას კი გრაფის სხვა ძე იღებს. წლების შემდეგ ძმა გვევლინება ძმის მკვლელად, რადგან ის უბრალო ბოშა ჰგონია. დედობილმა ბოშა ქალმა შური იძია, დიდგვაროვანის ვაჟი მისივე ძმამ კოცონზა დაწვა, თუმცა ტრაგედიის შემყურეს გული უსკდება. აქაც დაუნდობელია ჯუზეპე ვერდი.

3)სატრფოსთან ერთად სიკვდილი-„აიდა“
სასოწარკვეთილი „დამნაშავე“ ქურუმთა არაჰუმანურობას წყევლის, განაჩენი გადასინჯვას არ ექვემდებარება, ის უნდა მოკლან. სიკვდილის წინ რადამისი სატრფოზე ოცნებობს. რადამისთან მივიდა აიდა, რომელმაც გადაწყვიტა, მიჯნურთან ერთად დაიღუპოს. ქვესკნელის ღმერთებს რადამისი სულიერ სიმშვიდეს შესთხოვს.

4)დარღვეული ცელიბატის აღთქმა-„ნორმა“
ვენჩინო ბელინის ტრაგედიები ვერდისას არაფრით ჩამოუვარდება. ნორმა, რომელმაც აღთქმა დაარღვია მამას ემშვიდობება და სალოცავის შერყვნისთვის მიჯნურ პოლიონესთან ერთად აბრძანდება კოცონზე.

5) ბერძნული ტრაგიზმი-„ფედრას სიყვარული“
მეოცე საუკუნეში მოღვაწე დრამატურგმა სარა კეინმა ბერძნული მითოლოგიის გმირის, ფედრას ისტორიის თავისებური ინტერპრეტაცია მოგვცა. ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე… მთელი ბრძნული მითოლოგია სიკვდილი და ტრაგედიაა. „ფედრას სიყვარულშიც“ ერთ-ერთი საზარელი და ლამაზი სიკვდილია გადმოცემული.

არაფერი გესმით, არაფერს ამბობთ, არაფერს აკეთებთ?

აკეთებთ რამეს თუ ისევ თავზე ქვაბი გახურავთ, ხელები ჩანგლის ფორმისა გაქვთ, ფეხები ღრმა თეფშებში გაქვთ ჩაწყობილნი და ღამის ქოთანზე სხედხართ? ეიძლება მე ვცდები და აღარ ხართ ღორმუცელა კონფორმისტები, იქნებ არასწორად მახსოვს და თქვენს 90იანი წლების შემოქმედებაში ”ძაღლებს” არ აგინებდით დღეს კი პატრულს უმღერით, შეიძლება მეხსიერება მღალატობს და გაუხედნავი თეთრი რაში ჩვენმა ვაჟკაცმა გახედნა, ვაი თუ ბავშვობის წლები ცუდად მახსენდება, ნუთუ ”გიხაროდენ” არ გიმღერიათ და შემდგომ არ მდგარხართ ნოემბრის ყინვასა და ქარში?

აკეთებთ რამეს?

იქნებ მე მავიწყდება და 9 აპრილს ვერ მოიცალეთ, სამაგიეროდ თავზესაყრელი დრო გქონდათ ახლა და მშვენიერი ლექსები მიუძღვენით ყველაზე დიდ ავტორიტეტს ბატონო ჯანსუღ, ბატონო რევაზ? ნუთუ მართლა ვცდები და კონფორმიზმი დანაშაული არ არის და უბრალოდ თქვენში გაიღვიძა 70იანწლიანმა სწავლებამ იმის შესახებ რომ ბელადებს ლექსები უნდა მიუძღვნათ?

აკეთებთ რამეს?

ალბათ მერაბ მამარდაშვილის სიტყვები მე გავიგე არასწორად და სამშობლო, უფრო სწორად სახელმწიფო ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას? შეიძლება ჩემი მშობლები მართლაც რუსეთის აგენტები და საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მომხრენი არიან, რადგან მეგრულად საუბრობენ? რას გვეტყვით პროფესორო ფუტკარაძე? რას გვეტყვის მამაო?

აკეთებთ რამეს?

სანამ ამ კითხვას გასცემდეთ პასუხს პატარა ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ

ურათზე თქვენი შუა საუკუნეების კოლეგის, ხელოვანისა და საზოგადო მოღვაწის, ღრმადმორწმუნე ბოსხის ნამუშევარია,რომელზეც ცოდვათა მთელი კატალოგია მოცემული,მერე რა რომ მისი სახლის წინ ინკვიზიციის ცეცხლი გიზგიზებდა? ჭეშმარიტება მისთვის ყველაფერზე მაღლა იდგა.

მედროვეები, ეგოისტი ადამიანები, ინკვიზიტორები ეჯავრებოდა ისინი და მათ წინააღმდეგ ბნელ შუა საუკუნეებში იბრძოდა. საშინლად ვერ იტანდა უღირს სასულიერო პირებს, სურათზე გამოსახული გრძელ ნისკარტა ფრინველები მოძღვრებს განასახიერებენ, რომლებიც საკენკს უყრიდნენ მრევლს.

თქვენ აკეთებთ რამეს?

ნეტავ კიდე რამდენი უკანალი უნდა ალოკოთ?

შევჩუკი და ბუღაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიის კურსს, სამხატვრო აკადემიის რექტორი, გია ბუღაძე გვიკითხავს, სწორედ მის ლექციაზე შედგა ჩვენს შორის ეს დიალოგი:

“-ვაღიარებ, მე შევხვედრილვარ  ბენედიქტ XVI-ს და მანამდე ივანე პავლე  II-ს”

“-აღიარებთ? რა დანაშაულია?”

“-დანაშაული არ არის,მაგრამ ბევრს არ სიამოვნებს ეს,ამიტომ არ ვამბობ”

არ ვიცი ახლა რას ასწავლიან,მაგრამ ჩემს დროს პირველი კლასის “დედა ენის” წიგნში ერთი საინტერესო ლექსი ეწერა, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, შემდეგნაირად ჟღერდა:

ონკანიდან წყალი მოდის
ატალახდა ჩვენი ეზო,
სუყველაფერს ხედავს კესო
სუყველაფერს ხედავს რეზო.

ორივენი ღია ონკანს
აუვლიან, ჩაუვლიან,
ხომ არაფერს აშავებენ,
მაინც დანაშაულია.

კარგი იქნებოდა ამ პატარა ლექსის მორალი ქართველ ხელოვანებს კარგად გაეთავისებინათ. ნეტა გამოჩნდება ვინმე, ვინც ღიად იტყვის, ქართველი ერი ცხვრებს დაგვამსგავსეს, იტყვის ვინმე რომ ბელადებს არ უნდა ვაღმერთებდეთ,რა მნიშვნელობა აქვს ის ჩვენი იქნება თუ სხვისი, წვერი ექნება მოშვებული თუ გაპარსული?

თქვენ უნდა თქვათ ის, რასაც არ ამბობენ “კა-გე-ბეს” გამოზრდილი ღიპიანი პოლიტიკოსები თუ ღიპზე ჯვარდასვენებული ყოფილი “კა-გე-ბე-შნიკები.”

როდესაც ქართველ ახალგაზრდებში ყველა პოპულარული ის ჯგუფია,რომელიც პოლიციას უმღერის, თქვენ უნდა გამოხვიდეთ და ჯონ ლენონის მსგავსად სიყვარულით თქვათ:

ჩვენ გვიყვარს !
ჩვენ გვიყვარს კათოლიკეები!
ჩვენ გვიყვარს  ბაფტისტები!
ჩვენ გვიყვარს რუსის ვანიებიც!
ჩვენ არ დავჭრით ბელადის მხილებისთვის!

გააკეთეთ ის,რასაც შევჩუკი აკეთებს რუსეთში.

 

ჩვენ ვაუპატიურებთ ანგელოზებს

ცხოვრება გაცილებით რთულია ვიდრე ნებისმიერი ლამაზი და აღიარებული ფილოსოფიური დოქტრინა, ასე რომ ყველანი ეგზისტენციალისტებიც, იდეალისტებიც, გეები და ლესბებიც, პრეზიდენტებიცა და რომის პაპებიც, სელაპებიცა და დურგლებიც და აგრეთვე დანარჩენი უბრალო მოკვდავნიც ნერვების, ცხოველური ინსტინქტებისა და ამათ ზემოდან შოკოლადივით მოსხმული ინტელექტის ბასტარდი (სხვადასხვა სახეობის ან გვარის ორგანიზმების შეჯვარების შედეგად მიღებული შთამომავალი) გახლავართ, რომელთაც დაბადებიდანვე გვახვევენ საზოგადოებრივი მორალის ქურქში და გვაკომპლექსებენ რომ თუ ამ საცვალს გავიხდით შიშვლები დავრჩებით, ყველა ჩვენზე მოიშვერს თითს და დაგვცინებს. ალბათ ბევრს დასიზმრებია ასეთი სიზმარი. ამიტომაც ვიგონებთ ათასნაირ თეორიას თუ რატომ უნდა გვეცვას საცვალი, თუნდაც ის საკმაოდ ბინძური იყოს და შესამჩნევადაც ყარდეს.

არის შემთხვევები როდესაც ადამიანს მოუნდება გაიხადოს და გაშიშვლდეს საზოგადოების წინაშე,მისი ეს ნაბიჯი თუ სწორად აღიქვეს მას გენიოსად შერაცხავენ ან კიდევ გიჟად,გარყვნილად.

სწორედ ასეთი გაორებაა საზოგადოებაში ბალთუსის მიმართ.მის შემოქმედებას ბევრი პორნოგრაფიულს და პედოფილიურს უწოდებს, თავის დროზე, “ზნეობრივმა” პარიზულმა ელიტამ სწორედ ამორალურობისთვის გარიყა ბალთუსი. ჩემი აზრით კი ამორალური თვით ეს პარიზული ელიტა იყო, ადვილად დავრწმუნდებით ამაში თუ ბალთუსის ნახატებს,მის გოგოებს კარგად დავაკვირდებით.

დაუცველი და განწირული სილამაზე ეს არის ბალთუსის შემოქმედების არსი. აქ ლაპარაკია სილამაზის შეგრძნებისა და სექსუალური ლტოლვის დიქოტომიაზე. გოგოებს ის, რა თქმა აუნდა განზრახ ხატავს ეროტიკულად თუმცა, მხოლოდ იმისთვის რომ მან პარადოქსული ეფექტი მოახდინოს, რადგან იგი ამავე დროს ხაზს უსვამს მათ უმანკოებას. პარადოქსს ქმნის ის რომ გარყვნილება კი არ გამოედინება სურათიდან არამედ შეედინება სურათში. გოგოები თვითონ რომ ვერ აღიქვამენ, ვერ გრძნობენ თავიანთ ეროტიკულობას, ისინი აბსოლუტურად უმანკონი და გულუბრყვილონი არიან როგორც ასეთი (და ის რაც ეროტიკულად აღიქმება მხოლოდ და მხოლოდ მათი სხეულია) და მათი სილამაზე და იდეალურობა მათი მარტოობის და სევდის მიზეზია. მაგრამ ბალთუსი განზრახ აშიშვლებს თავის გოგოებს (რომლებიც მას იდეალურ არსებებად მიაჩნია და უყვარს ყოველგვარი ეროტიული ქვეტექსტის გარეშე) ავხორცი მზერის წინაშე. ეროტიული და პორნოგრაფიული კი სწორედ მათი მაყურებელის მზერაა და ეს არის მიზეზი მისი სურათების სევდიანი პათოსისა რადგან აქ იგრძნობა ამ გოგოების ტრაგედია, რადგანაც ის ეროტიულად დამუხტული მზერა მუდმივი წყევლისავით დაუწყებს დევნას ამ ანგელოზებს (როგორც მათ თვითონ ბალთუსი უწოდებს) და მის წინაშე ეს გოგონები ისეთივე დაუცველები იქნებიან როგორც ამ სურათებში – მნახველების მზერის წინაშე. სხვისი ავხორცი სურვილები მათ გარყვნის და მსხვერპლად შეიწირავს მათ ანგელოზურ არსს, ხოლო მათში როგორც ანგელოზებში ჩადებულ ზეციურ არქეტიპს არ შეუძლია შეეგუოს მათ ახალ სტატუსს ამიტომაც ისინი განწირულები არიან. ამიტომ ბალთუსის სურათები არამარტო სილამაზის გადმოცემის მცდელობაა, არამედ თანამედროვეობის კრიტიკაც, რადგან იმ საზოგადოებაში სადაც ეს სურათები პორნოგრაფიად აღიქმება თვითონ საზოგადოებაა გარყვნილი.

1908 წელს დაბადებული Balthazar Klossowski de Rola 2001 წელს გარდაიცვალა

იდეოლოგიზირებული მუსიკა

ყოველი მუსიკალური მიმდინარეობა, რომელსაც ასეთად ყოფნაზე აქვს პრეტენზია, გარკვეულწილად ქადაგებს რაღაც იდეოლოგიას, ამკვიდრებს კონკრეტულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება კონკრეტულ სხვებს.

მუსიკა ყოველთვის იყო მასებზე ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალება,ნაცისტურ გერმანიაში შოუ-ბიზნესი “განათლებისა და პროპაგანდის” სამინისტროს ებარა,მსგავსი უწყება არ არსებობდა საბჭოთა კავშირში თუმცა შეუძლებელი იყო ცენზორის ყოვლისმხედველ თვალს რეჟიმის საწინააღმდეგო გაპარვოდა.

განსხვავებული ვითარებაა ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. ასე მაგალითად: 70-იანი წლების ბრიტანული როკი სიყვარულსა და თავისუფლებას ადიდებდა,ამერიკის აფრიკული ძირების მქონე რეპი, აშშ-ში სოციალურ უთანასწორობას და შავკანიანთა ჩაგვრას უსვამდა ხაზს. ორივე ქვეყნის რეპერტუარში პაციფიზმსა და სიყვარულს განსაკუთრებული ადგილი ეკავა,განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან.

თუ სსრკ-ში “нерушимый союз”-ს უმღეროდენ,დესავლეთში წარმოშობით ინგლისელი პოლ მაკარტნი ბრიტანულ ოკუპაციას აპროტესტებდა ჩრდილოეთ ირლანდიაში,როდესაც საბჭოთა კავშირში ბელადებზე სიმღერებს თხზავდნენ,შეერთებულ შტატებში ამერიკელი მომღერლები ვიეტნამის სამხედრო კამპანიას მუსიკით ებრძოდნენ. რომელმა მიდგომამ გაამართლა დღეს ყველასთვის ნათელია.

სამწუხაროდ საბჭოთა ტრადიციებს ერთგულად აგრძელებენ ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები,უფრო სწორად ვარსკვლავის მოვალეობის შემსრულებელნი. აქ მთავარი თემებია ქალი და სამშობლო(ე.წ. ქურდულებზე, რომლებიც მხოლოდ თბილისურ-ქუთაისური ქუჩური ცხოვრების მორალზეა აგებული და  “კაი ბიჭების” იდეოლოგიას წარმოადგენს აღარაფერს ვამბობ)

ქართულ სიმღერებში ქალი,ლტოლვის ობიექტის განხილვას წარმოადგენს და არა სიყვარულის საგანს,სამშობლო კი მეტაფიზიკურ საგანს,რომლის დასაცავადაც “ხმალი უნდა ავლესოთ” და “მეზობლებს ქართული გაკვეთილი ჩავუტაროთ.”  საბჭოთა კავშირის მსგავსად საქართველოში მილიტარისტული სულისკვეთება უპირისპირდება დასავლეთში არსებულ პაციფისტურს.

ჩემი აზრით,ეს ისაა რასაც მუსიკა არ უნდა ქადაგებდეს,სამხედრო საქმე თავდაცვის სამინისტროს დავავალოთ,მუსიკა კი სიყვარულის სამსახურში ჩავაყენოთ,თუნდაც იმ ჯარისკაცის გამო,რომელიც ბაზიდან დაღლილი ბრუნდება და რამე “სასიყვარულოს” მოსმენას მოინდომებს.